ირაკლი კობახიძემ დღეს ასევე თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - დაესწრო მიღებას „ირანის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“ და არა ამ თარიღთან დაკავშირებით.
თუმცა ეს ერთი და იგივე ღონისძიება იყო და არა სხვადასხვა.
ამასთან, კობახიძემ გაიმეორა თბილისის მერიის განმარტება ირანის ისლამური რევოლუციის აღსანიშნავად ანძის ირანის დროშის ფერებში განათებასთან დაკავშირებით.
„საზეიმო მოვლენა არ არის“
„რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ ვაფასებთ ამ მოვლენას, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული შეფასება“, - უთხრა დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
დამაზუსტებელ კითხვაზე განაცხადა: „რა თქმა უნდა, იძულებითი ემიგრაცია იყო და შესაბამისად, ჩვენთვის საზეიმო მოვლენა ნამდვილად არ არის ფერეიდანში ქართველების გადასახლება“.
„რა გზავნილი იყო“?
ჟურნალისტების მორიგ კითხვაზე - თუ რა გზავნილი იყო დიპლომატის დასწრება ღონისძიებაზე და ანძის დროშის ფერებში განათება, - რაც ისრაელის საელჩომაც იკითხა საჯაროდ, - კობახიძემ თქვა:
„ძალიან მარტივი გზავნილია. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, როდესაც ტარდება მიღება, ყოველთვის მიდის მიღებაზე სახელმწიფოს წარმომადგენელი და როდესაც შემოდის თხოვნა ანძის განათებაზე, ყოველთვის ნათდება ანძა“.
„ეროვნული დღესასწაული“ და „არა გადასახლება“
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ნიშნავს „შაჰ-აბასის მიერ მოქალაქეების გასახლების აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრება“ და „უნდა მოჰყოლოდა თუ არა ამას საპროტესტო ნოტა“, თქვა:
„ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნებოდა კონკრეტულ სასტუმროში… ჩვენი წარმომადგენელი დაესწრო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ეროვნულ დღესასწაულს და არა ფერეიდანში გადასახლებას“.
რა ეწერა მოსაწვევს?
2026 წლის 11 თებერვალს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მოწყობილ ღონისძიებაზე აღნიშნეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაანათეს თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში.
საელჩოს ღონისძიების მოსაწვევზე, - რომელიც აკადემიური, პოლიტიკური და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს დაურიგეს, - ინგლისურ ენაზე ეწერა:
„ირანში ქართველების ჩასვლის 410-ე წლისთავი“.
ერთი და იგივე ღონისძიება
მოსაწვევის ფოტო გაავრცელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი სანიკიძემ.
ღონისძიება 11 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართა სასტუმრო „პარაგრაფში“. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.
სანიკიძის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს როგორც 410-ე წლისთავი, ასევე „ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღე“. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ილიაუნის პროფესორს ინფორმაციის გადასამოწმებლად. მან განმარტა, რომ:
- „კონვერტზე აწერია „ირანში ქართველების ჩასვლის 410-ე წლისთავი“,
- ხოლო შიგნით მოსაწვევზე - „ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღის აღსანიშნავი მიღება“.
ელჩის შეხვედრა „ქართულ რესპუბლიკასთან“
საზოგადოებრივი უკმაყოფილების შემდეგ, ერთ-ერთ საპროტესტო მოძრაობასთან, „ქართულ რესპუბლიკასთან“ შეხვედრისას, ირანის ელჩმა ალი მოჯანიმ ხაზი გაუსვა „ქართველების ტკივილს“ გადასახლებისას.
ამბავი ასეთია:
- „ქართულმა რესპუბლიკამ“ ამბის გახმაურების შემდეგ, 17 თებერვალს, საელჩოს საპროტესტო წერილი გაუგზავნა;
- პასუხად ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ მათთან შეხვედრის სურვილი მალევე გამოთქვა;
- ელჩის 2-საათიანი შეხვედრა მოძრაობის ორ წევრთან 18 თებერვალს გაიმართა ირანის საელჩოში, რის შემდეგაც მოჯანიმ განაცხადა:
„შეხვედრის მთავარი თემა იყო სხვადასხვა პერიოდში ქართველების ირანთან ურთიერთქმედების ისტორიული შედეგების მიმოხილვა - მიგრაციის ტანჯვიდან და გაჭირვებიდან დაწყებული, მათი მნიშვნელოვანი როლით დასრულებული თავდაცვაში, ვაჭრობაში, ხელოვნებაში, მრეწველობასა და მმართველობაში“.
ელჩის თანახმადვე, „გულწრფელად“ დააფიქსირა, რომ „წარსულის ტრაგიკული მოვლენები და მისი ადამიანური შედეგები ორი ერის მტკივნეული მეხსიერების ნაწილია“. ასევე, ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა წარსულის სირთულეების მიუხედავად, „მყარია და დღესაც ცოცხლობს“.
„ელჩმა წუხილი გამოთქვა“
„ქართულმა რესპუბლიკამ“ 19 თებერვალს ფეისბუკზე დაწერა, რომ მისმა წევრებმა, გიორგი თავართქილაძემ და ლევან ნიშნიანიძემ, „სიტყვიერად დააფიქსირეს ქართველი ხალხის მკაცრი პროტესტი და შეშფოთება საელჩოს მიერ გავრცელებული მოსაწვევის ტექსტისა და ელჩის 11 თებერვლის სიტყვის თაობაზე“.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ შაჰ-აბასის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული კატასტროფა და ქართველების იძულებითი გადასახლება ფერეიდანში არის ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედია“, - წერდა ჯგუფი.
„ელჩმა გამოთქვა წუხილი XVII საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო“, - განაცხადა „ქართულმა რესპუბლიკამ“.
„ქართული რესპუბლიკა“ არის 2025 წლის ბოლოს დაარსებული ოპოზიციური მოძრაობა, რომლის ლიდერებიც არიან:
- გიორგი თავართქილაძე;
- ლევან ნიშნიანიძე;
- ილია ღლონტი;
- ბექა ხალიბეგაშვილი;
- ნუკრი კაკულია;
- დურუ მახარაძე.
„ტრაგიკულ მოვლენას გვაზეიმებს“
„[ეს თარიღი] გამოდის 1616 წელი - შაჰ აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში“, - წერდა პროფესორი გიორგი სანიკიძე.
„ანუ ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას“, - აცხადებდა იგი.
„ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მემგონი, კომენტარი ზედმეტია“, - წერდა პროფესორი სანიკიძე ფეისბუკში.
მისი თქმით, გადაწყვიტა, ღონისძიებას არ დასწრებოდა: „დღეს ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალე მისვლა“.
მცირე ხნის წინ ირანში საყოველთაო საპროტესტო დემონსტრაციებისას, ხელისუფლებამ ათასობით მოქალაქე დახოცა.
ღონისძიება, პროტესტი და კონტექსტი
11 თებერვალს გამართულ ღონისძიებაში, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას გარდა, სხვა მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ, - მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა.
ელჩ ალი მოჯანის სიტყვებით, დარსალიამ „ოფიციალურად მიულოცა ირანს ეს თარიღი [რევოლუციის წლისთავი] და უწოდა მას ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლო“.
ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას საქართველოში ისრაელის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა:
„რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?“
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, წელს ირანისთვის ამ დღის აღნიშვნა განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო, რამეთუ მოჰყვა მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს. როგორც ელჩის კომენტარიდანაც იკვეთება, ირანის ხელისუფლება ამ დღეს იყენებს ლეგიტიმაციის დემონსტრირების მიზნით.
ანძის განათების შესახებ ალი მოჯანიმ განაცხადა: „ეს ნათელი სიმბოლოა იმისა, რომ დღევანდელი ირანის პატივისცემა ოფიციალურად და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული“.
- 2026 წლის იანვარში, ირანში საპროტესტო დემონსტრაციებისას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით ადამიანი დახოცეს;
- უფლებადამცველთა ჯგუფის, HRANA-ს მონაცემების თანახმად, დადასტურებულია 6961 ადამიანის დაღუპვა;
- კიდევ 11 630 შემთხვევა მოწმდება;
- დაშავდა 11000-ზე მეტი ადამიანი;
- დაკავებულია 51 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის 112 სტუდენტი.
- სხვა წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, მაგრამ ყველა ცნობაში ლაპარაკია ათასობით მსხვერპლზე.
ფორუმი