ვლადიმირ პოზნერმა საქართველო დატოვა - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 აპრილს

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს. ისინი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს

ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, დღეს დილით რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.

აქციების ფონზე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ თბილისში. პროტესტი დაიწყო ჯერ სასტუმრო „ვინოტელთან“ სადაც პოზნერი თავდაპირველად დაბინავდა, შემდეგ კი პროცესები სასტუმრო "რუმსთან" გაგრძელდა, მას მერე რაც ის და მისი სტუმრები პოლიციის დახმარებით "რუმსში" გადაიყვანეს.

პროტესტი კომენდანტის საათის პარალელურად ჯერ მცირე მასშტაბით დაიწყო. აქციაზე მივიდა მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. მან 112-ში დარეკა და შეატყობინა იმის შესახებ, რომ პოზნერი და მისი სტუმრები სასტუმროს რესტორანში კომენდანტი საათის წესების დარღვევით ვახშმობდნენ.

ამის შემდეგ სასტუმრო "ვინოტელში" შევიდა პოლიცია და შრომის ინსპექცია. ამ უკანასკნელმა ობიექტი დააჯარიმა 10 ათასი ლარით.

აქციას ხალხი და სამართალდამცველების შემადგენლობა სწრაფად მიემატა. პარალელურად განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პოზნერს საზღვრის გადმოკვეთით კანონი არ დაურღვევია.

„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ვლადიმირ პოზნერი რუსული პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი სახეა. ის საქართველოში თავისი 87 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

გუშინ აქტივისტებმა საზოგადოებას შეახსენეს მის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება. მას საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

უშედეგო რაუნდი#2 - რაზე მსჯელობდნენ და რა ჩაიწერა შეთანხმებაში?

ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ჯერ ისევ მიუღწეველია ევროკავშირის მიზანი - გამონახოს კრიზისის დაძლევის გზები საქართველოში. უშედეგო აღმოჩნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ორი მცდელობა.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ოპოზიციის ულტიმატუმების გამო ჩაიშალა. ევროკავშირი კი აცხადებს, რომ შეთანხმებას ხელი არც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და არც ოპოზიციურმა პარტიებმა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 30 მარტს თითქმის 8 საათის განმავლობაში მიმდინარე ორმხრივი თუ ცალმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები, რომლებსაც ვერ ვხვდებით მედიატორის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში:

მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე იყო მსჯელობა ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის ევროკავშირის დახმარებით გადახდასთან დაკავშირებით;

მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე იყო მსჯელობა გიორგი რურუას გათავისუფლებაზე შემოდგომაზე, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენებით.

როგორც რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა უთხრა, ეს წინადადებები მათ მხოლოდ სიტყვიერად მოისმინეს და ისინი დოკუმენტში არ ყოფილა შეტანილი.

რატომ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს „ოცნებამ“ და რა არგუმენტებით დატოვა შეთანხმების ტექსტი ხელმოწერის გარეშე ოპოზიციამ? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კლასტერული შემთხვევები ისევ გამოჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა. გამყრელიძის ინფორმაციით, კლასტერული მცირე ეპიდაფეთქებაა საწარმო „აჭარატექსტილში“, სადაც ინფიცირების 88 შემთხვევაა. ასევე, კასპის, ცაგერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანახმად, ასეთ ადგილებში მოხდა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების სწრაფად თვითიზოლირება.

პარალელურად ქვეყანაში გრძელდება Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიზნე ჯგუფებს 55+ ასაკის მოსახლეობაც დაემატება. რეგისტრაცია 5 აპრილიდან დაიწყება.

31 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო Pfizer-ისგან კიდევ 1 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. მისი თქმით მოლაპარაკებები კომპანიასთან ბოლო ფაზაშია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ასევე ნახეთ

12 კითხვა რომელსაც covid 19 -ის ვაქცინაციამდე დაგისვამენ -  გაეცანით კითხვარს    

WISG: საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარებს

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფის" (WISG) ინფორმაციით, 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ადამიანის გენდერის სამართლებრივად აღიარების. „ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია", - აცხადებს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი".

წაიკითხე მეტი.

რატომ მარცხდება ევროკავშირი სამეზობლოში

გუშინ ევროკავშირმა მორიგჯერ განიცადა მარცხი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მცდელობისას. შეიძლება ეს წარუმატებლობა ვინმემ შეადაროს ბლოკის მცდელობებს, მიაღწიოს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას - პროცესს, რომელიც უკვე ათწლეულებია წინ არ მიდის.

ცხადია, არასწორი იქნება პირდაპირი პარალელების გავლება დასავლეთ ბალკანეთის გეოპოლიტიკურ საკითხებსა და სამხრეთ კავკასიის საშინაო საქმეებს შორის, თუმცა მათ ერთი დიდი რამ აკავშირებთ - ბრიუსელს სამეზობლოში რაიმე ზეწოლის განხორციელება სრულიად არ ძალუძს.

ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ევროკავშირს, როგორც ჩანს, ლამის დაავიწყდა, თუ რამ მოუპოვა მას 2012 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. აი, თვალი მოავლეთ იუსტუს ლიპსიუსის სახელობის საზიზღარ შენობას, სადაც ევროპის კავშირის საბჭოა განთავსებული და სადაც ევროკავშირის უთვალავი სამიტი ჩატარებულა. ის, წესით, ევროკავშირის ძალაუფლების მწვერვალია, მაგრამ აქ საინტერესოს ვერაფერს დაინახავთ, უსახური ოფისების, გახუნებული ხალიჩებისა და მეტისმეტად ძვირი კაფეტერიის გარდა. თუმცა ორი რამ კი მოგეჩხირებათ თვალში. ერთია თავად იუსტუს ლიპსიუსის ბიუსტი - ჰოლანდიელი ფილოსოფოსის ქანდაკება საუკეთესო ადგილია ევროკავშირის დიპლომატებთან შეხვედრის დასათქმელად. მეორე კი ნობელის მშვიდობის პრემიის რეპლიკაა, რომელსაც თან შესაბამისი დიპლომი ახლავს. მას საამაყო ცენტრალური ადგილი უჭირავს მთავარ დერეფანში და გარშემორტყმულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დროშებით.

წაიკითხე მეტი რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპოდენტის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.

შიმშილი სხვადასხვა ტიპის არსებობს, მათ შორის გამოწვეული იმით, რომ კვების რაციონში არასწორად არის განაწილებული ის პროდუქტები, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებ.

გაჭირვების დროს, ხშირად, უპირატესობა ისეთ საკვებს ენიჭება, რომელიც დანაყრების გრძნობას აძლიერებს.

როგორ და რით იკვებებიან საქართველოში, სიდუხჭირის პირობებში და რა შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანმა, არაჯანსაღმა კვებამ?