Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუცია - მხოლოდ შიდაპარტიული კონსენსუსით


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა და არ მოიწვია საგანგებო სესია, რომელზეც კონსტიტუციის პროექტის მოსმენა უნდა დაწყებულიყო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილება, ძალაში დატოვოს არჩევნების შერეული სისტემა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის საყოველთაოდ განხილულ პროექტს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კი საქართველო გადავიდეს 2024 წლიდან. რას ცვლის პრეზიდენტის უარი და რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკის ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებაზე?

გადმოწერა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილება, ძალაში დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა, ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კონსტიტუციის არსებით ცვლილებაზე. სააქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფუნდამენტურად იცვლება - იკვეცება - მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილება:

„ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნეს კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ!“

თუმცა საქართველოს პრეზიდენტი აქვე განმარტავს, რომ მის ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს, რადგან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, საგანგებო სესიის მოწვევა მასაც შეუძლია.

მაინც რაზე შეთანხმდა უმრავლესობა? საზოგადოებისთვის ცნობილია უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატების პრინციპული პოზიცია, არ გაუქმდეს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა. მამუკა მდინარაძის - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - კომენტარი:

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხალხს სურს, მას დავეკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი. თუ გადაწყვეტს, რომ უნდა იყოს მაჟორიტარული სისტემა, მეც მივიღებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულის მომხრე ვარ...
დავით ბაქრაძე

„შევთანხმდით, რომ გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ 2020 წლისთვის შერეული სისტემა რჩება, ოღონდ ყველა მომდევნო სხვა არჩევნები იქნება პროპორციული სიით და ეს იქნება ქვეყნის ძირითად კანონში ჩაწერილი. ამასობაში ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტიები განვითარდნენ, აღარ გაუქმდება ბლოკებად გაერთიანების შესაძლებლობა, ასევე იქნება 3-პროცენტიანი ბარიერი“.

თუმცა პრეზიდენტი მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას ნაჩქარევად არ მოიწვიოს საგანგებო სესია და არ უყაროს კენჭი კონსტიტუციის შეცვლილ პროექტს, რომელიც არ ეფუძნება ფართო კონსენსუსს. პრეზიდენტის ამ აზრს იზიარებენ ოპოზიციური პარტიებიც. „ევროპული საქართველო“ საერთადაც პლებისციტის გამართვას მოითხოვს, რისთვისაც, პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის, თქმით, უკვე შეგროვდა 150 ათასი ხელმოწერა:

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხალხს სურს, მას დავეკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი. თუ გადაწყვეტს, რომ უნდა იყოს მაჟორიტარული სისტემა, მეც მივიღებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულის მომხრე ვარ. გადაწყვეტს ხალხი, რომ მას არ უნდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ხმოსნება, მგოსნებმა თუ მგალობლებმა? მაშინ ამასაც მხარს დავუჭერ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, როცა აღარ დარჩა არანაირი რესურსი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა“.

შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების გამო ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმრავლესობას აკრიტიკებს იურისტთა ნაწილი. ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელიდან გაუშვა შანსი, შეეცვალა წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი სისტემა, მაჟორიტარული სისტემის სახით:

„სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური კორუფციის ხარჯზე მანდატების ყიდვას და პოლიტიკაში ისეთი ადამიანების დამკვიდრებას, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ საკუთარ „სტაბილურობას“, არამედ იგივე ადამიანები უზრუნველყოფენ ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკურ სცენაზე დამკვიდრებას, მათთვის უმრავლესობის მინიჭებას. ამას უნდა დავუმატოთ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება. პირველი შეეხება პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას, ანუ პრეზიდენტი პირდაპირ დაექვემდებარება პარტიულ ინტერესებს, და ყველაზე მთავარია კონსტიტუციის ცვლილების საკმაოდ გართულებული მექანიზმი, რომლის პირობებშიც კონსტიტუციის შესაცვლელად საჭიროა არა ერთი მოწვევის, არამედ ორი მოწვევის პარლამენტის პოლიტიკური ნება“.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს 19 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს შერეული სისტემით (პროპორციული და მაჟორიტარული), საარჩევნო ბარიერი კი 5 %-იდან 3 %-მდე დაწიოს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG