Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრაზე თბილისმა რამდენიმე საკითხი დააყენა


ოკუპირებულ ქალაქ გალში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე არ დაადასტურეს დრანდის ციხეში მყოფ პატიმარ გიორგი ლუკავას ცოლის, ლალი ბასარიას, ინფორმაცია, თითქოს მისი ქმარი დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიწყალა და ელოდება გათავისუფლებას. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდზე მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ.

გადმოწერა

„დე ფაქტო ხელისუფლება გალის IPRM-ზე ოფიციალურად აცხადებს, რომ არანაირი შეწყალება და არანაირი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ, ე.წ. პატიმართან არ ყოფილა. ეს არის შავით თეთრზე მშრალი მოცემულობა. ისინი აცხადებენ, რომ ლუკავა არის დაკავებული მძიმე ბრალდებებით და ჯერჯერობით მის გათავისუფლებას არ აპირებენ. ცენტრალური მთავრობის პოზიციაა, რომ ამ საკითხზე მუშაობა არ უნდა დასრულდეს მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული“.

აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის გამო. ბრალდებას არ ეთანხმება მისი ცოლი. ლალი ბასარია ირწმუნება, რომ მისი ქმარი სამხედრო მოსამსახურე იყო და დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია. ლალი ბასარიას არ სჯერა ინფორმაციის, რომელიც კახაბერ ქემოკლიძემ თავად გააცნო მას ენგურის ხიდზე. მისი თქმით, აქვს უტყუარი ცნობები და საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროებს დოკუმენტაციასაც, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ლუკავა შეიწყალა და რომ სათანადოდ არ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება:

„საქართველოს ხელისუფლებისგან ისინი ითხოვენ, ალბათ, ისეთ ადამიანებს, რომელთა სახელის და გვარების დასახელება თავად საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და მალავს. მე ვიცი, ესენი ვინ არიან, მაგრამ მე ამას შეგნებულად იმიტომ არ ვიტყვი, რომ არ მინდა ჩემი მეუღლის გადმოსაყვანად ვიღაცის სიცოცხლე გაიწიროს ან რაღაც უკანონო ჩაიდინოს ხელისუფლებამ“.

რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება კვლავ აქტიურად აყენებს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხს:

„ჩვენი, ცენტრალური მთავრობის, პრინციპული პოზიციაა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირი, რაშიდ კანჯიოღლი, იქნას დაკავებული. სანამ არ მოხდება ამ ადამიანის დაკავება, ეს საქმე არ ჩაითვლება ლოგიკურად დასრულებულად“.

სუსის წარმომადგენლის თქმით, კიდევ ერთი საკითხი საოკუპაციო ხაზთან, კერძოდ კი, ოტობაიის ე. წ. საზღვართან გასულ კვირაში სამი ქალის დაკავება იყო. მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები აფხაზეთის ტერიტორიაზე იზოლატორში იმყოფებიან:

„ცხადია, საუბარი შეეხო იმ ქალბატონებს, რომლებიც რამდენიმე დღი წინ იქნენ დაკავებული. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანები უახლოესი ათი დღის განმავლობაში უნდა იყვნენ გათავისუფლებული“.

საუბარია სამ ქალზე, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით გასულ კვირაში დააკავეს. რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტის ცნობით, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი ნათესავებთან ერთად ზუგდიდიდან ოტობაიაში დედის დაკრძალვაზე მიდიოდა.

გარდა ჩამოთვლილი საკითხებისა, გალის შეხვედრაზე თბილისმა კიდევ ერთხელ გააჟღერა პოზიცია საოკუპაციო ხაზთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვაზე. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, მსგავსი შეზღუდვები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობას და ადამიანებს ურთულებს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას. ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე საფუძვლიანი დისკუსია გაგრძელდება მარტის ბოლოს ჩანიშნულ ჟენევის საერთაშორისო შეხვედრაზე.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა 25 აპრილს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG