ფრენები ახლო აღმოსავლეთში კვლავ ფართომასშტაბიანი შეფერხებებით სრულდება
რეგიონული დაძაბულობის ზრდისა და ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) გაფრთხილების ფონზე - თავი აარიდონ ირანის საჰაერო სივრცეს - ბევრმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ ახლო აღმოსავლეთში ფრენების განრიგი შეცვალა ან გააუქმა.
Aerospace Global News-მა 26 იანვარს დაწერა, რომ ამ დროისთვის ცვლილებებმა გავლენა მოახდინა ისრაელის, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქალაქების, იორდანიის, აგრეთვე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ნაწილის მიმართულებებზე.
ანგარიშის თანახმად, United Airlines-მა და Air Canada-მ შეაჩერეს ფრენები თელ-ავივის მიმართულებით. ინდურმა ავიაკომპანია IndiGo-მ ასევე შეაჩერა ფრენები ალმატის, ბაქოს, ტაშკენტისა და თბილისის მიმართულებით. Lufthansa Group-მა მარტის ბოლომდე გააუქმა ფრენები თეირანში, ხოლო თელ-ავივისა და ამანის რეისები მხოლოდ დღის საათებით შეზღუდა, რათა ეკიპაჟებს ღამის გათევა არ მოუწიოთ.
Flydubai-მ გააუქმა ფრენები თეირანის, მაშჰადისა და შირაზის მიმართულებით, თუმცა სხვა მარშრუტებს შეცვლილი ტრაექტორიით აგრძელებს. Air France-მა, KLM-მა და British Airways-მა, მოკლევადიანი შეჩერების შემდეგ, ნაწილობრივ განაახლეს ოპერირება.
რეგიონული გიგანტები, მათ შორის Emirates და Qatar Airways, აგრძელებენ მუშაობას მარშრუტების შეცვლისა და ფრენის დროის გაზრდის ხარჯზე. გარდა ამისა, ისრაელის El Al-მა მგზავრების შეშფოთების შესამსუბუქებლად გაუქმების მოქნილი პოლიტიკა შემოიღო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპარსულენოვანი ანგარიშის პოსტი:
„ცოტა ხნის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არაყჩიმ, სოციალურ ქსელში მშვიდობიან პროტესტს "ტერორისტული ოპერაციების" იარლიყი მიაწება. დიდი თავხედობაა საჭირო იმისთვის, რომ მშვიდობისმოყვარე ირანელებს ტერორიზმში დასდო ბრალი მაშინ, როდესაც თავად ისლამური რესპუბლიკა იყენებს ძალადობასა და დაშინებას საკუთარი ხალხის დასათრგუნად და, ამავდროულად, მხარს უჭერს ნამდვილ ტერორისტებს საზღვარგარეთ“.
დაჭრილმა ახალგაზრდა კაცმა სამი დღე ცხედრებთან გაატარა
აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების დოკუმენტაციის ცენტრი“ ჰყვება ამბავს ოჯახზე, რომელიც შვილს სამი დღის განმავლობაში ეძებდა.
სამი დღის დაკარგული შვილის მოსაძებნად მშობლები კაჰრიზაკში რომ ჩავიდნენ, მათაც ცხედრების თვალიერება მოუხდათ. მოულოდნელად, ერთ-ერთ პარკში შვილი დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბიჭს ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მძიმედ დაშავებული სამი დღე გაუნძრევლად იწვა იმის შიშით, რომ სამხედროები შეამჩნევდნენ და საკონტროლო ტყვიას დაახლიდნენ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის თავისი ტერიტორიების გამოყენებას არ დაუშვებს
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს საკუთარი საჰაერო სივრცის, მიწის ან წყლების გამოყენებას ირანის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სამხედრო მოქმედებისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 იანვრის განცხადება მოჰყვა ახლო აღმოსავლეთში „ყოველ შემთხვევისთვის“ „მასშტაბური ფლოტის“ გაგზავნაზე ვაშინგტონის განცხადებას, რაც ირანში რამდენიმეკვირიან პროტესტსა და დემონსტრანტებზე ძალადობას უკავშირდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ურჩევნია არაფერი მოხდეს“, თუმცა სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაც ღიად დატოვა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთგულებას, არ დაუშვას საკუთარი საჰაერო სივრცის, ტერიტორიის ან წყლების გამოყენება ირანის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ მტრულ სამხედრო მოქმედებაში და არ გაწიოს რაიმე სახის ლოგისტიკური მხარდაჭერა ამ მიმართულებით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„სამინისტრომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საამიროების რწმენა, რომ დიალოგი, დეესკალაცია, საერთაშორისო სამართლის დაცვა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა წარმოადგენს არსებული კრიზისების მოგვარების ყველაზე ეფექტურ საფუძველს. ამასთან, უწყებამ ხაზი გაუსვა საამიროების მიდგომას, დავა დიპლომატიური გზით გადაიჭრას".
ფორუმი