Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე და პუტინი ერთად - რას ამბობს საერთო ფოტო


„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფოტოსესიის დროს. ფოტოზე ასევე ჩანან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფოტოსესიის დროს. ფოტოზე ასევე ჩანან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი.

თურქმენეთში წელს უკვე მესამე ვიზიტის დროს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა ფორუმში - რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს ღია სიგნალია - “ოცნება” მზად არის, დაამყაროს ურთიერთობები რუსეთთან.

„ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“, - უთხრა თავად ირაკლი კობახიძემ პროსახელისუფლებო ქართულ მედიას, რომელიც მას აშხაბადში ახლდა.

„დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“ - საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

აშხაბადში გამართული ფორუმი - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“- მიეძღვნა გაეროს მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღიარების 30-ე წლისთავსა და გაეროს მიერ 2025 წლის „საერთაშორისო მშვიდობისა და ნდობის“ წლად გამოცხადებას.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის [ცენტრალური აზიის] ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას და დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფოს ლიდერი. ასევე აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები - აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლები”, - კობახიძემ ჟურნალისტების ყურადღება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას მიაპყრო.

საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს ფორუმზე პირველი პირები არ წარმოადგენდნენ. აზერბაიჯანიდან ჩასული იყო პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი; ხოლო სომხეთიდან - პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

„ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსული აგრესიისგან დაცვა უზარმაზარი ფასი დაგვიჯდა - ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლედ და „ქართული ოცნება“ პუტინს ხვდება, ვითომც არაფერი“, - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი გვეუბნება, რომ თუკი ეს ღია სიგნალი არ იყო და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ სურდა კობახიძე და პუტინი საერთო ფოტოზე გამოჩენილიყვნენ, ფორუმში სხვა მიიღებდა მონაწილეობას.

“კონტრასტი ნათელია, როცა მათ [“ქართული ოცნების” ხელისუფლებას] აღარ ეპატიჟებიან ევროკავშირისა თუ შეერთებული შტატების ორგანიზებულ შეხვედრებში...ამ ფორუმში [აშხაბადში, პუტინის მონაწილეობით] ირაკლი კობახიძის მონაწილეობა წარმოადგენს სიგნალს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ “ოცნება” მზად არის დაამყაროს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთანაც კი”, - ამბობს მელაშვილი.

„ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა და ტოვებს ევროპული ინტეგრაციის გზას და უერთდება რუსეთის გზას, დამონების გზას, რომელიც გავიარეთ და რომლიდანაც გამოვედით” - ასე შეაფასა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ფორუმში, „პუტინის გვერდში დგომით” და “როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით ამ კონფერენციაზე, ბატონი კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის ჩვეულებრივი ფორმა პროტესტის… ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, თუ სად მიდის თუ უკვე სად არის მისული ეს რეჟიმი.”.

ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს განხილვის ფორუმის თემაზეც:

“ნეიტრალიტეტი, როგორც პოლიტიკა, არის ოცნება არა საქართველოსი, არამედ ოცნება რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაზე, საქართველოზე და ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც იყვნენ სსრკ-ს შემადგენლობაში. ეს არის საუკუნოვანი მიზანი რუსეთის, რასაც ასრულებს ივანიშვილი-კობახიძის რუსული რეჟიმი”.


  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებულია მაღალი დონის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ იწვევენ ბრიუსელსა თუ ევროპის სხვა დედაქალაქებში მნიშვნელოვან, მათ შორის - ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. გაყინულია თანამშრომლობის არაერთი სფერო; შეჩერებულია დახმარების პროგრამები.
  • გაზაფხულზე “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე დაიწყო ლაპარაკი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თბილისის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი დაძაბული - იმ 26 წლის მანძილზე, რაც ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი გახდა.


ბოლო პერიოდში "ოცნების" ვერბალური შეტევის განსაკუთრებული სამიზნე ბრიუსელია. მსგავსი განცხადებები გრძელდებოდა 11-12 დეკემბერსაც - ქართული დელეგაციის თურქმენეთში ყოფნის ფონზე.

“თუკი ამაში მონაწილეობს პუტინი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს”; “თავის მართლება საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება", - უთხრა ჟურნალისტებს 12 დეკემბერს სადავო პარლამენტში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. ამბობს ასევე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და “ყველამ კარგად იცის, ვინც არის ოკუპანტი”.

ოფიციალური ინფორმაციით, 11 და 12 დეკემბერს აშხაბადში, ფორუმის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე შეხვდა:

  • თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს;
  • ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს.


„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია კობახიძის მიერ ოკუპაციის ფაქტის ხსენება, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით და რომ მან კარგად ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნული ინტერესები.

„მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს”, - ოკუპაციასთან დაკავშირებით კობახიძეს ოკუპანტი რუსეთი არ უხსენებია. დროის საკმაოდ დიდი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და სტაბილურობაზე ლაპარაკს დაუთმო და თქვა, რომ საქართველოს „მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგიას: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ, ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკისთვის.“

“თუ თქვენ გინდათ, რომ მაინცდამაინც შეხვედრაზე, სადაც არის უშველებელ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდეს და იგივე იძახოს, რასაც ზოგიერთი „აკაცუკი“ ქუჩაში იძახის, ასეთი რამეები არ ხდება”, - პასუხობს გია ვოლსკი ოპონენტებს.

“აკაცუკებს” “ქართული ოცნება” და მისი მომხრეები უწოდებენ პროდასავლური პროტესტის მონაწილეებს, რომელთა შესაზღუდადაც კანონებს თანდათან, მიზანმიმართულად ამკაცრებენ. 11 დეკემბერს "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა კიდევ ერთი განახლებული კანონი - რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს შესაძლოა აღარც ტროტუარზე დგომის უფლება მისცენ.

  • თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე დახურული, ავტოკრატიულად მართული ქვეყანაა. ქვეყნის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პრეზიდენტობა მემკვიდრეობით მიიღო. ის არის ვაჟი გურბანგული ბერდიმუჰამედოვისა, რომელიც მანამდე თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში (2006-2022 წწ.) ერთპიროვნულად მართავდა.
  • 2022 წელს, პრეზიდენტობის შვილისთვის გადაბარების შემდეგ, თავად მანაც შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილება და დარჩა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ჰალკ მასლაჰათის თავმჯდომარის თანამდებობაზე.


აშხაბადის ფორუმში მონაწილეთა და დამსწრეთა სრული, დაზუსტებული სია საჯაროდ არ იძებნება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მონაწილე ქვეყნების ძირითად ნაწილს თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს. ამ ჯგუფში შედიან ავღანეთი, ბელარუსი, ბურკინა-ფასო, ვენესუელა, ვიეტნამი, ჩინეთი, კოსტა-რიკა, ჯიბუტი, ეგვიპტე, გამბია, განა, გვინეა, ერაყი, ირანი, ირლანდია, ყაზახეთი, კატარი, ყირგიზეთი, მაროკო, პაკისტანი, რუსეთის ფედერაცია, სირია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უგანდა, უზბეკეთი, შრი-ლანკა და ესვატინი [სვაზილენდი].

საჯარო ცნობებით, ეს ჯგუფი თურქმენეთის ინიციატივითა და მონაწილეობით შეიქმნა, რათა გაეროს ფარგლებში გაფართოებულიყო დიალოგი - “კონფლიქტების მოგვარების პროცესში ნეიტრალიტეტის პრინციპების პრაქტიკული გამოყენებისთვის” და “ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისთვის“.

ვლადიმირ პუტინი ფორუმზე მშვიდობისა და სტაბილურობის, ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების, ქვეყნების სუვერენულ საქმეებში ჩაურევლობის ლოზუნგებით გამოვიდა; როცა რუსეთი მეთხე წელია, განაგრძობს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში.

უკრაინის საკითხი ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო თურქეთისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრაზე. ამ შეხვედრას ყურადღებით აკვირდებოდნენ - უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების საერთაშორისო მცდელობებისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე განიხილეს „ევროპელების მცდელობები - რუსეთის [გაყინული] აქტივების ამოსაღებად“. ტექსტში წერია, რომ ამ საკითხზე „რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამისი და ყველასათვის ცნობილი შეფასება გააკეთა“.

„მხარეები თანხმდებიან, რომ მსგავსი გაუაზრებელი ქმედებები ყველა ქვეყნის და ევროპელების მხრიდან, ფაქტობრივად გამოიწვევს ბრეტონ-ვუდსის სისტემისა და საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნგრევას“, - წერია კრემლის ოფიციალურ განცხადებაში. აქვე დაკონკრეტებულია, რომ რუსეთისა და თურქეთის მხარეთა შეხვედრები ჯერ გაფართოებულ, ხოლო შემდეგ ვიწრო ფორმატში გაგრძელდა; ხოლო სულ ბოლოს, ერდოანისა და პუტინის შეხვედრას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შახბაზ შარიფი შეუერთდა.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დასასრულებლად, მოლაპარაკებების პროცესი უკვე თვეებია მიმდინარეობს - აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევით, თუმცა ამ ეტაპამდე - უშედეგოდ.

ერდოანმა „მშვიდობისა და ნდობის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ანკარა მზად არის, ხელი შეუწყოს ომის დასრულებას უკრაინაში - როგორც ეს თურქეთმა 2022 წელს, ომის დაწყების პირველსავე დღეებში ითავა და შემდეგ არაერთხელ გაიმეორა.

„მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანობით, ნდობით - მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემით, ხოლო სტაბილურობა - მხოლოდ დიალოგითა და თანამშრომლობით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG