Accessibility links

არჩევნები სამხრეთ ოსეთში და საპარლამენტო განხილვები თბილისში


არჩევნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში

გასულ კვირას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა, რასაც საქართველოში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. კვირა პოლიტიკურად საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა საპარლამენტო განხილვებითა და საერთაშორისო დონის შეხვედრებით. თბილისში გაიმართა ნატო-საქართველოს დიპლომატიის ფორუმიც, სადაც საუბარი იყო აშშ-ის დამოკიდებულებაზე ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ.

გასული კვირა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებითა და რეფერენდუმით დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც "ცირკი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართალთან".

რეფერენდუმი ეხებოდა სამხრეთ ოსეთისა და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადებს, რასაც მხარი მონაწილეთა უმრავლესობამ დაუჭირა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა, გაიმარჯვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ეს არჩევნები და რეფერენდუმი ასე შეაფასა:

„საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს არასდროს საქართველოში ყოველგვარი სამართლებრივი ნორმის დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ ქმედებას“.

ასეთსავე შეფასებს აძლევენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციის წარმომადგენლები.

ნატო-საქართველოს ფორუმი
ნატო-საქართველოს ფორუმი

ამ ამბების პარალელურად თბილისი 10-11 აპრილს მასპინძლობდა ნატო-საქართველოს დიპლომატიის ფორუმს. ფორუმზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აშშ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის მიმართ. ეს აღნიშნული იყო აშშ-ის კონგრესის წამრომადგენელთა პალატაში დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენისა, და რესპუბლიკელ ჯონ შიმკუსის მიერ წარდგენილ რეზოლუციაშიც:

„რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობელი ქვეყნების - ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების - მიმართ, რაც მოიცავს ბალტიის საჰაერო სივრცის მრავალგზის დარღვევას, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას 2008 წელს, ყორიმის ანექსიას 2014 წელს და განგრძობად საფრთხეებს მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, წარმოადგენს არა მხოლოდ ჰელსინკის დასკვნითი აქტის ვალდებულებებისა და ეუთოს შეთანხმებების დარღვევას, არამედ წარმოადგენს მთავარ ფაქტორს ევროპის დესტაბილიზაციის კუთხით“.

საქართველოში განახლდა საუბარი პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ. კამპანია "ეს შენ გეხებაში" ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნეს 283 მოქალაქის სასარჩელე განცხადებები, რომლებითაც ისინი პარლამენტის მიერ მიღებულ "ფარული თვალთვალის შესახებ" კანონის გაუქმებას ითხოვენ.

„სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლო გააერთიანებს ამ სარჩელებს, რადგანაც ერთსა და იმავე თემას ეხება, და განიხილავს ერთ სხდომაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის დაფიქსირება, რომ ეს არ არის ერთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიების პრობლემა და რომ ეს არის პრობლემა, რომელიც ეხება ყველას, ანუ არის საქართველოს მოქალაქეების სარჩელი“, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ორმელიც ამბობს, რომ ამ კანონით დაცულია ბალანსი ორ ლეგიტიმურ ინტერესს - სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას - შორის.

კამპანია "ეს შენ გეხებაში" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ სასამართლო ამ კანონს არაკონსტიტუციურად ცნობს. სასამართლო სხდომა სარჩელის რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში უნდა გაიმართოს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 12 აპრილს წარადგინა ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების 3-წლიანი გეგმა. 2020 წლამდე ამ პროექტით 10 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს გზების, წყალმომარაგების სისტემისა და ახალი ნაგავსაყრელების გამართვისათვის.

„ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ჩვენი რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის. 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალურ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთების თუ სხვა თვალსაზრისით“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის წარდგენისას.

ზოგიერთი ექსპერტი ამ გეგმას ზედმეტად ოპტიმისტურს და ამბიციურს უწოდებს. ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე ამბობს, რომ ამ თემაზე საჭიროა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება:

„სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოს, თუ ვინ იყო ჩართული ამ სტრატეგიის შემუშავებაში და აწარმოვა თუ არა ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ასევე, უნდა შევხედოთ იმას, რამდენად გაზომვადია სამოქმედო გეგმის შედეგები“.

13 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში წარადგინა 2016 წლის ანგარიში, რომელიც სამმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინა. ამ ანგარიშში საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მზარდი მილიტარიზაციისა და დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტის არსებობაზე. შეხვედრა მედიისთვის ნაწილობრივ დახურული იყო.

საპარლამენტო მოსმენა
საპარლამენტო მოსმენა

როგორც ანგარიშის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განუცხადა მედიას, ანგარიშის ირგვლივ დასმული შეკითხვებიდან, კანონით განსაზღვრული რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ნაწილს უპასუხა:

“გაცემული იქნა იმ დოზით საკითხები, რასაც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმიტომ რომ მკაცრად არის განსაზღვრული, თუნდაც კონტრდაზვერვის შესახებ კანონში გაწერილი, რომ ის, რისი თქმის უფლებაც არ გვაქვს, რაც არის სრულიად საიდუმლო, ამას ჩვენ გაერთიანებულ დეპუტაციასთანაც ვერ ვიტყვით“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სხდომის დახურვა შეაფასეს როგორც კრიტიკული შეკითხვებისგნა გაქცევის მცდელობა.

მედიასთან ერთად სხდომის დატოვება მოუხდათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, სოფო ვერძეული, ამბობს, რომ, ზოგადად, უსაფრთხოების სამსახური გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა:

“ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად, როცა მივმართავთ ხოლმე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ხშირად მათგან ვიღებთ უარს იმ მოტივით, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი არის ან გასაიდუმლოებული, არ არის ხელმისაწვდომი, კონფიდენციალურია და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ამ მიმართულებით სამართლებრივ დავასაც ვაწარმოებთ უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. ასე რომ, ასეთი უწყებების ანგარიშების მოსმენა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს ახორციელებენ, ადამიანის უფლებების შეზღუდვის მიმართულებით არაერთი ბერკეტი გააჩნიათ და, მით უმეტეს, დახურულობის გამორჩეული ხარისხი აქვთ, მათი ანგარიშების მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე“.

სოფო ვერძეულის აზრით, გაერთიანებულმა საკომიტეტო მოსმენამ აჩვენა, რომ გამორჩეულად დიდი კომპეტენციებით აღჭურვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებრივი და საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG