კვირას ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის დანიშვნას.
ირანის მმართველმა საბჭომ ("ექსპერტთა საბჭომ") მიიღო გადაწყვეტილება ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის შესახებ.
გადაწყვეტილება მიიღეს კვირას, 8 მარტს, მას მერე, რაც ერთი კვირის წინ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს აიათოლა ალი ხამენეი. ამის შესახებ საბჭოს რამდენიმე ანონიმმა წევრმა გაავრცელა ინფორმაცია მემკვიდრის ვინაობის დაუსახელებლად.
როგორც AFP იტყობინება, მმართველი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მიანიშნა, რომ საქმე ეხება ალი ხამენეის ვაჟს, მოჯტაბას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხამენეის მისი ვაჟი ჩაანაცვლებდა, უკვე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ისთვის 5 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება მოჯტაბა ხამენეის დანიშვნას.
ისრაელმა თეირანში ნავთობის საცავებს დაარტყა. ისრაელის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ საწვავი გამოიყენებოდა იარაღის წარმოებისა და განვითარებისთვის, ასევე სამხედრო ბაზებისთვის.
ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ცნობით, დარტყმების შედეგად ოთხი თანამშრომელი დაიღუპა. კომპანიამ დასძინა, რომ ზოგიერთ რაიონში საწვავის დროებითი რაციონირება დაწესდება „სამართლიანი და მდგრადი მომარაგების უზრუნველსაყოფად“.
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ ნავთობის საცავების ობიექტებში აფეთქებების შედეგად გამოიყო დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნახშირწყალბადის ნაერთები, გოგირდისა და აზოტის ოქსიდები. ამან შეიძლება მჟავური წვიმები გამოიწვიოს.
კვამლით დაიფარა თეირანის ცა ირანში, ნავთობობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
ისრაელის სამხედრო ძალებმა აიღეს პასუხისმგებლობა თეირანში მდებარე საწვავის რამდენიმე საცავზე 8 მარტს განხორციელებულ იერიშებზე.
ფორუმი