ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის სოციალურ ქსელ X-ით ეხმიანება ირანში მიმდინარე მოვლენებს.
„ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, თქვენი სიმამაცე და თქვენი ჩაგვრის დასრულების სურვილი შენიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: „კვლავ გავხადოთ ირანი დიდებული“, ეს იმას ნიშნავს, რომ ირანში პროტესტის მონაწილეებმა უნდა დაამარცხონ აიათოლა. დღეს ეს არის ყველაზე ნათელი სიგნალი იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლასა და მისი თანამზრახველების ხელმძღვანელობით. დახმარება გზაშია. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც თავს სწირავს ირანში. დახმარება გზაშია”, - წერს ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში.
ირანში მე-15 დღეა გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები. უსაფრთხოების ძალები მზარდ ძალადობას მიმართავენ დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახური “რადიო ფარდა” იუწყება, 11 იანვრის დილით თეირანის ქუჩებში კვლავ ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ათობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციების, დაპატიმრებებისა და ძალადობის შესახებ იუწყებოდნენ. ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა.
თბილისში, ირანის საელჩოსთან რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ირანში მიმდინარე აქციების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
ამ შეკრებით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც ორი კვირაა ირანის არაერთ ქალაქსა და პროვინციაში, ქუჩაში ითხოვენ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
- ირანში საპროტესტო გამოსვლების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ შტატები ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და არ გამორიცხავს პროცესში ჩარევასაც.
- თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
- დაღუპული და დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობა დაუზუსტებელია - რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა 9 იანვრისთვის დაადასტურა 25 დემონსტრანტის სიკვდილი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია.
- დაკავებულია სავარაუდოდ 2 000-ზე მეტი ადამიანი - დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ 40-ს აჭარბებს.
ფორუმი