Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში სეპარატისტები მომხრეებს „მშვიდობიან“ რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ


რეფერენდუმის მომხრეთა აქცია კატალონიაში
რეფერენდუმის მომხრეთა აქცია კატალონიაში

კატალონიელი სეპარატისტები მომხრეებს მოუწოდებენ არ დამორჩილდნენ ესპანეთის მთავრობის მცდელობას დაიბლოკოს კვირას დანიშნული რეფერენდუმი და მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, რომელთა დახურვის ბრძანებაც პოლიციას აქვს გაცემული.

დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებმა, კატალონიის ეროვნულმა ასამბლეამ (ANC) და „ომნიუმმა“ ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ხალხი რიგში უნდა ჩადგეს, თუ აღმოაჩენენ, რომ საარჩევნო უბნებს პოლიციელები იცავენ. ამ მოწოდებების ფონია მზარდი შიში, რომ რეფერენდუმი, რომელსაც ცენტრალურმა მთავრობამ მოაშორა პოლიტიკური გავლენის დიდი წილი, გამოიწვევს ამომრჩევლის ფრუსტრაციას - უკმაყოფილება კი ქუჩებში გამოსვლებს მისცემს ბიძგს.

შექმნილი ვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ესპანეთს შეექმნა მას შემდეგ, რაც იქ 1970-იან წლებში დემოკრატია დამყარდა - ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული დიქტატურის შემდეგ. მადრიდში მთავრობამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და პოლიციას უბრძანა უზრუნველყოს ის, რომ ხმის მიცემა არ შედგეს.

თუმცა კატალონია - ესპანეთის მდიდარი ჩრდილოაღმოსავლელი რეგიონი - თავისას არ იშლის. რეგიონის ლიდერი, კარლეს პუძდემონი, ცენტრალური მთავრობის რეაქციას ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს. პუძდემონმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ შემუშავებულია გეგმა, რომელიც რეფერენდუმის გამართვას უზრუნველყოფს.

დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკური ჯგუფები აცხადებენ, რომ კატალონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კვირას დანიშნულ რეფერენდუმზე მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებელი და ერთიანი სახით წარდგეს მაშინაც კი, თუკი ეს ნიშნავს გრძელ რიგებში ჩადგომას, უშუალოდ ხმის მიცემის საშუალების გარეშე.

მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს არა დემონსტრაცია, არამედ უზარმაზარი რიგი იქნება და მილიონობით ადამიანი, ბიულეტენებით ხელში, ძალიან შთამბეჭდავ სურათს შექმნის...
კატალონიის ეროვნული ასამბლეა

„მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ნული ძალადობა... თუ საარჩევნო უბანზე არ დაგიშვებენ, ამას არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ ძალადობით“, - აცხადებს კატალონიის ეროვნული ასამბლეა მომხრეებში გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს არა დემონსტრაცია, არამედ უზარმაზარი რიგი იქნება და მილიონობით ადამიანი, ბიულეტენებით ხელში, ძალიან შთამბეჭდავ სურათს შექმნის“.

ამ ორ ჯგუფს - „კატალონიის ეროვნულ ასამბლეას“ და „ომნიუმს“ - არაძალადობრივი პროტესტის დიდი გამოცდილება აქვს. სამოქალაქო არეულობის შექმნის თვალსაზრისით, მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ უცხოელი ანარქისტული ჯგუფები, რომლებიც, ადგილობრივი გაზეთების ცნობით, უკვე ჩავიდნენ ბარსელონაში.

თუ ისინი მიუახლოვდებიან რომელიმეს 2 500 საარჩევნო უბნიდან კატალონიაში, მათ პოლიციის წინააღმდეგობა შეხვდებათ.

კენჭისყრის აღსაკვეთად და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სხვა რეგიონებიდან მობილიზებულია 4 000-მდე პოლიციელი. ისინი შეუერთდებიან სახელმწიფო პოლიციის რეგიონში დისლოცირებულ 5000 მუშაკს და 17 000 ადგილობრივ პოლიციელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG