Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგროჟურნალისტიკა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის


საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი სოფლად ცხოვრობს. ამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის სოფლის მეურნეობა არის შემოსავლის მთავარი წყარო, თუმცა ცენტრალურ მედიაში აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესები ნაკლებად შუქდება. ამ დეფიციტს, ძირითადად, რეგიონული მედია ავსებს, მაგრამ სოფლის მეურნეობის სპეციფიკური დარგი გარკვეულ ცოდნას საჭიროებს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, დონორების დახმარებით, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ გადადგა. შეიქმნა აგროჟურნალისტიკის გზამკვლევი, რომელიც მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ან ამ სფეროთი დაინტერესებულ ჟურნალისტებს. აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო არის ერთიანი პროექტის ნაწილი, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან პარტნიორობით. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მამულაშვილის აზრით, აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო იმითაა მნიშვნელოვანი, რომ არამარტო ჟურნალისტებს, არამედ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებსაც ეხმარებათ აგროსექტორის განვითარების მიმართულებით.

გადმოწერა

სახელმძღვანელოს ავტორები არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად. ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში ახალი ინფორმაციის მიღების სურვილი დიდია და ამ საქმეში ქართული მედიის როლი მნიშვნელოვანია.

გაზეთ „სპექტრის“ რედაქტორი მაია ყალაბეგაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის შესახებ ჟურნალისტებში არასაკმარისი განათლებაა, ამიტომ აგროთემები სიღრმისეულად არ შუქდება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია პირველი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც ამ განათლების დეფიციტს მცირედით შეავსებს.

აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს – აგრონომიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის, აგროკალენდარი, ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა, მედიატექნოლოგიები – აგრო-ბიომრავალფეროვნების საჩვენებლად მინდვრიდან და ფერმიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სოფლის მეურნეობის გაშუქების კურსის დანერგვა მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მუშავდება. MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელი ნონა სამხარაძე ამბობს, რომ აგროჟურნალისტიკის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში, საგანმანათლებლო პროგრამებს უნდა მიექცეს ყურადღება.

სახელმწიფოსთვის საოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ სფეროს განვითარება სწრაფად ვერ ხდება. ადგილობრივი ფერმერები რთულად იგებენ ახალი ტექნოლოგიების შესახებ. სოფლებში უკვე ვეტერინარებისა და აგრონომების სერიოზული დეფიციტია. განვითარებას კი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. სოფლის მეურნეობაში განათლების და ახალი ცოდნის შეტანა აუცილებელია და ამ საქმეში მედიის როლი მნიშვნელოვანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG