Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

21:52 1.2.2026

ხამენეი: ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ იანვრის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები „გადატრიალებას“ შეადარა და გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარების თავმოყრის შემდეგ ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს.

ირანის ხელისუფლების სასტიკ რეაგირებას საპროტესტო გამოსვლების მიმართ მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მუქარა, რომ ირანს შეუტევს, რისთვისაც რეგიონში ავიამზიდების ჯგუფი გაგზავნა.

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და ირანელებს უთხრა, რომ „არ უნდა შეეშინდეთ“ ტრამპის სიტყვებისა.

21:50 1.2.2026

ირანელი სპორტსმენების ნაწილი ეროვნულ ნაკრებებს ტოვებს

ირანში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ირანელი სპორტსმენების ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი ტოვებენ ეროვნულ ნაკრებებს.

ირანელი კალათბურთელი, ბეჰნამ იახჩალი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დროებით ტოვებს ირანის ეროვნულ ნაკრებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის „ხალხისადმი თანაგრძნობას“ ასახელებს.


იახჩალი წერს, რომ „ამ დღეებში ხალხის გულები უბედურია“ და აღნიშნავს, რომ ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნდება იმ დრომდე, სანამ „გული არ დამშვიდდება“.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ერთ დღეს კვლავ შეძლებს „ირანისთვის, მშვიდი გულით ერთად დგომას“.

31 იანვარს, ქალთა საფეხბურთო კლუბის „გოლგოჰარ სირჯანის“ მოთამაშემ ზაჰრა ალიზადემ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს ტოვებს ირანელი ხალხის მხარდასაჭერად.


21:46 1.2.2026

ირანის პარლამენტის წევრებმა ევროპის ქვეყნების არმიები „ტერორისტულად“ გამოაცხადეს

ევროკავშირის მიერ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საპასუხოდ, ირანელი პარლამენტარები სხდომაზე IRGC-ის ფორმებით გამოცხადდნენ და საპროტესტო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა, ასევე განაცხადა 1 თებერვალს, რომ თეირანი ევროპული ქვეყნების არმიებს „ტერორისტულ ჯგუფებად“ მიიჩნევს.

ყალიბაფმა აღნიშნა: „იმ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, რომელიც ეხება საპასუხო ზომებს IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების წინააღმდეგ, ევროპული ქვეყნების არმიები მიჩნეულია ტერორისტულ ჯგუფებად და ამ ქმედების შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკავშირს“.

17:45 31.1.2026

ფეზეშქიანი მომიტინგეებს კვლავ უცხოურ ძალებთან კავშირში ადანაშაულებს

პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, რომელიც მომიტინგეებს მანამდეც „ამბოხებულებსა“ და „ტერორისტებს“ უწოდებდა, 31 იანვარს წარმოთქმულ სიტყვაში ისინი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უცხოურ ძალებთან კავშირში.

ბუნდოვან განცხადებებში მან აღნიშნა, რომ „ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვუსმინოთ მომიტინგეებს“, თუმცა ამავდროულად ისინი ტრამპთან, ნეთანიაჰუსთან და ევროპელებთან „გარიგებაში“ დაადანაშაულა.

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი: „ტრამპი, ნეთანიაჰუ და ევროპელები პროვოკაციასა და განხეთქილების შეტანას ცდილობდნენ; მათ ერთმანეთი აღჭურვეს და ამ მოძრაობაში რამდენიმე უდანაშაულო ადამიანიც ჩაითრიეს. ისინი ქუჩაში გამოიყვანეს ირანის დასაშლელად, დაპირისპირებისა და სიძულვილის გასაღვივებლად და განხეთქილების დასათესად“.

ფეზეშქიანმა განაგრძო: „ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვუსმინოთ მომიტინგეებს და გადავჭრათ მათი პრობლემები, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს საკითხი მხოლოდ სოციალური პროტესტი არ იყო - მათ ისარგებლეს ჩვენი პრობლემებით და პროვოკაციაზე წამოგვაგეს“.

11 იანვარს ეთერში გასულ სატელევიზიო ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ მომიტინგეები, რომელთა აქტივობაც სხვადასხვა ქალაქში 8 იანვრიდან განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, „ბრძანებებს“ აშშ-სა და ისრაელისგან იღებენ. მან ასევე დასძინა, რომ „მტერმა ქვეყანაში გაწვრთნილი ტერორისტები შემოიყვანა“.

ირანში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც მიმდინარე თვის 8-9 იანვარს სამთავრობო ძალების მხრიდან სასტიკი და ძალადობრივი რეპრესიები მოჰყვა. სამთავრობო წყაროებმაც კი დაადასტურეს, რომ დაღუპულია 3 000-ზე მეტი ადამიანი.

ამავდროულად, დამოუკიდებელი არასამთავრობო წყაროები სამთავრობო რეპრესიების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობას ათიათასობით აფასებენ.

31 იანვარს გამოსვლისას ფეზეშქიანს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ შეძლეს უცხოურმა ძალებმა ირანის შიგნით ათასობით ადამიანის „წაქეზება და აღჭურვა“ ისე, რომ ხელისუფლებას, რომელიც თავს ყოველთვის ხალხის უსაფრთხოების გარანტად წარმოაჩენდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG