Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ათიათასობით ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა


პოლიციელები ბერლინის სამხრეთ-დასავლეთის ელექტროგამანაწილებელ სადგურთან, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. 3 იანვარი, 2026 წელი
პოლიციელები ბერლინის სამხრეთ-დასავლეთის ელექტროგამანაწილებელ სადგურთან, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. 3 იანვარი, 2026 წელი

ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში ელექტროხაზების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქალაქის მთავრობამ რამდენიმე საგანგებო თავშესაფარი შექმნა.

მოქალაქეები, რომელთა გათბობა ელექტროენერგიასთან არის დაკავშირებული, იქ თავშესაფარი პოვნას შეძლებენ. ამასობაში, 14 ათასი ოჯახი ხელახლა დაუკავშირდა ელექტროქსელს, თუმცა ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა.

3 იანვრის დილით, ადრე ტელტოვის არხზე ლიხტერფელდეს ელექტროსადგურისკენ მიმავალ საკაბელო ხიდზე გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვანი ელექტროგაყვანილობა დააზიანა.

ამას მოჰყვა ელექტრომომარაგების შეწყვეტა. მას შემდეგ ნიკოლასზეეს, ცელენდორფის, ვანზეეს და ლიხტერფელდეს რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად შეჩერდა. თავდაპირველად, 45 ათას ოჯახსა და 2 200-ზე მეტ ობიექტს არ ჰქონდა დენი. ამასობაში, ქსელის ოპერატორის ცნობით, 7000 ოჯახსა და 150 კომერციულ მომხმარებელს აღუდგა ელექტრომომარაგება. 4 იანვარს კიდევ 3000 ოჯახისთვის დენის მიწოდების აღდგენა იყო დაგეგმილი.

ოპერატორ Stromnetz Berlin-ის ცნობით, ელექტროქსელის დაზიანება იმდენად სერიოზულია, ხოლო შეკეთება იმდენად რთულია, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით დიდხანს გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის ყველა აბონენტი ხუთშაბათის შუადღემდე ვერ იქნება დენით უზრუნველყოფილი.

Stromnetz Berlin-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად სამუშაოები ორ ადგილას მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ტელტოვის არხზე საკაბელო ხიდის შეკეთება ხდება, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებული ოჯახებისთვის დროებითი ელექტროენერგიის მიწოდების ორგანიზება მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ შაბათს, 3 იანვარს ბერლინის ეკონომიკის და ენერგეტიკის სენატორის, ფრანცისკა გიფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, განზრახ არის დაზიანებული, სხვა შემთხვევაში ძალიან სქელი, მაღალი ძაბვის კაბელების მწყობრიდან ასე გამოყვანა ძალიან რთული იქნებოდა.

ბერლინის მერმა კაი ვეგნერმა ქალაქის სამხრეთში ელექტროინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ტერორიზმად შეაფასა.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა პოლიტიკოსმა ბერლინ- ბრანდენბურგის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებელს - RBB-ს განუცხადა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ცეცხლის წაკიდება ან დივერსია. ეს იყო ტერორიზმი. მემარცხენე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით ადამიანების სიცოცხლესაც შეუქმნა საფრთხე.
ვეგნერის თქმით, საქმეში ჩართულია პოლიცია, სახელმწიფო კრიმინალური

პოლიციის ოფისი და კონსტიტუციის დაცვის ოფისი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს „ვულკანის ჯგუფს“ (Vulkangruppe) უწოდებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG