Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2017 წლის მიმოხილვა


აფგან მიხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში
აფგან მიხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში

გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბარს ე.წ. ციანიდის საქმით დავიწყებთ. 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოში ამ საქმეზე დავა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ მამალაძეს ბრალად ედებოდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი, შეიძინა, და, ასევე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. სასამართლომ „ანგარებით მკვლელობის მომზადების“ მუხლი „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მუხლით“ შეცვალა.

2017 წლის მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:49 0:00
გადმოწერა
არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას ასეთი არაფრის მთქმელი და არაფრის მკეთებელი სასამართლო. ესენი ვერ განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. ჩვენ დღეს ვართ დაცვის და უფლებების გარეშე. მოსამართლემ დღეს იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციებს და ყველანაირ კანონმდებლობას, რაც კი საქართველოში არსებობს...
გიორგი მამალაძის ადვოკატი

მამალაძე დამნაშავედ ცნეს იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილშიც, თუმცა, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს, სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს.

„არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას ასეთი არაფრის მთქმელი და არაფრის მკეთებელი სასამართლო. ესენი ვერ განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. ჩვენ დღეს ვართ დაცვის და უფლებების გარეშე. მოსამართლემ დღეს იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციებს და ყველანაირ კანონმდებლობას, რაც კი საქართველოში არსებობს“.

5 სექტემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლის განაჩენს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ამ გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა და რომ სახალხო დამცველის მონიტორინგმა ძიების პროცესში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს საქმე სააპელაციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

ფართო საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო გასულ წელს, ასევე, საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის, საქმე. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს. საქმე მის წინააღმდეგ სამი მუხლითაა აღძრული: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ვალუტის კონტრაბანდა და მესაზღვრეებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ჟურნალისტის მტკიცებით, ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს. საქმე საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღიძრა. საქმეს 20 ივლისამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო, 20 ივლისის შემდეგ კი საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. პარალელურად აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში, გრძელდება თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმის არსებითი განხილვა,

აფგან მიხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში
აფგან მიხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში

აზერბაიჯანის სასამართლოს ობიექტურობის იმედი არა აქვს მის ადვოკატს საქართველოში, არჩილ ჩოფიკაშვილს:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს გადაჭარბებული მოლოდინები აზერბაიჯანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ვინაიდან აფგან მუხთარლი 29 მაისს როდესაც გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მას წაუყენეს გამოგონებული ბრალდებები. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში იმ ფონზე, როდესაც სრულყოფილი გამოძიება არც საქართველოში ჩატარებულა ამ გატაცების ფაქტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, არც აზერბაიჯანში, ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ პირობებში, რომ პირველი ამოცანა, რაც დასახული ჰქონდათ გამტაცებლებს, რომ თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო გაენეიტრალებინათ აფგან მუხთარლი, ეს გაგრძელდება ბოლომდე“.

წლის განმავლობაში გრძელდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და დავა რამდენიმე მუხლის გარშემო. კრიტიკის საგანი იყო უმთავრესად საარჩევნო კანონმდებლობის საკითხები. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნის პროექტი ვენეციის კომისიამ საქართველოში 22 სექტემბერს გამოგზავნა. მასში გამოთქმული ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადავადებას შეეხება, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ ამ იმედგაცრუებას გარკვეულწილად „ამსუბუქებს“ 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკების შექმნის დაშვება, ერთჯერადად 3%-იანი ბარიერის შემოღება და, ასევე, 2024 წლისთვის გადაუნაწილებელი მანდატებისთვის ბონუსური სისტემის გაუქმება. უნდა ითქვას, რომ, გარდა 3 %-იანი ბარიერისა, საქართველოს ხელისუფლების ეს დაპირებები დამტკიცებულ პროექტში არ შესულა და მათ, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ცალკე გაიტანენ. ვენეციის კომისიის იმედგაცრუებათა ჩამონათვალშია, ასევე, ის ფაქტი, რომ ვერ მოხერხდა ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარშემო. შეუთანხმებლობას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებდა. ახალი კონსტიტუციის პროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, არც პოლიტიკურ ძალებს შორის და არც წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში მხარდამჭერი არ გამოსჩენია. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ თვლის, რომ ფართო კონსენსუსის გარეშე დამტკიცებული კონსტიტუციის ლეგიტიმაცია ძალიან სუსტია და ეს არის დიდი პრობლემა სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ამის მიუხედავად, 26 სექტემბერს, როდესაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრით -117 მომხრე 2-ის წინააღმდეგ - დამტკიცდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ვერ იპოვით ვერც ერთ მუხლს ახალ დოკუმენტში, რომლითაც მმართველი ძალა იუმჯობესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. არ არის არც ერთი მუხლი... ამის სანაცვლოდ, არის უამრავი მუხლი, სადაც მმართველი პარტია იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს დემოკრატიული განვითარების პროცესი და გაგრძელდეს სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა“.

გასულ წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 21 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა 64 საკრებულოს 2 058 წევრი და 64 მერი პირდაპირი წესით აირჩიეს. რამდენიმე რეგიონში არჩევნების მეორე ტურიც გაიმართა. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნით, კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა კარგად ორგანიზებულ და მასშტაბურ ხასიათს ატარებდა მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის მონაცემების შეგროვება და მათი მობილიზება ხმის მიცემის მიზნით, ეს კი დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა შეაფასეს როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, რამაც ჩრდილი მიაყენა ამომრჩევლის ნების თავისუფლების პრინციპს.

დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.49 %-ით. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია - 16.53 %-ით. შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია - 7.12 %-ით და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი - 3.02 %-ით. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3 %-ზე ნაკლები დააგროვეს.

ტყის ხანძარი აბასთუმანში
ტყის ხანძარი აბასთუმანში

ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ფონდს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე 20 აგვისტომდე ხანძრის 24 შემთხვევა იყო აღრიცხული, რასაც 20 აგვისტოს შემდეგ კიდევ 8-10 შემთხვევა დაემატა. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, წლევანდელი შემთხვევების რიცხვი არ აღემატება წინა წლების სტატისტიკას, თუმცა წელს გამორჩეულია ხანძრის გავრცელების მასშტაბები:

„საშუალოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე წელიწადში 50-60 ხანძრის შემთხვევა ხდება და ხანძრით მოცული ტერიტორია არის ხოლმე 50-დან 100 ჰექტარამდე. როგორც წესი, ეს არის ხოლმე დაბლითი ხანძრები, როდესაც ჩამოყრილი ბალახი და მკვდარი საფარი იწვის. მალევე ვახერხებთ ლოკალიზებას და, როგორც წესი, ასეთი ხანძრების დროს ხე-მცენარეებიც დიდ ზიანს არ იღებენ... როგორც წესი, ეს ხანძრები არ არის ისეთი მასშტაბური და ზიანის მომტანი, როგორებიც იყო 20 აგვისტოს შემდეგ დაწყებული ხანძრები, დაწყებული სოფელ დაბიდან და შემდეგ – აბასთუმანი თუ სხვა ტერიტორიები“.

აგვისტოსა და სექტემბერში ცეცხლმა საქართველოში გადაწვა რამდენიმე ასეული ჰექტარი და ჯერ მარტო ბორჯომის ხეობაში 20-26 აგვისტოს ცეცხლი 752 ჰექტარს მოედო.

გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენების თუ გადაწყვეტილებების მიმოხილვისას უნდა გავიხსენოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პირი ისჯებოდა მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის. ამ დროიდან მარიხუანის მოხმარების გამო პირს, შესაძლოა, მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს. სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საზოგადოებრივი აქტიურობა. მათ შორის ყველაზე აქტიური იყო „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა, რომლის სახელითაც თბილისში არაერთი აქცია გაიმართა.

გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ...
მიხეილ ჩხენკელი

გასული წლის მიწურულს თბილისის ცენტრში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა ურთიერთდაპირისპირებისას, დანით სასიკვდილოდ დაჭრეს 51-ე საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი. 2 დეკემბერს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა 16 წლის მოზარდი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს კიდევ სამი პირი, მათ შირის ერთი - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, 2 კი - დანაშაულის დაფარვისთვის.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რისთვისაც შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. მინისტრის თქმით, უკვე დაისახა რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია:

„პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება; ასევე, მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ“.

გასული წლის ნოემბერში თბილისში გაბრიელ სალოსის გამზირზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სპეცოპერაცია განხორციელდა. საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია ერთი დღე-ღამის განმავლობაში ურთიერთსროლის ფონზე მიმდინარეობა. დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. 1 დეკემბერს დადასტურდა არსებული ვარაუდი, რომ 21-22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია კიდევ ორი პირი, ერთი კი დაკავებულია. სუსს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გეგმავდა დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორ შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებულმა პირმა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი. სახელმწიფო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა გაქცევა მოახერხა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც პირველი ლაპარაკობდა ჩატაევის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ეჭვების არსებობაზე, 1 დეკემბერს კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა:

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი, დღეის მდგომარეობით, დგინდება. პირველადი მონაცემებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა და, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ეს ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული“.

სუსის ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

გასული წლის 23 ნოემბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი, რომელიც, საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათალიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, მართავს ეკლესიას ახალი კათალიკოს-პატრიარქის არჩევამდე. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 23 ნოემბერს დაწერილი ბრძანება მრევლს ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე წაუკითხა. მიტროპოლიტ შიო მუჯირის თქმით, შექმნილია განსაკუთრებული ვითარება, რადგანაც ვერ იხსენებს შემთხვევას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს დაესახელებინოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმითაც, როგორც წესი, მოსაყდრის ვინაობა ცნობილი ხდებოდა პატრიარქის ანდერძიდან.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG