"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გამოხატავს "ღრმა შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო".
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა სპარსეთის ყურეში, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს რეგიონის ქვეყნებზე ირანის თავდასხმების გამო, რომელიც მოჰყვა ირანის წინააღმდეგ ისრაელის და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებას.
აშშ, ბაჰრეინი, კუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობენ ირანის „განურჩეველ და უგუნურ“ სარაკეტო შეტევებს და დრონებით თავდასხმებს რეგიონის ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე, მათ შორის ბაჰრეინში, ერაყში, იორდანიაში, კუვეიტში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
1 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სუვერენულ ტერიტორიებზე ირანის გაუმართლებელმა დარტყმებმა საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას და ზიანი მიაყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე, რომელიც კვიპროსის სამხრეთში მდებარეობს, გასულ ღამით სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო.
აკროტირის ბაზაზე დისლოცირებული სამხედრო ძალების მიერ შეტევაზე რეაგირების შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
BBC-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რეგიონში მყოფი ჯარების დაცვა უმაღლეს დონეზეა.
ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე შეუტია ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების, ჰეზბოლას პოზიციებს. ისრაელის არმიის სარდლობამ დარტყმის შესახებ დღეს, 2 მარტს განაცხადა.
მანამდე, 1 მარტს საღამოს ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევა მიიტანა რაკეტებით და დრონებით. ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დარტყმას უწოდა პასუხი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მკვლელობაზე.
ფორუმი