Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქის დამცველები აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან


ბათუმი
ბათუმი

აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა განმარტა მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის, გადაწყვეტილება, შეცვალოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობა.

ეს საბჭო 2009 წლიდან წყვეტს, თუ რა უნდა აშენდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის არეალში ისტორიულ ბათუმში. იგი საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული და მისი წევრები როგორც აჭარის მთავრობის, ისე ბათუმის მერიის მაღალჩინოსნები არიან.

მივიღეთ რა? ის, რომ ძირითადად ადამიანები დარჩნენ ამ საბჭოში. მაგალითად, ნუგზარ ძნელაძე, რომელსაც ყველაზე დიდი სტაჟი აქვს ამ საბჭოში და, შესაბამისად, დიდი გავლენა აქვს ამ ქალაქზე, ამ ქალაქის განადგურებაზე, რჩება ამ საბჭოში...
შოთა გუჯაბიძე

ძველი ბათუმის დამცველი აქტივისტები ამ საბჭოს გადაწყვეტილებებს ქალაქისთვის საზიანოდ მიიჩნევენ და მათი შემადგენლობის შეცვლასა და საჯარო მოხელეების დარგის სპეციალისტებითა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით ჩანაცვლებას ითხოვენ. საბჭოს შემადგენლობის გადახედვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საზოგადოება „ბათომის“ წევრებს ოთხი თვის წინ დაჰპირდა, მიმდინარე წლის 5 მარტს კი საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებაში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საბჭოს უმრავლესობაში, ორის გამოკლებით, ისევ რჩებიან საჯარო მოხელეები. თუმცა, როგორც აჭარის მთავრობის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო გუჯაბიძე განმარტავს, ამ დროისთვის საბჭოს შემადგენლობას დარგის ორი სპეციალისტი დაემატა:

„სწორედ ამის შესახებ ჰქონდა გაცხადებული ზურაბ პატარაძეს, რომ გაითვალისწინებდა საზოგადოება „ბათომის“ თუ სხვა სპეციალისტების რეკომენდაციას და საჯარო მოხელეებს ჩაანაცვლებდა დარგის სპეციალისტებით. ეს დაპირება, ფაქტიურად, შესრულებულია. აკადემიური სექტორიდან შემოთავაზებულია ბათუმის უნივერსიტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი ზვიად ბურჭულაძე“.

ბათუმი
ბათუმი

ზვიად ბურჭულაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯომარემ, ზურაბ პატარაძემ, როგორც დარგის ერთ-ერთი სპეციალისტი, საბჭოს წევრად წარადგინა, ყოფილი საჯარო მოხელეა. იგი 2006 წლიდან 2010 წლამდე ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა და ამავე საბჭოს წევრი იყო 2009 წელს, როდესაც აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის, ბრძანებულებით, შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის საბჭო. საზოგადოება „ბათომის“ წევრ შოთა გუჯაბიძისთვის ეს ცვლილება კატეგორიულად მიუღებელია:

„მივიღეთ რა? ის, რომ ძირითადად ადამიანები დარჩნენ ამ საბჭოში. მაგალითად, ნუგზარ ძნელაძე, რომელსაც ყველაზე დიდი სტაჟი აქვს ამ საბჭოში და, შესაბამისად, დიდი გავლენა აქვს ამ ქალაქზე, ამ ქალაქის განადგურებაზე, რჩება ამ საბჭოში. ისეთ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი ამ ადამიანს, რომელზეც არ უნდა მოეწერა და არათუ პასუხი აგებინეს, რჩება კიდეც ამ თანამდებობაზე და ჩვენ უნდა ვუყუროთ, როგორ გაანადგურებს ამ ქალაქს. ამას ემატება კიდევ ზვიად ბურჭულაძე, რომელსაც რამდენიმე წელია ვიცნობ და კულტრული მემკვიდრეობის ძეგლს როგორც კი დაინახავს ან გაიგონებს, ამას ბულდოზერით უნდა გადაუაროო, ამბობს სრულიად დაუფარავად. ერთი სიტყვით, საჯარო მოხელეები ამ საბჭოში დარჩნენ“.

ბათუმი
ბათუმი

აჭარის მთავრობაში კი მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები უფრო ეფექტურს გახდის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მუშაობას და საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო კომპეტენტური იქნება. აჭარის მთავრობის წარმომადგენელი სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ განახლებული საბჭო არ წარმოადგენს საბოლოო შემადგენლობას, იგი გარდამავალ ეტაპზე არსებული რესურსითაა შექმნილი და ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილების შედეგია:

„მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს და რაც არის მთავრობის თავმჯდომარის გზავნილი, ის, რომ საბჭოს შემადგენლობის განახლებაზე მუშაობა გაგრძელდება მომავალშიც. ორ ვაკანტურ ადგილზე დარგის სპეციალისტების მოძიება ახლაც მიმდინარეობს“.

სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისა და საზოგადოება „ბათომის“ რეკომენდაციები და მოლაპარაკება აწარმოეს დარგის სპეციალისტებთან, მაგრამ საბჭოს შემადგენლობაში სხვა ქალაქიდან მუშაობა სპეციალისტებმა არ ისურვეს და მხოლოდ თანამშრომლობასა და რეკომენდაციების გაცემაზე განაცხადეს თანხმობა.

კიდევ უფრო მეტი კულტურული რესურსი დაიკარგება ბათუმში. მე არა მაქვს იმედი, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან მყარ გადაწყვეტილებას და მკაფიო განაცხადს იმაზე, რომ მზად არის დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და ღირებულებები...
ნინო ინაიშვილი

საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ სწორედ იმის გამო, რომ, მიუხედავად დაპირებისა, საბჭოს წევრების შერჩევის დროს მათთან კონსულტაცია არ გამართულა. საზოგადოება „ბათომი“ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ხელისუფლებას სპეციალობით არქეოლოგ ნინო ინაიშვილს სთავაზობდა, რომლის კანდიდატურა ამ ეტაპზე არც კი განიხილება. ნინო ინაიშვილი კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელია. იგი აქტიურად ესწრება საბჭოს სხდომებს და ხშირად აკრიტიკებს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს:

„პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, საბჭო ძალიან ცუდად მუშაობს. რასაც ვხედავთ ქალაქში, მათი გადაწყვეტილებების შედეგად მიიღება. ეს არის ურბანული კატასტროფა, კულტურული მემკვიდრეობის და ურბანული ქსოვილის მასობრივი განადგურება. კიდევ უფრო მეტი კულტურული რესურსი დაიკარგება ბათუმში. მე არა მაქვს იმედი, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან მყარ გადაწყვეტილებას და მკაფიო განაცხადს იმაზე, რომ მზად არის დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და ღირებულებები“, - ამბობს ნინო ინაიშვილი, არქეოლოგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG