ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდმა 18 მარტს ირან-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და სამშობლოში დაბრუნდა.
მანამდე გუნდის ხუთმა წევრმა უკან გამოიტანა ავსტრალიაში თავშესაფრის მოთხოვნა.
ავსტრალიამ ჰუმანიტარული ვიზები მისცა ექვს მოთამაშეს და გუნდის ერთ დამხმარე წევრს თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, რადგან ითქვა, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში მათ შესაძლო დევნა ემუქრებოდათ.
მათი უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება გაჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოთამაშემ, როცა ირანის წინააღმდეგ ომი უკვე დაწყებული იყო, 2 მარტს, ავსტრალიაში აზიის თასის ტურნირზე, სამხრეთ კორეის გუნდთან თამაშამდე, არ იმღერეს ირანის სახელმწიფო ჰიმნი.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ერთ-ერთმა მოდერატორმა მათ „ომის დროს მოღალატეები“ უწოდა.
ისრაელმა კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, გასულ ღამით ავიადარტყმის შედეგად თეირანში მოკლულია ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხათიბი. მისი დაღუპვის ფაქტი ირანს არ დაუდასტურებია.
- ესმაილ ხათიბი ირანის დაზვერვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა და აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 2026 წლის 28 თებერვალს მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ ითვლებოდა.
გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დღეს, 18 მარტს ისიც განაცხადა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის არმიას მისცეს დამატებითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის უფლება.
ირანმა სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ქალაქ თელ-ავივზე
ისრაელის სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, 70 წლამდე ასაკის ქალი და კაცი დაიღუპნენ თელ-ავივთან მდებარე რამათ-განის რაიონში. კიდევ ორი ადამიანი დაჭრილია.
ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, გასულ ღამით თელ-ავივზე სარაკეტო დარტყმა იყო პასუხი ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელ ალი ლარიჯანის სიკვდილზე.
- ისრაელმა 17 მარტს განაცხადა ირანზე დარტყმის შედეგად ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ, რაც მოგვიანებით თეირანმაც დაადასტურა. ირანის არმიის მთავარსარდალი ამირ ჰატამი ისრაელს და აშშ-ს მტკიცე პასუხით დაემუქრა.
ირანის მედია იტყობინება, რომ დასტურდება ამ ქვეყნის უშიშროების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის სიკვდილი
ირანის მედია აქვეყნებს უშიშროების უზენაესი საბჭოს სამდივნოს განცხადებას ალი ლარიჯანის სიკვდილის შესახებ.
საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, მოკლულია მისი ვაჟი და მცველებიც.
ისრაელმა დღეს, 17 მარტს, ადრე განაცხადა, რომ ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.
ალი ლარიჯანი ისლამურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
17 მარტს ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებებმა, ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გასულ ღამით ირანზე ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ალი ლარიჯანი იყო.
ფორუმი