Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Tiger Lillies ფილარმონიის შენობის, „ბნელი მუსიკისა“ და საბჭოთა ესთეტიკის შესახებ


The Tiger Lillies საკულტო ბრიტანული ჯგუფია, რომელიც მალე მესამედ წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე. ეს ინტერვიუ 3 წლის წინ, ფილარმონიაში მათი კონცერტის დაწყებამდე, ჩაწერა ნიკო ნერგაძემ, თუმცა აქამდე მისი მხოლოდ აუდიოვერსია გავიდა ჩვენს ეთერში. ვიფიქრეთ, რომ კონცერტის წინ ამ ინტერვიუს ტექსტური ვარიანტიც დაგაინტერესებდათ.

ნიკო ნერგაძე: აქ მეორედ ხართ. პირველ ჯერზე რამის ნახვა მოასწარით? ქალაქის დათვალიერება ან რამე ეგეთი...

მარტინ ჟაკი: ისე, რა. ცოტა გავისეირნეთ მთავარ ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან რომაა. ისე, კარგი ქალაქი ჩანს.

ხშირად გვთხოვენ ხოლმე ლიტერატურის ადაპტაციებს. თეატრის რეჟისორები გვიკავშირდებიან ხოლმე და გვთხოვენ მუსიკას, რომელსაც შემდეგ სცენაზე დგამენ. მარტინს ბევრი წიგნის, პიესისა და მოთხრობის ადაპტაცია აქვს გაკეთებული...
ადრიან სტაუტი

ნიკო ნერგაძე: თქვენი მუსიკა ძალიან დაკავშირებული ჩანს ლიტერატურასთან. ჰამლეტისთვის გაქვთ მუსიკა გაკეთებული, ბოლოს ბერლინ-ალექსანდერპლატცის ალბომი გამოუშვით, ბრეხტის თემებზე მუსიკა...

ადრიან სტაუტი: ხშირად გვთხოვენ ხოლმე ლიტერატურის ადაპტაციებს. თეატრის რეჟისორები გვიკავშირდებიან ხოლმე და გვთხოვენ მუსიკას, რომელსაც შემდეგ სცენაზე დგამენ. მარტინს ბევრი წიგნის, პიესისა და მოთხრობის ადაპტაცია აქვს გაკეთებული.

ნიკო ნერგაძე: თუ Spotify-ის ან რამე მსგავსი სტრიმინგ-საიტის გვერდზე The Tiger Lilies ჩაწერთ, ხშირად მსგავს მუსიკოსებად ტომ უეიტსს ან ნიკ კეივს გთავაზობთ. არადა, მუსიკალურად თითქოს ძალიან ახლოს არ დგახართ...

მარტინ ჟაკი: ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ამბებს ვყვებით - ბნელ ამბებს მკვლელობებზე, კრიმინალებზე. მუსიკალურად ბევრი საერთო შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ საერთო გვაქვს აი, ეს ამბები - სიბნელეზე და არა სიცილსა და ბედნიერებაზე.

ნიკო ნერგაძე: არ გინდებათ ხოლმე ისეთი სიმღერების დაწერა - არ მინდა ვთქვა, ნორმალურის, მაგრამ ნაკლებად ბნელის, რომელიც მკვლელობაზე და ზოოფილიასა და ცრემლებზე არ იქნება?

მარტინ ჟაკი: ნორმალური სიმღერების, არა?

ნიკო ნერგაძე: ხომ ხვდებით, ბრჭყალებში...

მარტინ ჟაკი: რამდენიმე გვაქვს. აი, Alone With The Moon, მაგალითად, „ნორმალურად“ შეიძლება ჩაითვალოს. გვაქვს კიდევ რამდენიმე, მაგრამ ნორმალურობისკენ არ ვისწრაფით.

ნიკო ნერგაძე: თქვენი არაა, ხომ?

მარტინ ჟაკი: აჰ, არანაირად.

ნიკო ნერგაძე: თანამედროვე მუსიკას უსმენთ ხოლმე? თქვენი მუსიკა დროთა განმავლობაში კი იცვლება, მაგრამ მაინც მსგავსი რჩება, არა?

მარტინ ჟაკი: ადრიანი უსმენს ხოლმე თანამედროვე სიმღერებს.

ადრიან ჰიუჯი: ხანდახან.

ნიკო ნერგაძე: ვთქვათ, რას?

ადრიან ჰიუჯი: ხან რა,ს ხან რას. ბოლო დროს Sleaford Mods მომწონს. დღეს ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი“ ბენდია. პოეზიას უფრო ჰგავს, რომელსაც გრაიმის ბიტზე კითხულობენ. ინგლისის სუბკულტურასა და სოციალურ საკითხებზე ლაპარაკობენ - დღეს ძალიან პოპულარულები არიან. ისე, ფესტივალებზეც დავდივარ ხოლმე. წელს Primavera Sounds-ზე ვიყავი და ბევრი ახალი ბენდი მოვისმინე. მაგრამ, ხომ იცით, საბოლოო ჯამში, მაინც ისევ ის მოგწონს, რასაც ახალგაზრდობაში უსმენდი. ყველა ეგრეა. თან, ძველის ახლებური ვერსია მაინცდამაინც უკეთეს ვერსიას არ ნიშნავს. იმ დღეს მოვისმინე Savages და ჩემთვის Siouxie and the Banshees გადამღერება იყო. ჰოდა, რატომ ვუსმინო მათ, როდესაც Siouxie and The Banshees უკვე არის?

მე არა მგონია, რომ რომელიმე ბენდი, რომელიც სიბნელეზე მღერის, სულ „ბნელად“ გრძნობდეს თავს... მგონი, ასე ხდება - რაც სიბნელე გაქვს, მაგას მუსიკით გამოიღებ გარეთ და მერე შეგიძლია ისევ მხიარულად იყო. საბოლოოდ კი, ეს, უბრალოდ, ამბებია. ის ავტორები, ვინც სერიულ მკვლელებზე წერენ, მერე მართლა ხომ არ კლავენ ვიღაცებს. ეგრე არაა?..
ადრიან ჰიუჯი

ნიკო ნერგაძე: და ეს ახალი ბენდების მოსმენა თქვენზე რამე გავლენას ახდენს? თითქოს სხვების გავლენა თქვენს მუსიკაზე არასდროს იგრძნობა ხოლმე, თუ კაბარეს არ ჩავთვლით.

მარტინ ჟაკი: რანაირად მოახდენს, მე მაგას საერთოდ არ ვუსმენ და მუსიკას ჯგუფში ძირითადად მე ვწერ. წლებია, არაფერი თანამედროვე არ მომისმენია. ჩემი გავლენა უფრო ძველი, ძველი მუსიკაა - 20-იანი და 30-იანი წლებიდან - და კიდევ ედიტ პიაფი, ჟაკ ბრელი და ეგენი.​

ადრიან სტაუტი: მარტინ, „სლეიერს“ ეგრევე არ მოუსმინე?

ნიკო ნერგაძე: „სლეიერი“ გიყვართ?

ადრიან სტაუტი: კი, საინტერესო მუსიკაა და მათი ტექსტებიც მომწონს. არაა მარტივი ტექსტი. მარტინი დაგვპირდა, რომ მოუსმენდა, მაგრამ პირობა, მგონი, არ შეუსრულებია.

ნიკო ნერგაძე: თქვენს მუსიკასაც რომ მოვუბრუნდეთ, აგერ, მარტინმაც თქვა, რომ „ნორმალური“ მაინცდამაინც არ გაინტერესებთ, კრიტიკოსებიც ხშირად „ბნელი“ და „სუბვერსიული“ და ეგეთ ზედსართავებს იყენებენ თქვენი ალბომების აღწერისას. არადა, მხიარული ხალხი ჩანხართ. თქვენი პიროვნების რა ნაწილი აისახება მუსიკაზე?

