Accessibility links

site logo site logo

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ უარესდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ივლისს


პლატოდან პიკისკენ - საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი უარესობისკენ იცვლება. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. თუკი ამ ნათქვამს რიცხვებში გადავიყვანთ, ის ასე გამოიყურება: ბოლო 14 დღის განმავლობაში, ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 3,27%-ია. ბოლო შვიდი დღის კი 3,72. მაგალითად, 6 ივლისს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,49% იყო.

ივნისის ბოლოდან მოყოლებული, ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი სტაბილურად, 1000-ზე მეტია და 1400-მდე აღწევს. არ იკლებს გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი და 15-20-ის ფარგლებში მერყეობს.

ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ბრიტანული, ალფა შტამი და ნელ-ნელა ძალებს იკრებს ინდური, ანუ დელტა შტამი. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დელტა შტამის 50-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ საქართველოში კოვიდით ინფიცირების 15-20 % უკვე დელტა შტამზე მოდის, რომელიც პირველადი გამოკვლევების თანახმად, სხვა შტამებზე მეტად გადამდებია და ერთ ინფიცირებულს 6-7 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.

ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყანაში თითქმის მოხსნილია კოვიდშეზღუდვები. რამდენად დიდია ვირუსის შემდეგი ტალღის საფრთხე და რას უნდა ველოდეთ, თუკი ისევ პიკი დადგა? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„დროშის ტარი გავიქნიე და კამერას მოხვდა“ - რას ჰყვებიან 5 ივლისის საქმეზე დაკავებულები?

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს, რომლებიც ბრალდებულები არიან 5 ივლისს „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის", „ტაბულას“ და „ნიუპოსტის“ თანამშრომლების მიმართ ძალადობაში. დღეს კი საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ზაზა ჭაავა ის პირია, რომელიც მოტოციკლით ჟურნალისტებს ეჯახება მედიით გავრცელებულ კადრებში. ის მოსამართლის წინაშე გუშინ წარდგა. მან პროცესზე თქვა, რომ ჟურნალისტებს მოტოციკლით არა განზრახ, არამედ მისი მწყობრიდან გამოსვლის გამო დაეჯახა. სასამართლოზე მან ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ არ აქვს მარცხენა ხელი და აწუხებს ერთი ფეხიც, რომლითაც გადაადგილება უჭირს. მოტოციკლი კი, რომლითაც ჟურნალისტებს დაეჯახა, სამუშაოდ სჭირდება და „ოჯახს ამით არჩენს“.

კიდევ ერთი ბრალდებული, ზაზა მჭედლიძე ამბობს, რომ ჩადენილს ნანობს. „რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ“, - თქვა მან სასამართლოში.

მურად დევლარიშვილი კი ამბობს, რომ მზად არის პასუხი აგოს ჟურნალისტებისთვის „ხელის მოქნევის ფაქტზე“.

სამივე პირის წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბრისთვის დაინიშნა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შვედურმა ორგანიზაციამ თბილისი პრაიდს 130 ათასი კრონა შეუგროვა

შვედურმა ორგანიზაციამ Regnbågsfonden-მა, „ცისარტყელას ფონდმა” თბილისი პრაიდს სოლიდარობა გამოუცხადა და თანხის შეგროვება დაიწყო, ამ ეტაპზე 130 000 კრონაზე - 47,590 ლარზე მეტია შეგროვებული. ორგანიზაცია თავის ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

„ჟურნალისტები და ლგბტქი აქტივისტები ძალადობისა და თავდასხმის მსხვერპლები იყვნენ. საქართველოს ლგბტქი თემის წევრებს არ აქვთ მხარდაჭერა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ასევე ამტკიცებს, რომ "მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პრაიდის წინააღმდეგია".

„ცისარტყელას ფონდის” განცხადებით, შეგროვებული თანხა მოხმარდება თბილისი პრაიდის ოფისის აღდგენას, რომ ორგანიზაციამ გააგრძელოს ლგბტქი პირების უსაფრთხოებასა და უფლებებზე ზრუნვა.

წაიკითხე მეტი.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება, ხოლო სისწრაფე, აშშ-ის ლიდერის თქმით, ნიშნავს უსაფრთხოებას იმ ფონზე, როდესაც აშშ ქვეყანაში მიმდინარე ოცწლიანი ომის დამთავრებას ესწრაფვის.

„ჩვენ არ შევსულვართ ავღანეთში იმისთვის, რომ სახელმწიფო შეგვექმნა. ავღანეთის ლიდერები ერთად უნდა შეიკრიბონ მომავლისკენ სავალ გზაზე“, - განაცხადა 8 ივლისს ჯო ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება იმ ავღანელებისთვის, რომლებიც ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მუშაობდნენ.

წაიკითხე მეტი.

„გთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოთ“ - რატომ გახდა საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელი?

ჟურნალისტები უკვე სიმწრით ხუმრობენ, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს კითხვა „როგორ ხარ“ რომ გაუგზავნო, ამაზეც კი საპასუხოდ ოფიციალურ წერილს მოითხოვენო. ეს იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო ერთ წელში, ელემენტარულ კითხვებზე პასუხების მიღება საჯარო სამსახურებიდან მედიისათვის და არა მხოლოდ, გადაულახავ ბიუროკრატიულ ბარიერად იქცა.

მაშინ როცა კანონით ღია ინფორმაციის მოპოვება უჭირთ მათ, ვინც ზუსტად იცის, როგორ გამოითხოვოს ეს ინფორმაცია, რა კანონი მოიშველიოს, ვისაც ჰყავს ნაცნობები უწყებებში, ხოლო პრესსამსახურებთან მრავალწლოვანი ურთიერთობა აკავშირებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა დაბრკოლება შეიძლება შეხვდეს იმ მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს რომელიმე საჯარო უწყებას მიმართოს და მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი მიიღოს.

ამის შანსი თითქმის არ არსებობს.

საჯარო უწყებებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით მონიტორინგს უწევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI, რომელიც 2009 წლიდან, საჯარო უწყებებში, ყოველ წელს 6000-ზე მეტ მოთხოვნას აგზავნის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შემაჯამებელი ბოლო ანგარიში ორგანიზაციამ 1 ივნისს გამოაქვეყნა და, როგორც IDFI-ს პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი გვეუბნება, 2020 წელი ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა 2014 წლის შემდეგ.

რატომ გახდა საჯარო ინფორმაციის მოპოვება ასეთი რთული? ვრცლად წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

​მეგი თედეევმა 1 წლის წინ გაიგო, რომ ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, 2 შვილის დედამ სიცოცხლისთვის ბრძოლა მაშინვე დაიწყო. ის Europa donna georgia-ში ბევრ თანამოაზრესთან ერთად სიმსივნეზე გამარჯვებას ცდილობს.​ ერთი წლის მანძილზე ყოველი ქიმიოთერაპია საზეიმო მოვლენად აქცია, დღეს მისი „ბოლო ზარია“ - ანუ ქიმიოთერაპიის ბოლო დღე.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG