Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო: ეს იქნებოდა „ქართული სცენარი“ - დღეს არ გვექნებოდა უკრაინის ორი მესამედი


ავტორი: ინა კუზნეცოვა

იულია ტიმოშენკო ერთადერთი ქალია უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, რომელთაც არჩევნებში გამარჯვების მეტ-ნაკლებად რეალური შანსი აქვთ. რა არის გავლენიან პოლიტიკოსებს შორის ქალების თვალშისაცემი ნაკლებობის მიზეზი? ტიმოშენკომ ამ შეკითხვასაც უპასუხა კიევში, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

იულია ტიმოშენკო: შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს აქსიომა, რომელიც მთელმა ჩემმა ცხოვრებამ მასწავლა: პროფესიული აღიარების, მხარდაჭერისა და პატივისცემის მოსაპოვებლად ქალს კაცზე ათასჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება. ასეთია სიმართლე. ეს მე გამოცდილი მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ევოლუციის გზით შეიძლება გამოსწორდეს… მჯერა, რომ მმართველ პოზიციებზე მყოფმა ქალებმა უკრაინაში უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ პოლიტიკაში არის მორალის, არის პატიოსნების, არის პრინციპულობისა და მაღალი პროფესიონალიზმის ადგილი. მე, ჩემი ცხოვრებითა და პროფესიული კარიერით, უბრალოდ, მინდა ეს დავამტკიცო. მინდა დავამტკიცო, რომ ქალს შეუძლია დაძლიოს პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დიდი ხანია ელის უკრაინის საზოგადოება.

კრემლი ელოდა თუნდაც ერთი ყირიმელის ან რუსი მეზღვაური მოკვლას. ეს იქნებოდა მისთვის სიგნალი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისათვის. ეს იქნებოდა „ქართული სცენარი“. ეს შეცდომა რომ დაგვეშვა, დღეს არ გვექნებოდა უკრაინის ორი მესამედი...
იულია ტიმოშენკო

ინა კუზნეცოვა: როგორ აფასებთ აქციებს, რომლებიც გასულ კვირაში გაიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ კიევსა და ჩერკასიში? როგორ მოქმედებდა ხელისუფლება? რას ფიქრობთ ამაზე?

იულია ტიმოშენკო: დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე იშოვა „შავი ფული“ ოკუპანტთან უკანონო ვაჭრობის შედეგად. ეს არის შოკი მსოფლიოსათვის, უკრაინისათვის და საკმარისია საიმისოდ, რომ პრეზიდენტი გადადგეს და თავისი ქმედებებისათვის პასუხი აგოს სისხლის სამართლის კოდექსით.

ინა კუზნეცოვა: მძიმე დღე, მძიმე თარიღია ყირიმისათვის: ანექსიის ხუთი წელი. თუ ნებას დამრთავთ, მოვიყვან ციტატას ეროვნული უშიშროების საბჭოს 2014 წლის 28 თებერვლის სხდომის პროტოკოლიდან: "არც ერთი ტანკი არ უნდა გამოვიდეს ყაზარმიდან, არც ერთმა ჯარისკაცმა ხელში არ უნდა აიღოს იარაღი. ეს დამარცხების ტოლფასი იქნება. არავითარი სამხედრო მდგომარეობა და ჩვენი ჯარების მზადყოფნაში მოყვანა. უნდა გავხდეთ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ერი პლანეტაზე".

გავიდა ხუთი წელი. დღეს როგორ აფასებთ კიევის მაშინდელ ტაქტიკას ყირიმთან მიმართებით - ძალის გამოუყენებლობას აგრესორთან?

იულია ტიმოშენკო: მაშინ, როცა ეს ყველაფერი (ყირიმის ანექსია 2014 წელს) დაიწყო, უკრაინას არ ჰყავდა, ჯერ ერთი, არმია. მეორე - არ ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა და მესამე, ამას ხედავდნენ და ამბობდნენ მთელი ძალოვანი უწყებები და მაშინდელი მთავრობა. ჩვენ რომ გვეპასუხა ამ პროვოკაციაზე, როგორც ახლა ვიცით უცხოეთის სადაზვერვო წყაროებიდან, აგრესორი, კრემლი ელოდა თუნდაც ერთი ყირიმელის ან რუსი მეზღვაური მოკვლას. ეს იქნებოდა მისთვის სიგნალი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისათვის. ეს იქნებოდა „ქართული სცენარი“. ეს შეცდომა რომ დაგვეშვა, დღეს არ გვექნებოდა უკრაინის ორი მესამედი.

ინა კუზნეცოვა: გახდით, დავუშვათ, პრეზიდენტი. რას გააკეთებდით აღმოსავლეთ უკრაინაში?

იულია ტიმოშენკო: მე პირველივე დღიდან არ ვემხრობოდი მინსკის პროცესს. ეს იყო პროცესი ე.წ. უკანონო ლიდერების, სინამდვილეში, ტერორისტების - ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლების - მონაწილეობით და იმ ხალხის მონაწილეობით, რომლებსაც უკრაინაში არ ეკავათ ოფიციალური პოსტები, მათ შორის არც ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც პეტრო პოროშენკომ გაგზავნა ამ მოლაპარაკებაზე.

ახალი პრეზიდენტი დაიწყებს მოლაპარაკებას ბუდაპეშტის ფორმატით. მაგიდასთან ისხდებიან არა ტერორისტები ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებიდან, არამედ იმ ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობის გარანტია...
იულია ტიმოშენკო

და მინდა დავსვა შეკითხვა: სად არის იქ უკრაინა?.. ახალი პრეზიდენტი დაიწყებს მოლაპარაკებას ბუდაპეშტის ფორმატით. მაგიდასთან ისხდებიან არა ტერორისტები ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებიდან, არამედ იმ ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მისცეს უკრაინას, და იჯდება უკრაინის პრეზიდენტი. და ისინი გამართავენ მკაფიო, გასაგებ დიპლომატიურ მოლაპარაკებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დასრულდება მშვიდობით დონბასში და ყირიმის დაბრუნებით.

ინა კუზნეცოვა: მოლაპარაკების პროცესს რაც შეეხება, ვცდილობ გავიგო: როგორ, რანაირი ხრიკებით უნდა მიაღწიო იმას, რომ პუტინი დათანხმდეს ყირიმის შესახებ მოლაპარაკების გამართვას. ისინი ხომ გარკვევით ამბობენ, რომ ყირიმი მათია?!

იულია ტიმოშენკო: გვჭირდება სანქციების გამკაცრება და გვჭირდება ყირიმში აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება, რათა ბუდაპეშტის ფორმატი წარმატებული იყოს. გვჭირდება აუცილებლად თავდაცვითი იარაღის მიღება (დასავლელი მოკავშირეებისაგან). ეს მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი სწორი გზაა ამ მიმართულებით.

ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც იულია ტიმოშენკომ რამდენჯერმე ახსენა რადიო თავისუფლების კიევის სტუდიაში ჟურნალისტ ინა კუზნეცოვასთან საუბრის დროს, ჯერ კიდევ 1994 წელს გაფორმდა. მასზე ხელმოწერით აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა უკრაინას მისცეს უსაფრთხოების გარანტია - საბჭოთა პერიოდის ბირთვულ არსენალზე უარის თქმის სანაცვლოდ. როგორც ახლა ვიცით, „გარანტია“ ამ შემთხვევაში ლიტონი სიტყვა აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG