ირანის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ არაბეთის ზღვაში მყოფ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს ესტუმრა.
უიტკოფმა იქვე გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი მალე გამართავენ შემდგომ მოლაპარაკებებს; ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპს შეხვდება, რათა „მასთან ერთად განიხილონ ირანთან მოლაპარაკებები.“
უიტკოფის თანახმად, ის და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, 7 თებერვალს აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურ ადმირალ ბრედ კუპერს შეხვდნენ და ესტუმრნენ USS Abraham Lincoln-ს, მისი მოიერიშე ჯგუფისა და მე-9 საჰაერო ჯგუფის ხომალდზე მყოფ მამაც მეზღვაურებსა და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც "ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და პრეზიდენტ ტრამპის ძლიერების გზით მშვიდობის გზავნილს იცავენ“.
დააკავეს ცნობილი ირანელი აქტივისტი, გორბან ბეჰზადიან-ნეჟადი
ირანული ყოველდღიური გამოცემის, Shargh-ის ცნობით, დააკავეს ცნობილი ირანელი აქტივისტი, გორბან ბეჰზადიან-ნეჟადი, ირანის ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადების მხარდაჭერისთვის, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების სისხლიანი ჩახშობის ფონზე დაიწერა.
„ჩვენ ვითხოვთ თავისუფალი და გამჭვირვალე რეფერენდუმის ჩატარებას… ეროვნული და ინკლუზიური მთავრობის შექმნისა და დემოკრატიული გარდამავალი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორიცაა ირანელი ოპოზიციონერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მირ ჰოსეინ მუსავი. ის 2011 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება.
ბეჰზადიან-ნეჟადი, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მირ ჰოსეინ მუსავის საარჩევნო კამპანიის წევრი იყო, „დღეს შუადღეს საკუთარ სახლში დააკავეს“, - დაწერა 7 თებერვალს გამოცემა Shargh-მა.
მის დაკავებას წინ უძღოდა იმ ირანელი საზოგადო მოღვაწეების დაკავების სერია, რომლებმაც მუსავის ამ განცხადებას დაუჭირეს მხარი. დაკავებულთა შორისაა კინორეჟისორი მეჰდი მაჰმუდიანი - ფილმის თანაავტორი, რომელმაც 2025 წლის კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ომანში არაპირდაპირი დიალოგი გაიმართა, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ გამართა და მომავალ კვირაში მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი დაგეგმა.
თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან დამატებით
მოლაპარაკებას ელის და სპარსეთის ყურეში მდებარე სასულთნოში შეხვედრები „დადებით ატმოსფეროში“ ჩატარდა.
მოლაპარაკება აშშ-სა და ირანის დელეგაციებმა ომანის შუამავლობით საჯარო პირისპირ შეხვედრის გარეშე გამართეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე.
„ჩვენ ასევე ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანის გარშემო “, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე, როდესაც ფლორიდაში მიემგზავრებოდა. - „კვლავ შევხვდებით მომავალ კვირას დასაწყისში“.
განკარგულება, რომელიც პარასკევს, 6 თებერვალს გამოიცა, ტრამპმა 13 იანვარს დააანონსა, ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივად ჩახშობის ფონზე.
ტრამპის ახალი აღმასრულებელი ბრძანებით ირკვევა:
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შეისწავლის, რომელი ქვეყნები განაგრძობენ პირდაპირ ან ირიბ ვაჭრობას ირანთან ტრამპის ამ ბრძანების შემდეგ;
ამ ცნობებს გადასცემს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ხაზინის, ვაჭრობის და შიდა უსაფრთხოების სამინისტროებთან ერთად განსჯის, დაუწესოს თუ არა ტარიფი ამ ქვეყანას;
თუკი სახელმწიფო მდივანმა ჩათვალა საჭიროდ ამა თუ იმ ქვეყნისთვის ტარიფის დაწესება, ინფორმაციას გაუზიარებს პრეზიდენტ ტრამპს;
საბოლოო გადაწყვეტილებას ტარიფის დაწესებისა და ტარიფის განაკვეთის შესახებ მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ, თუმცა ვაჭრობის მოცულობა მცირეა. 2025 წლის 11 თვეში საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვამ $263 მილიონი შეადგინა. ამასთან, ბოლო 13 წელში ირანიდან იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
6 თებერვალს ომანში გაიმართა მოლაპარაკება აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის. 6 თებერვალს გამოცხადდა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპი დასრულდა. გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ფორუმი