Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ისევ მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსული დრონებით შეტევას


უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული დრონი ოხტირსკის რაიონში მოხვდა მრავალბინიან სახლს. 2025 წლის 8 დეკემბერი
უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული დრონი ოხტირსკის რაიონში მოხვდა მრავალბინიან სახლს. 2025 წლის 8 დეკემბერი

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინას ისევ უტევდნენ უპილოტო საფრენი აპარატებით. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 8 დეკემბერს, დილიდან გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კრივოი-როგის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანებულია კერძო სახლი, აგრარული საწარმო და გაზსადენი. ამავე ოლქის პავლოგრადის რაიონში დაიჭრა 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბიჭი. მძიმეა ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა. ნიკოპოლის რაიონში დაშავებულია 13 წლის გოგო, დაზიანებულია ორი 5-სართულიანი სახლი და ხელოვნების სკოლის შენობა. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, შეტევა იყო ქალაქ დნეპრზეც, სადაც ხანძარმა მოიცვა ადმინისტრაციული შენობა, დაზიანებულია სამი მრავალბინიანი სახლი.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ოხტირკაში, სადაც დრონი მრავალბინიან სახლს მოხვდა და ხანძარი და რამდენიმე ბინის ნგრევა გამოიწვია.

სუმის ოლქის სხვადასხვა რაიონში დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი.

სუმის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 8 დეკემბერს გაავრცელა რუსული დრონით დარტყმის შედეგად ოხტირკაში განადგურებული ბინების ფოტო
სუმის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 8 დეკემბერს გაავრცელა რუსული დრონით დარტყმის შედეგად ოხტირკაში განადგურებული ბინების ფოტო

ქალაქ ჩერნიგოვში დრონი აფეთქდა ერთ-ერთ მრავალბინიან სახლთან. ამის შესახებ ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისი ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი. ხანძარი გაუჩნდა გაზსადენს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული დრონებით დარტყმის შედეგად კიევის ოლქის ქალაქ ფასტოვში ხანძარი გაუჩნდა ორ შენობას. აფეთქების ტალღამ დააზიანა კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობა.

უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მორიგი შეტევის გამო უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში წუხელ გამოცხადდა და დილამდე გაგრძელდა. განგაშის დროს მოქალაქეებმა თავი უსაფრთხო ადგილებს უნდა შეაფარონ.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 8 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 149 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 131 დრონის მოგერიება და 16-ით პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე.

უკრაინისგან განსხვავებით მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 67 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი, 24 - ბრიანსკის ოლქში.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.





ფორუმი

XS
SM
MD
LG