Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიჭერენ თუ ვერ დაიჭერენ ნიკა მელიას? - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 თებერვალს


რა თეორიული გზები რჩება სასამართლოს, თუკი არ დააპატიმრებს ნიკა მელიას

ხმაურისა და პროტესტის ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიას „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ შეუწყვიტა დეპუტატის უფლებამოსილება. გუშინ პროკურატურამ მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს ოფიციალურადაც მიმართა. დაიჭერენ თუ ვერ დაიჭერენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს?

რადიო თავისუფლებამ ამ თემაზე ადვოკატ კახა წერეთელს მიმართა კითხვებით, რომელსაც მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება აქვს. კახა წერეთელმა გვითხრა, რომ სასამართლოს არ აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ აუცილებლად დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნები, მაშინ სასამართლო არ იარსებებდა და მიმართვას საერთოდ აზრიც არ ექნებოდა.

რა მოხდება, თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ? ოპოზიცია, რომელიც მთელი დღე გულშემატკივრობდა ნიკა მელიას, ამბობს, რომ მას „დაიცავენ“. „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გუშინ ისიც თქვა, რომ თუ ხელისუფლება დააპირებს ოფისიდან ნიკა მელიას სპეცრაზმის საშუალებით გაყვანას, მათ ხალხი „შიშველი ხელებით დახვდება“.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დაიწყება - დაცვას უარი უთხრეს მის შეწყვეტაზე

საქმის არსებით განხილვამდე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ცდილობდნენ, მოსამართლე დაერწმუნებინათ იმაში, რომ საქმე, სადაც არ არსებობს დანაშაული და შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები და დამნაშავეები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს თუ არა საქმე, სადაც პროკურატურას ამოღებული აქვს სათამაშო თოფი და ამტკიცებს, რომ ეს თოფი ნამდვილია და მასზე ექსპერტიზა არ აქვს ჩატარებული. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა ჩატარებული, რომელიც ამბობს, რომ ეს თოფი სათამაშოა”- იკითხა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ 16 თებერვალს “კარტოგრაფების საქმის” წინასასამართლო სხდომაზე. მოსამართლემ თქვა, რომ თუკი ბრალდების მხარეს მართლაც არ აღმოაჩნდება საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მაინც გამართლდებიან და საქმის შეწყვეტის ნაცვლად ის არსებითი განხილვისთვის გადასცა სასამართლოს, მანამდე კი დასაშვებად ცნო ყველა ის მტკიცებულება, რაც დაცვის და ბრალდების მხარეებმა წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვეს.

რა მტკიცებულებები ცნო სასამართლომ დასაშვებად და რას ამბობენ ადვოკატები? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს გაიმართება.

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, გოგოს ბაბუას, 76 წლის ს.ც.-ს ბრალდება წარედგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

წაიკითხე მეტი.

გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივებას ევროკავშირის დელეგაცია ეუთოში გამოეხმაურა

ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივებას ევროკავშირის დელეგაცია ეუთოში განცხადებით გამოეხმაურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას ევროკავშირის დელეგაციის მიერ საგანგებო განცხადებაზე ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ცხინვალის ციხის უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივებას ეხება.

ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატის გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ერთ დღე-ღამეში 35 121 პირი დარეგისტრირდა გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველად

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთ დღეში, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ.

წაიკითხე მეტი.

პანდემიამ ლგბტ+ თემს ბევრგან შეუქმნა პრობლემები, მათ შორის საქართველოში - უფლებადამცველების მოხსენება

„ILGA-ევროპამ“, რომელიც ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე 600-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს თემის წარმომადგენლებს განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა.

სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში მათი დახმარება აქტივისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იტვირთეს, რომლებმაც ყველაზე უფრო დაუცველებისათვის ფული შეაგროვეს.

„ILGA-ევროპა“ წერს, რომ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა შემწეობის ერთჯერადი პაკეტი მიიღეს სახელმწიფოსგან, რომელშიც საკვები და პირადი ჰიგიენის ნივთები შედიოდა. UNDP-მ კი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ლგბტ+ ადამიანებისათვის დახმარებას გამოყოფდა.

წაიკითხე მეტი.

აფხაზეთი - უკან, 90-იანებში... კრიპტოფერმებით

90-იანი წლები აფხაზეთში სულ უფრო ხშირად ახსენდებათ. უშუქობის ჟამს ადამიანები ნავთქურებით თბებიან, რადგან, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, გაზი იქ არასდროს გაუყვანიათ.

ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ საცხოვრებელი სახლები არ რჩება. შუქი ქრება საავადმყოფოებში, პოლიციის შენობებში, პურის საცხობებში, საპარიკმახეროებში.

ენერგოკრიზისის გამო, 2020 წლის ბოლოს მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდებოდა, ახლა კი ადამიანებს ისიც ვერ გაურკვევიათ, “დალოდების საათები” როდის უწევთ.

ენერგოკრიზისი, რომელიც ბოლო დროს უკიდურესად გამწვავდა, უკვე ხუთი წელია, გრძელდება და ყველამ იცის, რომ მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის უკონტროლო მოპოვებაა. ბიტკოინისა და სხვა ციფრული ფულის შოვნას ბევრი ელექტროენერგია სჭირდება, დენი კი აფხაზეთში ძალიან იაფი ღირს. ამ ხელსაყრელ პირობებში კრიპტოფერმის აწყობა ბევრმა მოინდომა. იანვარში დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ორგანმა განაცხადა, რომ 2016 წლიდან მოყოლებული აფხაზეთში დენის მოხმარებამ 30%-ით იმატა.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

1990-იანი წლების დასაწყისში, ცხინვალში კონფლიქტის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთის ამ სოფლის ბევრმა მკვიდრმა დაკარგა ახლომდებარე სანატორიუმში სამუშაო - იქ დევნილები ჩასახლდნენ.

2002 წელს უზარმაზარი მყინვარი ჩამოწვა, რამაც 125 ადამიანი შეიწირა და ყველაფერი გაანადგურა. დღეს მთელი სოფელი 5-სართულიან კორპუსში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG