Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური მედია და რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის არჩევნებში


ამერიკელი კონგრესმენები ცდილობენ დაადგინონ, რა როლს ასრულებდნენ მსოფლიოს უდიდესი სოციალური მედიისა და საინტერნეტო კომპანიები რუსეთის სავარაუდო მცდელობისას, გავლენა მოეხდინა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე. ფეისბუკის, გუგლისა და ტვიტერის ხელმძღვანელობის წევრები 31 ოქტომბერს დაიბარეს სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

სხდომაზე მკაცრი სიტყვებით გამოვიდა სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელი, სენატორი რიჩარდ ბერი: „საქმე არ ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გასაჩივრებას. საქმე არ ეხება იმას, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა. საქმე ეროვნულ უშიშროებას ეხება. ეს კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხია. საქმე გვაქვს ამერიკელი ხალხის მიზანმიმართულ და მრავალმხრივ მანიპულაციასთან, რომელიც მტრული, უცხო ქვეყნის აგენტებმა განახორციელეს. ... კიდევ უფრო დამთრგუნველია ის, რომ ჩვენი გახლეჩის მიზნით ისინი იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს, რომლებიც ამერიკელმა ხალხმა შექმნა, კონსტიტუციის პირველ დამატებასთან კავშირით, რაც ღია და დემოკრატიულ საზოგადოებას განსაზღვრავს“.

სენატორმა მარკ უორნერმა კრემლის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება: „რეალური მომხმარებლების უმეტესობას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამ ქსელებში იყო მოქცეული. ეს ქსელები მოგვიანებით გამოიყენეს დეზინფორმაციის დიდი ნაკადის გასავრცელებლად - მოპარული იმეილების, RT-სა და სპუტნიკის მსგავსი სახელმწიფო პროპაგანდის, ყალბი ახალი ამბებისა და გახლეჩის გამომწვევი შინაარსის ჩათვლით. მიზანი საკმაოდ მარტივია: ეს ეგრეთ წოდებული ახალი ამბები უნდა მოხვედრილიყო ინფორმაციის მიღების პოტენციური მზაობის მქონე ბევრი ამერიკელის ნიუს ფიდში და ამ ამერიკელებისთვის შეფარულად და შეუმჩნევლად მიეცათ ბიძგი იმ მიმართულებისკენ, საითკენაც კრემლს სურდა მათი წაყვანა“.

საგანგებო სხდომაში მონაწილეობდა ფეისბუკის იურისტი, კოლინ სტრეჩიც. შემაშფოთებელი ცნობების პასუხად მან შემდეგი განცხადება გააკეთა: „როგორც კომპანიისთვის, ისე პირადად ჩემთვისაც მტკივნეულია იმის ხილვა, რომ ჩვენ... რომ ჩვენი პლატფორმა ასე არამიზნობრივად იქნა გამოყენებული. ამ ქვეყანაში ხალხს ძალიან აღელვებს საჯარო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ჩვენი, როგორც ქვეყნის, ერთ-ერთი სიძლიერეა ის, რომ ხალხში ასეთი მტკიცეა ნება ამ საკითხებზე თავისუფლად ისაუბროს. ის ფაქტი, რომ უცხოეთის აგენტებმა შეძლეს ჩვენი პლატფორმის გამოყენება ამ ღიაობით სარგებლობისთვის, ჩვენთვის ძალიან მტკივნეული გაკვეთილია სამომავლოდ“.

XS
SM
MD
LG