Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლესია უკრაინკა - ორი ქვეყნის პოეტი ქალი


25 თებერვალი უკრაინელი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის ლესია უკარაინკას (ლარისა კოსაჩ-კვიტკა) დაბადების დღეა, პოეტი ქალისა, რომლის შემოქმედებასა და ფიზიკურ არსებობას თანაბრად ასაზრდობდა ორი ქვეყანა - უკრაინა და საქართველო.

საქართველოსა და უკრაინის ბედი უცნაური - ხილული თუ უხილავი ჯაჭვებითაა ერთმანეთზე გადაჭდობილი. ბრძოლა გადარჩენისათვის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის. ამ ორ ქვეყანას, უმეტეს შემთხვევაში, მტერიც კი საერთო ჰყავდა, რომელიც ერთმანეთის ბუნებრივ მოკავშირეებად აქცევდა საქართველოსა და უკრაინის გამორჩეულ შვილებს.

ძნელია უკარაინისა და საქართველოს კულტურულ თუ სხვა სახის კავშირებზე ილაპარაკო და არ გაგახსენდეს დავით გურამიშვილი და ლესია უკრაინკა - ორი დიდი პოეტი, ორი ურთულესი ბედის მქონე დიდი ადამიანი, რომლებსაც თანაბარი სიყვარულით უყვარდათ საქართველო და უკრაინა, ქართველი და უკრაინელი ხალხები.

დავით გურამიშვილს უკრაინა ექცა მეორე სამშობლოდ და უკანასკნელ ნავთსაყუდელად, ლესია უკრაინკას კი - საქართველო.

„მე რომ არ დავბადებულიყავი უკრაინელად, ქართველობას ვისურვებდი“ - ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის, ლესია უკრაინკას, პოეტ ქალს, რომელმაც თავის ხანმოკლე სიცოცხლის მნიშვნელოვანი და ყველაზე ნაყოფიერი წლები საქართველოში გაატარა.

ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას დაიწერა პოეტის საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები: „ტყის ზღაპარი“, „ქვის ბატონი“, „რუფინი და პრისცილა“.

ბავშვობაში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებულმა პოეტმა ქალმა მხოლოდ 42 წელი იცოცხლა, თუმცა ესეც მხოლოდ საქართველოს მკურნალი ბუნებისა და საქართველოში შეძენილი მეგობრების სიყვარულის წყალობით.

სურამი - მისი მშრალი და მკურნალი ჰავა - იყო პოეტი ქალის უკანასკნელი იმედი. სწორედ სურამში, ზინდისში, რკინიგზელ პაპავას სახლში დაქირავბულ ოთახში დალია უკრაინელმა პოეტმა სული.

„შევჩენკოს ჩემდეგ უკრანას არ სმენია ესოდენ მძლავრი, მგზნებარე პოეტური სიტყვა“, - იტყვის ივან ფრანკო თავის დიდ თანამემამულეზე.

ლესია უკრაინკას კიევში გადაასვენებენ, სამშობლოს მიწა მიიბარებს პოეტის სხეულს, თუმცა საქართველოში დარჩება პოეტის ხსოვნა და შემოქმედების გავლენა. ლესია უკრაინკას ქართულად თარგმნიდნენ ლამის საუკუნის წინ და თარგმნიან დღესაც.

„თვით ჩემი მიწა, იმდენ ცრემლს ღვრიდა,

რომ მთელ ქვეყანას თითქმის წარღვნიდა.

შეჩერდეს ეხლა, ცრემლი კი არა,

სამშობლოს ხსნისთვის სისხლიც არ კმარა“ - ეს ბაბილინა ხოსიტაშვილის (ირ. ევდოშვილის დის) თარგმანია, ეს კი რაულ ჩილაჩავასი:

„ყოველთვის, როცა ყურს მოსწვდება შორი ზრიალი,

გულში ყვავილთა თრთოლვაა და რია-რიალი,

იმა ყვავილთა, რომ ვერ შესძელ დაკრეფა მათი,

და არც საფლავში ჩატანების იყავი მწადი,

თრთიან ყვავილნი, ხმას მიწყობენ უთვალავ ჯარად:

“მე მუდამ აქ ვარ, შენთანა ვარ მარად და მარად!”

ის მართლაც აქაა გადარცვალებიდან 106 წლის შემდეგაც. საქმე ისაა, რომსაქართველოში (დაბა სურამში) ლესიაობა - პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული 1952 წლიდან აღინიშნება.

ლესია უკრაინკას შემოქმედება და ხსოვნა დღემდე ცოცხალია პოეზიაში - თარგმანების, თბილისში - სახელობის ქუჩის, თელავში - ძეგლისა და სურამში მუზეუმის სახით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG