Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში გაფიცვამ გზების გადაკეტვა გამოიწვია


აქციის მონაწილე. ბარსელონა
აქციის მონაწილე. ბარსელონა

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე ძალების მიერ გამოცხადებულმა საყოველთაო გაფიცვამ ოთხშაბათს სატრანსპორტო კავშირების გადაკეტვა გამოიწვია. სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები ცდილობენ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას მას შემდეგ, რაც მომავალი არჩევნებისთვის ერთ გაერთიანებად ჩამოყალიბება ვერ შეძლეს.

გაფიცვა კატალონიაში

  • კატალონიაში სატრანსპორტო კავშირების ნაწილი გადაიჭრა, გაფიცვისკენ მოწოდების შემდეგ
  • მაღაზიები, ბიზნესები ძირითადად ჩვეულ რიტმში მუშაობს
  • დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა ვერ შეძლეს ერთიან საარჩევნო გაერთიანებად ჩამოყალიბება
  • ლიდერებს სიძნელეები ელოდებათ პოლიტიკური მხარდაჭერის ხელახლა მოპოვების საქმეში
    აქცია "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", ბარსელონა, 2017 წლის 8 ნოემბერი
    აქცია "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", ბარსელონა, 2017 წლის 8 ნოემბერი

დემონსტრანტებმა გადაკეტეს ქუჩები, რამაც დიდი ხერგილები გამოიწვია ბარსელონისკენ მიმავალ გზებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი მინიმალური სერვისის მიწოდებაზე გადავიდა, ორი სამოქალაქო ჯგუფისა და პროფკავშირის მიერ მოქმედებისკენ მოწოდებების პასუხად. ორივე ჯგუფის ლიდერები გასულ თვეში დააპატიმრეს, ამბოხებისკენ მოწოდებების ბრალდებით.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რეგიონის მნიშვნელოვან ტრასებზე ხალხი გავიდა, ხელში ბანერებით. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. პოლიცია შეეცადა ისინი სხვა ადგილას გადაეყვანა, რასაც, სოციალური მედიის თანახმად, მცირე მასშტაბის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მომცრო მაღაზიები დღეს არ გახსნილა, მსხვილი მაღაზიები და ბიზნესები კი რეგიონში ძირითადად ჩვეულებრივ რიტმში მუშაობდა.

მძიმე გამოწვევის წინაშე არიან დამოუკიდებლობის კამპანიის გავლენიანი ლიდერები, რომელთა პარტიებიც ორი წელი ერთობლივად მართავდნენ კატალონიას - სანამ, დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამო, მადრიდი რეგიონის მთავრობას დაითხოვდა.

კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია PDeCAT-სა და რეგიონის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ორიოლ ჯუნკერასის, მემარცხენე პარტია ERC-ს სამშაბათამდე ჰქონდათ დრო ახალი ხელშეკრულების შესათანხმებლად, მაგრამ მათ გაერთიანებაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს. ეს კი ნიშნავს, რომ 21 დეკემბრის არჩევნებში ცალ-ცალკე გავლენ.

ყოველთვის მტკიცე ევროპელი ვიყავი. ... მაგრამ ხალხი, ვინც ახლა მართავს ევროპას, მას ანგრევს... ევროპის ხალხსა და ოფიციალურ ევროპას შორის ნაპრალი ღრმავდება...
ჟან-კლოდ იუნკერი

არჩევნები მადრიდის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დანიშნა რეგიონში დროებით პირდაპირი მმართველობის შემოღების პარალელურად მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

პუჩდემონი ბელგიაში იმყოფება, ჯუნკერასი დაპატიმრებულია და ბრალად ედება ამბოხებისკენ მოწოდება, ამბოხება და საჯარო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.

ანალოგიური ბრალდებები ელის პუჩდემონსაც, მადრიდში ექსტრადიციის შემთხვევაში. ის ცდილობდა დამოუკიდებლობის კამპანიისთვის ევროკავშირის ცენტრში მოეპოვებინა მხარდაჭერა, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა და ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის მორიგ ჯერზე გამოვიდა ბლოკის მმართველი უწყების კრიტიკით.

ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი, ხვდება მერებს, მმართველებს, მაგრამ ჩემთან შეხვედრა არ სურსო, უთხრა პუჩდემონმა ბელგიურ გამოცემა „სტანდაარდს“.

ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი

„ყოველთვის მტკიცე ევროპელი ვიყავი. ... მაგრამ ხალხი, ვინც ახლა მართავს ევროპას, მას ანგრევს... ევროპის ხალხსა და ოფიციალურ ევროპას შორის ნაპრალი ღრმავდება“, - განაცხადა მან.

კატალონიის სეპარატისტულმა კამპანიამ ესპანეთში გამოიწვია ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი ოთხი ათწლეულის განმავლობაში. რეგიონი ბევრმა ბიზნესმენმა დატოვა და ქვეყანაში განახლდა 1930-იანი წლების სამოქალაქო ომის იარების ტკივილი.

მარიანო რახოი
მარიანო რახოი

პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება კატალონიის დამოუკიდებლობას, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თვის არჩევნები „სიმშვიდეს“ მოიტანს და რეგიონში ნორმალური ვითარება აღდგება.

ბარსელონაში განთავსებული გამოცემა „ვანგარდიას“ მიერ კვირას გავრცელებული გამოკითხვის შედეგებით, ჯუნკერასის პარტიას კატალონიის 135-ადგილიან პარლამენტში 45-46 მანდატის მოპოვების შანსი აქვს, პუჩდემონისას კი მხოლოდ 14-ისა ან 15-ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG