მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა დანით მოკლა მოსწავლე და დაჭრა დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.
ფაქტი დღეს, 16 დეკემბერს დილით მოხდა მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოსთან მდებარე დაბა გორკი-2-ის სკოლაში. 15 წლის ბიჭი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, დაკავებულია.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ მოსკოვის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლის მოსწავლემ დანით დაჭრა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, შემდეგ მინი-ბალონიდან გაზი გააფრქვია და ამის შემდეგ დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 10 წლის ბიჭს.
სკოლაში და მის გარშემო მობილიზებული იყვნენ საპოლიციო ძალები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სკოლის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ოპერატიული სამსახურებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ „თავდამსხმელი დესტრუქციული ახალგაზრდული დინების მიმდევარი იყო“. კონკრეტულად რომელი „დინება" აქვთ მხედველობაში, გაურკვეველია.
რუსეთის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა RT-მ გაავრცელა 15 წლის მოზარდის მიერ თავდასხმამდე სკოლაში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მოსწავლეების ჯგუფს და პედაგოგ ქალს ეკითხება, რომელი ეროვნების არიან, ამბობს, რომ ერთ-ერთ კლასს ეძებს და კითხულობს, არის თუ არა დღეს სკოლაში „ასეთი მუქი“ მასწავლებელი ქალი, რომლის სახელიც არ ახსოვს.
ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხის ცნობით, 15 წლის ბიჭმა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე თანაკლასელებს დაურიგა მანიფესტი „ჩემი რისხვა“, რომელშიც საუბარია საზოგადოებისადმი სიძულვილზე, ნაცისტურ იდეებზე და რელიგიურ შეუწყნარებლობაზე.
ფორუმი