ამის შესახებ წერს გამოცემა The New York Times-ი ამ დოკუმენტების მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, აშშ-ევროპის სამშვიდობო გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამომავლო აგრესიის აღკვეთას და ითვალისწინებს უკრაინის არმიის გაძლიერებას, ქვეყნის შიგნით ევროპის ძალების განთავსებას და ამერიკული დაზვერვის მონაცემების უფრო ფართოდ გამოყენებას. გამოცემა ადასტურებს მანამდე გავრცელებულ ცნობებს, რომ ეს გარანტიები ახლოსაა ვალდებულებებთან, რომლებსაც ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი - თუმცა მათი პირობაა, უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა.
უსაფრთხოების დოკუმენტები წარმოადგენს საფუძველს უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმებისა თითქმის ოთხწლიანი ომის დასასრულებლად. ამავე დროს, დოკუმენტები მიზნად ისახავს უკრაინის დაყოლიებას ტერიტორიის დათმობასა და ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებაზე უარის თქმაზე, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
გამოცემის თანახმად, პირველი დოკუმენტი განსაზღვრავს ზოგად პრინციპებს. ისინი ითვალისწინებს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს - როცა ყველა წევრი ქვეყანა დახმარების პირობას დებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფოს თავს დაესხმებიან.
შეთანხმების მეორე ნაწილი უფრო დეტალურია - წერს NYT-ი. ეს ნაწილი ხსნის, როგორ იმუშავებენ ამერიკის და ევროპის ძალები უკრაინის არმიასთან საიმისოდ, რომ მომავალ წლებში აღკვეთილი იყოს რუსეთის მხრიდან კიდევ სხვა აგრესია უკრაინის ტერიტორიების მოსაპოვებლად.
გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ მოცემულ მომენტში ცეცხლის შეწყვეტის ფართო შეთანხმება მიუღწეველი ჩანს, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა რუსეთი. ომის დასრულებისთვის ნებისმიერი შეთანხმებისთვის საჭირო იქნება მნიშვნელოვანი დათმობები ან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ თუკი ზელენსკის აშფოთებს ამერიკის წინადადებები, განსაკუთრებით ტერიტორიულ დათმობებზე, პუტინს საერთოდ არანაირი კომპრომისის სურვილი არ გამოუვლენია თავის მოთხოვნებში.
ფორუმი