“ოცნებას” პირდაპირ არასოდეს უთქვამს უარი ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა უკვე წლებია, მისი რიტორიკიდან ჩანს, რომ - “ქართული ოცნებისთვის” ნატო არა უსაფრთხოების გარანტი, არამედ რისკების წყაროა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები კვლავ იმეორებენ, რომ ნატოსთან თუ მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე - საქართველოს უსაფრთხოება წარმოუდგენელია.
- რა გზით მიდის თბილისი და რა არჩევანი აქვს საქართველოს?
შალვა პაპუაშვილმა 9 დეკემბერს რამდენჯერმე გაიხსენა “ქართული ოცნების” გუნდში პოპულარული ხუმრობა ნატოს “ღია კართან” და “ორპირ ქართან” დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის და განაზოგადა, რომ - ორპირ ქარში დგომა და ლოდინი რისკებს ზრდის სახელმწიფოსთვისაც.
"ჩვენ კიდევ რა გვიჭირს. უკრაინა ამის გამო სისხლს ღვრის, აი, ახლა, ამ წუთებშიც - ნატოს წევრობისთვის. ამ უფლებისთვის დაიწყო ომი, ამისთვის იბრძვის უკრაინა", - თქვა შალვა პაპუაშვილმა პროსახელისუფლებო "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში და ნატოში გაწევრიანების საკითხი შეადარა "სახედრის [ვირის] წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს - რომელიც მოტივატორია, რომ წაიყვანო იმ მიმართულებით, რომლითაც გინდა"; დაამატა, რომ - სახედარი ვერასდროს ვერ მისწვდება იმ სტაფილოს და ეს არის მთელი მწარე რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში”.
“სტაფილო სახედრისთვის” - პაპუაშვილის შედარება რუსეთის პროსახელისუფლებო მედიამ აიტაცა, მკაფიო ინტერესით - რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არასოდეს გაწევრიანდება.
თბილისშიც ფიქრობენ, რომ ნატოს გაფართოებას წერტილი დაესვა.
“ქართული ოცნების” განაყოფის, თავიდანვე ანტიდასავლური პოზიციით ცნობილი “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა “1 არხთან” განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში დასმული აქცენტები მისი გუნდის 3 წლის წინანდელ წერილებშიც იკითხებოდა.
„...აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიამ და მისმა ერთ-ერთმა პუნქტმა გააჩერა პრაქტიკულად ნატოს გაფართოების საკითხი. პირდაპირ წერია. მარტო ღიად კი არ თქვა, დაწერა და თან დაწერა არა მარტო განცხადებაში, არამედ თავისი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში”, - მაჭარაშვილი დასძენს, რომ ნატო-ში 80%ს აშშ წარმოადგენს და "რა გადაწყვეტილებასაც ის [აშშ] იღებს, ბუნებრივია, იმას მიიღებენ ნატოს წევრი [სხვა] ქვეყნები“.
“ოცნებამ” და მისმა მოკავშირეებმა აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოკუმენტის აქცენტებს ერთმანეთის მიყოლებით აუწყვეს ხმები - განსაკუთრებით ევროპის მწვავე კრიტიკაში. ევროპელებს ფარისევლებსა და უკრაინის მოჩვენებით მხარდამჭერებს უწოდებენ და ამაყობენ, რომ "ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლა" აშშ-ზე ადრე დაინახეს.
ბრიუსელთან მწვავედ დაპირისპირებულ თბილისს კვლავ დაძაბული ურთიერთობები აქვს თავად აშშ-სთანაც - ვაშინგტონის გადაწყვეტილებით შარშან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა არ განახლებულა, დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია; ხოლო “ოცნების” შეთავაზებას, ურთიერთობების სუფთა ფურცლით დაწყების შესახებ, ვაშინგტონიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.
ალიანსის გაფართოების მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის სკეპტიკური დამოკიდებულება უსიამოვნოა პროდასავლური ძალებისთვის, რომლებიც, წლების განმავლობაში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ შესაძლებლობად მიიჩნევდნენ; თუმცა მათი ეს ხედვა არც ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ შეცვლილა.
“ნატო არის საშუალება ქვეყნის უსაფრთხოების. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა მხოლოდ [გაწევრიანების] შედეგს, არამედ პროცესსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში ჩვენ შევძელით, რომ შეიარაღებული ძალები გაგვეთანამედროვებინა და მიგვეახლოებინა მაღალ სტანდარტებთან… ეს ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ…
ხვალ რა იქნება, არავინ იცის. სამი წლის შემდეგ იქნება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი [კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი] არავინ იცის და შესაბამისად, არც ის - გაფართოვდება თუ არა ნატო”, - გვეუბნება სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძე და იხსენებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფინეთი და შვედეთი, ასე სწრაფად, ნატოს წევრები გახდებოდნენ.
ვახტანგ კაპანაძეს პრობლემად მიაჩნია, რომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თბილისის მწვავე დაპირისპირების ფონზე, ახლა როგორც ჩანს - „საქართველო რეგიონში არის მარტო”, არადა, ოკუპანტი რუსეთის მეზობელი, მუდმივად უნდა ცდილობდეს ჩართვას დასავლეთის "სხვადასხვა სახის უსაფრთხოების სისტემებში " - არსებულში თუ სამომავლოში.
გუცა გველესიანი თავდაცვის სამინისტროს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების” სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია. ის სამსახურიდან 2025 წლის მარტში გაათავისუფლეს, პროდასავლურ პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ, სხვა ხელმომწერებთან ერთად.
ზეპირად ახსოვს ყველა ის სარგებელი, რაც 2014 წელს დამტკიცებული „არსებითი პაკეტის“ [„გაწევრიანების პრაქტიკული მექანიზმის“] ფარგლებში მიიღო საქართველომ - ფინანსურად, აღჭურვილობით, ექსპერტული ცოდნითა თუ გამოცდილების გაზიარებით.
„მაგალითად, 2019 წლიდან ამოქმედდა კრიზისების მართვის ინიციატივა, რომელიც მათ შორის - ბუნებრივი კრიზისების [სტიქიური მოვლენების] მართვას შეეხებოდა; უწყებებს შორის კოორდინაციას უწყობდნენ ხელს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ სახელმწიფო სტრუქტურებს ერთობლივად და სწრაფად კრიზისების დროს. ამ ინიციატივის ლიდერი ქვეყანა იყო დანიის სამეფო. მისი დახმარებით ბევრი ისეთი აღჭურვილობა შევიძინეთ, რაც ჩვენს ქვეყანას კრიზისების დროს გამოადგება.
...2024 წლის აგვისტოში, დანიამ შეაჩერა თანამშრომლობა ამ მიმართულებით… აღარც სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივას ჰყავს ლიდერი ქვეყანა, რომელიც იყო დიდი ბრიტანეთი”, - გუცა გველესიანისთვის მტკივნეულია, რომ ნატოს ქვეყნებთან თბილისის გართულებული ურთიერთობების გამო ზარალდება საქართველო, რომელსაც ნატო ერთ დროს “ღირსეულ პარტნიორად” აღიარებდა.
თავდაცვის სამინისტროში უკვე აღარ არსებობს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების” სამმართველო, სადაც გუცა გველესიანი მუშაობდა. თანამშრომელთა განახევრების შემდეგ, სამმართველო განყოფილებად გადაკეთდა.
თავდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც სხვა უწყებების თანამშრომლებმა პროდასავლურ პეტიციებს ხელი მოაწერეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა პარტიის გადაწყვეტილება - ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი ეტაპის [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის] 2028 წლის ბოლომდე გადავადების შესახებ. ისინი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ითხოვდნენ. სხვადასხვა უწყებიდან ათობით ხელმომწერი გაათავისუფლეს.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ავალებს, გააკეთონ ყველაფერი საქართველოს გასაწევრიანებლად ევროკავშირსა და ნატოში.
რა წერია აშშ-ის სტრატეგიაში ნატოზე და რას ამბობს პრეზიდენტი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ უნდა აღიქმებოდეს „მუდმივად გაფართოებად ალიანსად“.
არაფერია ნათქვამი ალიანსის დაშლის ანდა ნატოდან აშშ-ის შესაძლო გასვლის შესახებ, რაზეც პერიოდულად აქტიურდება დისკუსიები, მათ შორის - აშშ-შიც.
ტექსტში ხაზგასმულია, რომ მოკავშირეებმა უნდა შეასრულონ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიურობის შედეგად, ნატოს ქვეყნების მიერ ჰააგის სამიტზე მიღწეული შეთანხმება - თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს [მთლიანი შიდა პროდუქტის] 5%-მდე გაზრდის შესახებ.
“ნატო მიწოდებს მამას”, - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი “პოლიტიკოსთვის” 9 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში და აქაც იხსენებს ჰააგაში მიღწეულ შეთანხმებას - ნატოს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის შესახებ. ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე - თვლის თუ არა, რომ ნატომ უნდა შეწყვიტოს ახალი წევრების მიღება, ტრამპი სიცილით პასუხობს, რომ - “ბევრი აღარავინ დარჩა” ალიანსში შესასვლელად.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც 2025 წლის 18 ივლისს ირაკლი კობახიძემ წაიკითხა, ევროპელების სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე ზრდა შეფასებულია “დიპ სტეიტის” განზრახვად, რომლის მიზანია “ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც".
პრეზიდენტმა ტრამპმა “პოლიტიკოსთან” ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ - ევროპის ქვეყნებთან მისი დაპირისპირება [რაც, ჟურნალისტის რეპლიკით - რუსეთს ახარებს] გამოწვეულია სურვილით, რომ ძლიერი ევროპა იხილოს და, მათ შორის, არ გაანადგუროს ის უკონტროლო მიგრაციის შედეგმა - კრიმინალმა.
- რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით შემუშავებული სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვარიანტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით - უკრაინამ თავის კონსტიტუციაში უნდა ჩაწეროს, რომ “არ გაწევრიანდება ნატოში”; ხოლო თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დადებს პირობას, რომ უკრაინას არ მიიღებს და “მოსალოდნელია… რომ ნატო აღარ გაფართოვდება”.
- ექსპერტებისთვის ეს მოთხოვნა შეესაბამება მოსკოვის ულტიმატუმს, რომელიც, კრემლმა წაუყენა, 2021 წლის დეკემბერში, როდესაც საომრად ემზადებოდა და უკრაინის საზღვრებთან თავისი არმიის შენაერთებს უყრიდა თავს. ამ ულტიმატუმით, მთლიანად ნატო უნდა დაჰბრუნებოდა 1990-იანი წლების დასაწყისის მდგომარეობას.
სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა ჯერ ისევ გრძელდება.
ნატო და “დიპ სტეიტი”
ხშირად “ქართული ოცნების” “სატელიტად” აღქმული “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”, რომელიც ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ღია მოწინააღმდეგეა, ამ დღეებში აშშ-ის ახალ სტრატეგიასაც გამოეხმაურა - ისევ ნეიტრალიტეტი მოითხოვა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ისევ “გარედან თავსმოხვეული” უწოდა.
“ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, როდესაც საკონსტიტუციო ჩანაწერით, ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს ისეთ კავშირში გაწევრიანებისთვის, რომელიც ახალი წევრების მიღებას ოფიციალურად აღარ აპირებს და რომლის მომავალიც კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება”, “უპირველესად, თვალი უნდა გავუსწოროთ ახალ რეალობას, ქვეყანა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად” - „ნეიტრალურმა საქართველომ“, რომელიც ახლახან პარტიად გადაკეთდა, მოითხოვა, რომ თბილისმაც დაამტკიცოს „საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია”, რომელშიც რეალობა აისახება.
ანტიდასავლური განწყობების ეს ჯგუფი, რომელსაც ბევრი პრორუსულადაც თვლის, უკვე დიდი ხანია ითხოვს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ.
ნოემბერში, “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა - ნანა კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უკრაინის ომის მსგავსად, 2008 წლის აგვისტოს ომიც გარედან “პროვოცირებული” იყო და ასევე “რუსეთის გასაღიზიანებლად” არის გამოგონილი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაც.
„ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს", - ეს უკვე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია 2024 წლის აპრილში, რუსთაველის გამზირზე, მმართველი პარტიის დაფინანსებულ კონტრაქციაზე გამოსვლიდან.
- საქართველოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების შესახებ ეჭვები ექსპერტებს ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნების წინ გაუჩნდათ, როცა „ოცნება“ ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დახმარებას სთხოვდა. თუმცა მე-11 მოწვევის სადავო პარლამენტში - „ოცნება“ და მისი განაყოფები საკონსტიტუციო უმრავლესობას [მინიმუმ 113 მანდატი] არ ფლობენ და ეს მიზანი შეუსრულებელია.
- პერიოდულად ჩნდება დისკუსიები იმის შესახებაც, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით შეიძლება.
- რიგგარეშე არჩევნების იმედი გამოხატა ერთ-ერთ ინტერვიუში კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ, რომელიც რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების - “გეორგიევსკის ტრაქტატი 2”-ის გაფორმებას ითხოვს. სწორედ ამ პარტიის წევრები იყვნენ მოსკოვ-თბილისის პირველი განახლებული ავიარეისის მგზავრები და მათ შორის - თავად ფიფიაც.
- “ქართული ოცნება” ხშირად იმეორებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება.
შალვა პაპუაშვილმა, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას - "რა გზას აირჩევს საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით". ზოგადად, მსგავს შეკითხვებზე "ოცნების" წარმომადგენელთა პასუხია, რომ "ეროვნული ინტერესებით" მოქმედებენ.
აზიისა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გახშირებული ვიზიტები პაპუაშვილმა იმით ახსნა, რომ - "სამყარო იცვლება", ძველებური აღარ არის "ძალთა გადანაწილება", ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ორი მთავარი ეროვნული ამოცანა" ამოძრავებს: კეთილდღეობა და ქვეყნის გამთლიანება - ეს არის "ხალხის დავალება" და შესაბამისად, "ყველა ინსტრუმენტი" იქნება გამოყენებული.
ფორუმი