Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლოდინი და სამზადისი მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 ნოემბერს


პომპეოს ვიზიტი არჩევნების შედეგების ბოიკოტის ფონზე - ვინ რას ელის აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 7 ქვეყანაში დაგეგმილი 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. საქართველოს ის 17 ნოემბერს, ორი დღით, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ ეწვევა და ამის შემდეგ გააგრძელებს გზას - ისრაელისკენ, კატარისკენ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისკენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტერის ანგარიშზე ატვირთული ვიდეოგანაცხადით ვიგებთ, რომ - ვიზიტის ფარგლებში განსახილველი თემები განსხვავებული იქნება თითოეული ქვეყნის შემთხვევაში, რადგან თითოეული ქვეყნისთვის აქტუალურია „მრავალი განსხვავებული საკითხი“.

ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, იმედოვნებს, რომ პომპეო ამ საკითხს ყურადღებას დაუთმობს. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელისუფლების ოპონენტებს ბრალს სდებს, რომ ისინი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ამ მოვლენის საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნებისთვის იყენებენ.​

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საქართველომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა სომხეთში მიმავალი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადაჰყავს. საქართველომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ჩაკეტა საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის.

ეს ინფორმაცია ჯერ მედიით გავრცელდა, შემდეგ კი რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

მოცემულ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებისთვის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი წინასწარ შეთანხმებული განსაზღვრული პერიოდით გადაყვანილი იქნება კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით”- თქვა მან.

წაიკითხე მეტი.

დიდი დანაკლისი ისტორიული მატჩის წინ - კვარაცხელიას და შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დღეს გასამართ შეხვედრამდე ორი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა. გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას და ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატს, ლევან შენგელიას, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალდებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ნახე აქ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა ალასკის შტატში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა ალასკის შტატში, მაგრამ ეს არ ცვლის კენჭისყრის შედეგების საერთო სურათს.

აშშ-ის მედიასაშუალებებმა 11 ნოემბერს, არჩევნების დღიდან მერვე დღეს გამოაცხადეს ტრამპი ამ შტატში გამარჯვებულად.

ამგვარად, ტრამპმა ალასკაში საარჩევნო კოლეგიის წევრთა სამი ხმა მოიპოვა და დღეისთვის საბოლოო ჯამში 217 ხმა აქვს. მის მეტოქეს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამ მომენტისთვის საარჩევნო კოლეგიის 279 ხმა აქვს, რაც 9-ით უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვებისთვის არის აუცილებელი.

შეფასებები მოსკოვიდან: რუსეთის „მართვადი ვარდნა“ კავკასიაში თუ?..

მთიანი ყარაბაღის 6-კვირიანი ომის მოულოდნელმა დასასრულმა დიდი თავსატეხი გაუჩინა სამხედრო ექსპერტებსა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს თვითონ რუსეთშიც. დაბნეულობას იწვევს რუსეთის პასიური როლი ომში, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორის კაპიტულაციით დასრულდა.

რუსულ მედიაში შექმნილია ცხადი, მკაფიო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ომის გამარჯვებული აზერბაიჯანი და თურქეთი არიან და რომ ეს გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 9 ნოემბრის განცხადებით. რაც შეეხება სომხეთს, როგორც „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომელი, ცნობილი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი წერს, სომხეთმა, როგორც დამარცხებულმა მხარემ, ისე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.

რა იყო ეს - რუსეთის შურისძიება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, თუ რუსეთის რეგიონალური პოლიტიკის კრახი და „მართვადი ვარდნა“? წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძე/ვერის დაღმართი) იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება. შესაბამისი განცხადება თბილისის მერიაში 22 სექტემბერს შევიდა.

პროექტი 65 500 კვ.მ ფართობზე სასტუმროს, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფართების განთავსებას ითვალისწინებს და მისი წინასწარი ესკიზი დადებითად შეაფასა მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.​

ესკიზი არ მოეწონა საბჭოს 4 წევრს. ერთ-ერთის შეფასებით, ამ ზომის მოცულობის, გეგმარებითი სტრუქტურის და არქიტექტურული სახის განაშენიანება არ არის მისაღები ისტორიული უბნისათვის.

წაიკითხე მეტი და ნახე პროექტი სრულად.

თუ დაფიქრებულხართ, რამდენი ბავშვია საქართველოში ჩართული პროსტიტუციაში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს არის დანაშაული, რომელზეც ყველა დუმილს ამჯობინებს. დასჯილა ვინმე, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ არასრულწლოვნისგან სექსმომსახურება მიიღო? პასუხი ისევ გაურკვეველია. ნამდვილად ხდება ასეთი რამ საქართველოში? ხდება. ეს ამბები ინგას და ელენეს (მათი სახელები შეცვლილია) გადახდათ თავს. არიან კი ისინი გამონაკლისები? სავარაუდოდ, არა. რადგან ამ თემაზე პირველი მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ ისევ მოგვდის ცნობები, რომ ბავშვები პროსტიტუციით ისევ ირჩენენ თავს. სახელმწიფო კი ამ ფაქტს ვერ ცვლის.

XS
SM
MD
LG