ადრიან ჰიუჯი: მე არა მგონია, რომ რომელიმე ბენდი, რომელიც სიბნელეზე მღერის, სულ „ბნელად“ გრძნობდეს თავს. თან, მგონია, რომ ამას ცოტა იუმორითაც უნდა მიუდგე. სულ რომ დუმ მეტალის მომღერლები აიღო, მგონია, რომ სტუდიის გარეთ უმეტესობა მხიარული ხალხია. მგონი, ასე ხდება - რაც სიბნელე გაქვს, მაგას მუსიკით გამოიღებ გარეთ და მერე შეგიძლია ისევ მხიარულად იყო. საბოლოოდ კი, ეს, უბრალოდ, ამბებია. ის ავტორები, ვინც სერიულ მკვლელებზე წერენ, მერე მართლა ხომ არ კლავენ ვიღაცებს. ეგრე არაა?

ნიკო ნერგაძე: წამიკითხავს, რომ მერილინ მენსონმა თავის ქორწილში თქვენი მუსიკა დაუკრა. რაღაცნაირად სასაცილოა, არა?

მარტინ ჟაკი: კი, ჩვენც ვიმხიარულეთ.

ადრიან სტაუტი: ის ჩვენი მეგობრების ახლობელია და მაშინ ბურლესკის პერიოდი ჰქონდა და მაგის ესთეტიკას ითვისებდა. ცდილობდა, მეტალის ფესვებს დაშორებოდა და შესბამისადაც იცვამდა - ბურლესკის ტანსაცმელს ყიდულობდა. ამ ჩვენს მეგობრებს კი ფეტიშ-კლუბები აქვთ და ეგეთ ტანსაცმელს კერავენ. ალბათ, მანდ მოისმინა.

ნიკო ნერგაძე: მგონი, „გარდიანთან“ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი გისმენთ. მელ ბრუკსი ახსენეთ. კიდევ ვინ არიან თქვენი ცნობილი ფანები?

მარტინ ჟაკი: კი, მახსოვს, ეგ ვთქვი და მაგის მერე, მგონი, აღარავინ ცნობილ ადამიანს აღარ უთქვამს ჩვენზე არაფერი. მელ ბრუკსით დავამთავრეთ, ალბათ.

მომწონს ეგ ძველი საბჭთა სტილი, რომელიც ნელ-ნელა ქრება. აი, ვარშავაში ჰქონდათ ადრე - უზარმაზარი საბჭოთა სტილის სადგური იყო, დღეს კი ის სავაჭრო ცენტრს ჰგავს, რომელიც ნებისმიერ სხვა დასავლურ ქალაქში იდგებოდა. მე ძველმოდური სტილი უფრო მიყვარს, ცემენტით და ეგეთი ესთეტიკით...
მარტინ ჟაკი

ნიკო ნერგაძე: თქვენს კონცერტებზე მუსიკასთან ერთად ვიზუალურ კომპონენტსაც დიდ ყურადღებას უთმობთ - კოსტიუმები იქნება თუ დეკორაცია. აქაურობა, ანუ ფილარმონიის შენობა, როგორ მოგწონთ?

მარტინ ჟაკი: მომწონს, კი. აი, ეს ძველი ხე მომწონს, კიდევ კედელზე რომ მასალაა გაკრული. ადრე მქონდა გიტარა, რომელიც მაგით იყო დაფარული - არც ვიცი, რა ჰქვია, რაღაცნაირი პლასტმასა თუ ლინოლეუმისნაირი რამე. მომწონს ეგ ძველი საბჭთა სტილი, რომელიც ნელ-ნელა ქრება. აი, ვარშავაში ჰქონდათ ადრე - უზარმაზარი საბჭოთა სტილის სადგური იყო, დღეს კი ის სავაჭრო ცენტრს ჰგავს, რომელიც ნებისმიერ სხვა დასავლურ ქალაქში იდგებოდა. მე ძველმოდური სტილი უფრო მიყვარს, ცემენტით და ეგეთი ესთეტიკით.

ადრიან ჰიუჯი: ყველა ამ ძვირ მასალებზე გადაერთო, შუშასა და ფოლადზე, და ამ დროს იაფი მასალა, რომელიც შეიძლება ვიზუალურად უფრო საინტერესო იყოს, სულ იკარგება.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG