Accessibility links

საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური სარგებელი


ახალი საგადასახადო ინიციატივის წარდგენა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზნად ასახელებს მცირე მეწარმეობის წახალისებას დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის შემოღებით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდას.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:07 0:00
Direct link
  • მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისების მიზნით მომზადებული დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს ხანში გაეგზავნება.
  • საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ამოქმედება 1 ივლისიდან იგეგმება.
  • ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120 000-მდე მეწარმეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120 000-მდე მეწარმეს. ახალი ინიციატივის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა. ლაშა ხუციშვილისავე განმარტებით, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური - ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი ბრუნვის - გადასახადით, ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილისავე განცხადებით, მცირე ბიზნესისთვის გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვის წარმოება. კერძოდ, მცირე მეწარმეებს არ ექნებათ საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოებისა და სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება. მცირე მეწარმეები ვალდებულნი იქნებიან კანონით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები. ამასთან, გადასახადის დეკლარირება მოხდება ყოველთვიურად და გაუქმდება მიმდინარე ე.წ. საავანსო გადახდის ვალდებულება.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ ჭელიძის, განცხადებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა, ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს – 1%-ს - მცირე ბიზნესისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯების მინიმუმამდე შემცირებას.მიხეილ ჭელიძის აზრით, რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს მეორე დონის კოოპერატივ „თაფლი საჩინოს“ წარმომადგენელი მინდია ქავთარაძე.

ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის, ლევან ჭიჭინაძის, განცხადებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს ბიზნესის გაფართოებაში, თუმცა ხარჯების შემცირებასა და შემოსავლების გაზრდაზე მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედებს.

ახალი საგადასახადო ინიციატივის წარდგენა
ახალი საგადასახადო ინიციატივის წარდგენა

მცირე მეწარმეობის წახალისების მიზნით მომზადებული ახალი საგადასახადო ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში რისკებს ხედავს ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი. მისი განცხადებით, საგადასახადო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს სექტორის უფრო მეტი გამჭირვალობა, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს მცირე მეწარმეებს, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. პაატა კლდიაშვილის შეფასებით, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, ასეთ შემთხვევაში კი მთავრობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარეზერვო გეგმა, რომ ფინანსურმა შეფერხებებმა არ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზარალი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისების მიზნით მომზადებული დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს ხანში გაეგზავნება. საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ამოქმედება 1 ივლისიდან იგეგმება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG