Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზის არშეწყალების ამბავი და გაგრძელება


პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ ხუთ პირს შორის არ არის ე.წ. „ციანიდის საქმის“ მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე. გადაწყვეტილების დასაბუთების მცდელობისას სალომე ზურაბიშვილმა „პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა“ ახსენა, თუმცა დეკანოზი ასეთი ბრალდებით არ იხდის სასჯელს.

რა დგას გიორგი მამალაძის არშეწყალების უკან? რა შიშზე ლაპარაკობს დეკანოზის ოჯახი? უკავშირდება თუ არა დეკანოზის არშეწყალება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას?

რატომ არ შეიწყალა მამალაძე პრეზიდენტმა?

„ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს - შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?!“, - ეს რიტორიკული შეკითხვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 6 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დასვა.

არშეწყალების გადაწყვეტილება კი ასე ახსნა:

  • „ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას“;
  • „მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს“;
  • „პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას“;
  • „სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა".
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის არშეწყალებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „ბოლომდე“ მოისმინა ადვოკატების არგუმენტები და „დეტალურად“ გაეცნო სინოდის შუამდგომლობას დეკანოზის შეწყალების თაობაზე, მაგრამ შეწყალებაზე მაინც უარი თქვა.

რატომ უგულებელყო სალომე ზურაბიშვილმა წმინდა სინოდის შუამდგომლობა?

მისი პასუხი ასეთია:

„შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება... სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა დისკრეციულ უფლებას“.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ისიც თქვა, რომ „ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან“.

აგვისტოს მეტად ხმაურიანი შეწყალების აქტის შემდეგ, პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. საშობაო შეწყალება პირველია ამ მორატორიუმის კვალდაკვალ შემუშავებული ახალი წესით, რომელიც 2019 წლის 26 ნოემბრის 556-ე ბრძანებულებას ეყრდნობა. მართალია, რეგულაციები გარკვეულწილად გამკაცრებულია, მაგრამ ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ:

„საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“.

ე.წ. „ციანიდის საქმის“ მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი უარყოფითად გადაწყდა 2018 წლის სექტემბერშიც, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს.

არაერთი ცნობის თანახმად, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული.

პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა?

„პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას ალბათ განაჩენიც არა აქვს წაკითხული, რომ იცოდეს - თუ რას ედავებიან დეკანოზს. პრეზიდენტმა დღემდე არ იცის, რომ გიორგი მამალაძეს ბრალად არ ედება საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა?!“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

მას სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა დეკანოზზე საუბრისას პრეზიდენტის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა - „პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას“.

ფანცულაიას თქმით:

  • „ეკლესიასთან დაპირისპირებაზე რომ ლაპარაკობს (პრეზიდენტი)... საერო პირი - შორენა თეთრუაშვილი ეკლესია როდიდან გახდა?! შორენა თეთრუაშვილი ეკლესიაა?!“
  • „მოხდა გარიგება საპატრიარქოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“, რათა საპატრიარქოსკენ მიმართული საზოგადოებრივი გულისწყრომა და დარტყმა სხვა მიმართულებით გადატანილიყო“.

გიორგი მამალაძეს 9 წელი აქვს მისჯილი კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არც შემდგომ ინსტანციებზე შეცვლილა. დეკანოზის საქმე სხვადასხვა განხრით ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოშია.

გიორგი მამალაძის დაკავების (2017 წლის 10 თებერვალი) შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ დეკანოზის სამიზნე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. გენერალური პროკურატურა, წყაროზე დაყრდნობით, თავდაპირველად აცხადებდა, რომ "(გიორგი მამალაძეს) უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა“, რაც შემდეგ არ დამტკიცდა.

გიორგი მამალაძის ადვოკატებს აოცებთ პრეზიდენტის მიერ 6 იანვრის ბრიფინგზე ნათქვამი კიდევ ერთი წინადადება - „მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები“. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სახით და როდის მოუსმინა მან ადვოკატებს, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პრეზიდენტთან რაიმე სახის კონტაქტი ან საუბარი უარყო სამივე ადვოკატმა: გიორგი ფანცულაიამ, მიხეილ რამიშვილმა და მია ზოიძემ.

რას ამბობენ საპატრიარქოში და საპატრიარქოზე?

თუკი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს მოვუსმენთ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საპატრიარქოს კმაყოფილება არ გამოუწვევია.

ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მისაღები, სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე აი ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

  • „ჩვენ ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ ამ ფაქტორს - დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას - ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა“;
  • „ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა ეს და ჩვენი ხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ“.

ანდრია ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძეს სათქმელი არაფერი აქვს და ურთიერთგამომრიცხავია განცხადებები, რომ თუ არ გაათავისუფლებენ - დეკანოზი კომპრომატებს გაახმაურებს ანდა იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ დეკანოზმა კომპრომატები არ გაახმაუროს.

დეკანოზის არშეწყალებას პირადად პატრიარქს უკავშირებს დაკავებულის ძმა, თორნიკე მამალაძე. როგორც მან 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ასეთი გადაწყვეტილების მიღება პირადად ილია მეორემ უკარნახა 4 იანვარს, როდესაც პრეზიდენტი მას შეხვდა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქის შიში „სოდომური ცოდვებისა“ და „არაერთი ფინანსური მაქინაციის“ გახმაურებას უკავშირდება.

  • „პატრიარქმა გადაწყვიტა და ამ ინფორმაციების გამო ჩემი ძმა საპყრობილეში დატოვა“;
  • „გვინდოდა, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით (მომხდარიყო განხილვა) ეკლესიის შიდა წრეებში, მაგრამ მათ არ ისურვეს... “;
  • „... მათ არ სჯეროდათ, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში ამ პრობლემების განხილვა მოხდებოდა ეკლესიის შიდა წრეებში“;
  • „გადაწყვიტეს და დატოვეს საპყრობილეში და უკვე ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს ფარდას ავხდით“;
  • „ამას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში - არსებობენ მოწმეები და მტკიცებულებები... ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს ჩვენს სიმართლეში“.

მანამდე, ეკლესიაში ჰომოსექსუალურ კავშირებზე ლაპარაკობდა მეუფე პეტრე და ის პირადად პატრიარქსაც სდებდა ბრალს.

სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებულმა მეუფემ 6 იანვარს დეკანოზის არშეწყალებას „ბოროტება“ უწოდა და ეს პირადად კათოლიკოს-პატრიარქის ინტერესს დაუკავშირა. როგორც მან უთხრა ტელეკომპანია „პირველს“:

  • „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პატრიარქთან და მის გარემოცვასთან შეთანხმებით მოხდა“;
  • „მამა გიორგიმ ხმა აიმაღლა საპატრიარქოში არსებულ ზნეობრივ დარღვევებზე და კორუფციულ, ფინანსურ დარღვევებზე... ამის გამო მოუწყვეს მას სცენარი ციანიდისა და ამის გამო ტოვებენ საპყრობილეში“.

„მამალაძის გათავისუფლება არ უნდათ, რადგან - საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს და როცა გიორგი მამალაძე ამ კითხვებს უპასუხებს, ბევრი რამ გამოაშკარავდება - როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური თვალსაზრისით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი მამალაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

„დეკანოზს სამაგალითოდ სჯიან, რომ არავინ არ გაბედოს ის, რაც მან გააკეთა... მხილების შიშს დაემატა ისიც, რომ მათი გადასახედიდან დეკანოზმა უკვე ძალიან ბევრი გაბედა და ამიტომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს“, - გვითხრა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი ფანცულაია გიორგი მამალაძის პატიმრობას მეუფე იაკობის იმ სკანდალურ განცხადებასაც უკავშირებს, რომლის მიხედვითაც, მაღალჩინოსნები პატრიარქის გადაყენებას გეგმავდნენ. მეუფე იაკობის განცხადება ხელისუფლებამ ყურადღების მიღმა დატოვა.

„ის, რომ პატრიარქის მიმართ გარკვეული უკანონო ქმედებები იგეგმებოდა, ეს „ციანიდის საქმეშიც“ გამოჩნდა... პატრიარქის წინააღმდეგ ნამდვილად ხდებოდა რაღაცეები... უბრალოდ, ამას დეკანოზი კი არ აკეთებდა... ვინც გეგმავდა, იმათ ხელს უშლიდა დეკანოზი და მისი გარემოცვა“, - ამბობს ფანცულაია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG