Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო რეფორმა და ესტონური მოდელი


ავტორი: ირინა გურული

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელს ეფუძნება და მოგების გადასახადის განაწილებული მოგების გადასახადით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, გათავისუფლდება შესაბამისი გადასახადისგან.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტით დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება: პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს - ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც გულისხმობს ასევე ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება. მეორე ეტაპზე მოგების გადასახადი ჩანაცვლდება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება. მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდება. რეფორმა ასევე ითვალისწინებს მთელი რიგი საგადასახადო ადმინისტრირების პროცედურათა გამარტივებას. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

არსებობს მოლოდინი, რომ რეფორმების ეს პაკეტი დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, პოზიტიური გავლენა ექნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით. ამასთან, კერძო სექტორში გაიზრდება პროდუქტიულობა და აქტივების ლიკვიდობა, გაუმჯობესდება ბიზნესის დაწყების და, ასევე, წარმოების გარემო.

რაც შეეხება საქართველოში კონკრეტულად საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის დანერგვას, ამ მიმართულებით რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA), USAID- ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, გასულ თვეს მომზადდა. ანგარიშის მიხედვით, მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედებიდან 1,5 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაზე შემდეგი მიმართულებებით მოახდენს გავლენას:

გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, 3,23 %-ით გაიზრდება კაპიტალის მოცულობა.

რეფორმის დადებითი ეფექტი მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებელში 1,44 %-ით აისახება. მოსალოდნელია მოხმარების ხარჯების 0.85 %-იანი ზრდა.

ამასთან, რეფორმის შედეგად წლიური საბიუჯეტო დეფიციტის 3 %-მდე გაზრდაა მოსალოდნელი. ანგარიშის მიხედვით, მთავრობას შეუძლია აღმოფხვრას ეს დისბალანსი, თუ საშემოსავლო გადასახადს 1 პროცენტული პუნქტით ან დღგ-ს 1,25% პროცენტული პუნქტით გაზრდის. თუმცა მოგების გადასახადის კლებით გამოწვეული ბიუჯეტის დანაკარგების ასანაზღაურებლად გაცილებით ოპტიმალური და რეკომენდებული გზა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოკლევადიან პერიოდში ესტონურ მოდელთან ასოცირებულ რისკებზეც: კერძოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, საგადასახადო შემოსავლების კლებაა. მოგეხსენებათ, ბიუჯეტის შემოსულობები მეტწილად საგადასახადო შემოსავლებზეა დამოკიდებული. 2015 წელს დამატებული ღირებულების გადასახადმა საგადასახადო შემოსავლების 45 %, საშემოსავლო გადასახადმა 27 %, ხოლო მოგების გადასახადმა 13 % შეადგინა. თუ, საქართველოში, ესტონეთის მსგავსად, საწარმოები მოგების 50 %-ის რეინვესტიციას მოახდენენ და, შესაბამისად, არ დაიბეგრებიან მოგების გადასახადით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, მოგების გადასახადის სახით, დაახლოებით, 540 მლნ. ლარი დააკლდება.

ამრიგად, საგადასახადო შემოსავლების შემცირება რეფორმის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ ბალანსის აღდგენა შესაძლებელია გადასახადების ზრდის ან საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ხარჯზე, თუმცა ეს მოკლევადიან პერიოდში, სანამ დადგება რეფორმის შედეგების ეფექტი, კერძოდ, ვიდრე გააქტიურდება ბიზნესი და გაიზრდება ეკონომიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG