Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020: ეჭვები რუსულ ფულზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 აგვისტოს


არჩევნები: რა მიზანი აქვს ფულს რუსეთიდან?

გუშინ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ამის მიზეზი რუსული ინტერნეტგამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. გამოცემა ასახელებს თანხასაც. გამოცემის ცნობით, პარტია მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა 2020 წლის არჩევნების დასაფინანსებლად.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტია მართლაც სარგებლობს რუსული საკონსულტაციო კომპანიის სერვისით, ხოლო ფულადი დახმარების რუსეთიდან მიღებას კატეგორიულად უარყოფს.

„დოსიე“ ასევე წერს იმ თემებზე, რისი გამოყენებაც რუსულმა საკონსულტაციო კომპანიამ „პატრიოტთა ალიანსს“ ურჩია: ამომრჩევლების დაპირისპირების გაღვივება, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ორიენტირება.

რა ვიცით გამოცემა „დოსიეს“ შესახებ? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის გამოძიება და რა საფრთხეზე ვსაუბრობთ, როცა წინასაარჩევნოდ რუსული ფულის თემა ხდება აქტუალური - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

გახდება თუ არა უსაფრთხო გზები მთავრობისთვის პრიორიტეტი

25 აგვისტო შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამავე დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აქციაზე შეიკრიბნენ. მათ მთავრობას შეახსენეს, რომ ამ ერთ ავარიას თითქმის იმდენივე მსხვერპლი ჰყავდა, რაც თებერვლიდან დღემდე კორონავირუსს და რომ მანამდეც ასობით ადამიანი შეეწირა ავტოავარიას საქართველოს გზებზე. მათი თქმით, გზების უსაფრთხოება ჯერ კიდევ მიუღწეველ მიზნად რჩება.

არადა, სამთავრობო პროგრამაში, რომელიც 2019-2020 წლებისთვისაა განკუთვნილი, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის გამოყოფილი.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის ვადა სრულდება

გუშინ საქართველოში კორონავირუსის შედეგად მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ის სოფელ ლენჯერის კლასტერს განეკუთვნებოდა და შინ მკურნალობდა. ვირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის კიდევ სამ წევრს.

დღეს კი მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინის ვადა ეწურება მათ, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მათ უმრავლესობას, 80-85 პროცენტს, უკვე ჩატარებული აქვს განმეორებითი ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო და დატოვეს საკარანტინო სივრცეები. დარჩენილ 15-20 პროცენტს ხვალ და ზეგ ჩაუტარდება ტესტირება და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქაც უარყოფითი იქნება“, - თქვა გამყრელიძემ.

მინსკში კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა ანტისამთავრობო მიტინგზე

ბელარუსის დედაქალაქში სამშაბათს კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, წინააღმდეგ. ოპოზიციის განცხადებით, შეკრების არაფორმალური მიზეზი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღის, 25 აგვისტოს, აღნიშვნა. 29 წლის წინ, 1991 წლის 25 აგვისტოს ბელარუსმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატების სარჩელი 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გადათვლის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია, თუ არჩევნები თავად კომისიამ არ ცნო უკანონოდ.

წაიკითხე მეტი.

კრემლი ვერ ხედავს საფუძველს ნავალნის მოწამვლის გამოძიებისათვის

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ჯერჯერობით, ვერ ხედავს ნავალნის მოწამვლის საქმის გარშემო გამოძიების დაწყების საფუძველს, რადგან არ არის დადგენილი, თუ რა ნივთიერებით არის მოწამლული რუსი პოლიტიკოსი.

„ჩვენთვის გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით ჩქარობენ ასე ჩვენი გერმანელი კოლეგები სიტყვა „მოწამვლის“ გამოყენებას“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს ბრიფინგზე.

გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფომ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რუსი ოპოზიციონერი „მოწამლულია“ ნივთიერებით, რომელიც მიეკუთვნება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.

წაიკითხე მეტი.

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

11 წლის ავთომ თავი მოიკლა თუ მამას ცემაში შემოაკვდა, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ ეტაპზე, 49 წლის კაცს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. ახლობლები კი არც იმას გამორიცხავენ, რომ მამას შვილი შემოაკვდა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა გაითამაშა.

ავთო წელს მეექვსე კლასში უნდა შესულიყო, ჭიდაობაზე დადიოდა და როგორც მეგობრებს ეუბნებოდა, დედას სექტემბერში მისთვის „კვადროციკლი“ უნდა ეყიდა.

ავთოს ბებია (დედის დედა) ამბობს, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, მისი სიძე დაემუქრა მის ქალიშვილს, რომ თუკი ფულს დროულად არ გამოუგზავნიდა, ბავშვს ცოცხალს ვეღარ ნახავდა.

რა იცოდა ავთოს მძიმე ცხოვრების შესახებ სკოლამ, პოლიციამ, სოციალური მომსახურების სააგენტომ - წაიკითხე ნინო თარხნიშვილისა და თათა კაჭკაჭიშვილის სტატიაში.

დონალდ ტრამპი ამერიკელებისთვის კარგად იყო ცნობილი, როგორც ბიზნესმენი და ტელევარსკვლავი, როცა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოულოდნელად გაიმარჯვა, როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა.

ის ახლა, იმ წელიწადს, რომელიც პირველ რიგში კორონავირუსის პანდემიით აღინიშნება, ამერიკის პრეზიდენტობის მეორე ვადით მოპოვებას ესწრაფვის.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ქალაქ შარლოტში ტრამპი 24 აგვისტოს ოფიციალურად დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

XS
SM
MD
LG