Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას კოალიციური გუნდი ცნობილია - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 ოქტომბერს


ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის გუნდი წარადგინა

არჩევნებამდე 10 დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის კოალიციური გუნდი წარადგინა, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის მართვას მასთან ერთად შეუდგება.

პრეზენტაცია მერის მოადგილეების დასახელებით დაიწყო, სადაც ყველა წარმომადგენელი ოპოზიციური სპექტრიდანაა:

  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ ლიდერი;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - ელენე ხოშტარია - „დროას“ ლიდერი;
  • თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - ირაკლი აბესაძე.

ასევე სხვადასხვა პარტიიდან დააკომპლექტა მელიამ საქალაქო სამსახურები და გამგეობები.

სრული სია ნახე აქ.

მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრო ახალი ბრალდების წარდგენას

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე მესამე პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს, თუმცა ბრალი გააცნეს არა მას პირადად, არამედ მის ადვოკატს. ციხეში ბრალის წარსადგენად შესულ პროკურორთან შეხვედრის სურვილი თავად სააკაშვილს არ ჰქონდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

გუშინ პროკურატურამ დაადასტურა, რომ სააკაშვილი საქართველოში არა 1 ოქტომბერს, არამედ 29 სექტემბერს შემოვიდა.

გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან სატვირთო გემ „ვილნიუსს“ წამოჰყვა და ფოთში ამ გზით შემოვიდა. გემი საქართველოში 28 სექტემბერს, 23:00 საათზე შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით 2 საათში, 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ელგუჯა ცომაიას კუთვნილი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელშიც იყო რძის პროდუქტი.

წაიკითხე მეტი.

სააკაშვილი დათანხმდა ჰოსპიტალში გადაყვანას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანონ. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყოფშიძემ განაცხადა. სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია 19 ოქტომბერს ექიმთა კონსილიუმმა გასცა, თუმცა პატიმრის თანხმობის გარეშე ეს რეკომენდაცია ვერ სრულდებოდა.

გუშინ, რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაცია სავარაუდოდ დღეს არ მოხდება. სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა შესაძლოა კვირის ბოლოს მოხდეს.

„გასავლელია რაღაც პატარა საკითხები ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროსთან, ამას გავარკვევ ხვალ-ზეგ. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი აღარ შიმშილობს, არავითარ შემთხვევაში. ის შიმშილობას აგრძელებს. შეწყვეტაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისი ანალიზები გავიარე. რაღაც უკეთესია, რაღაც უარესი“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რა უთხრა შატალოვამ სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე გამოძიებას - ჩვენების ოქმის დეტალები

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი დანაშაულის მოტივზე.

ჯერ კიდევ ბურუსით მოცულ საქმეზე არსებობს ანასტასია შატალოვას ჩვენება, რომელიც მან გარდაცვალებამდე ოთხი თვით ადრე მისცა ბათუმის საგამოძიებო უწყებას.

ანასტასია შატალოვას ადვოკატმა, პაატა შავაძემ, რადიო თავისუფლებას გააცნო შატალოვას გამოკითხვის ოქმის შინაარსი. შატალოვა თავის პარტნიორს, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს, რომელთანაც საერთო შვილიც ჰყავდა, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ბერიძის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერიც.

კიდევ რას ჰყვებოდა გარდაცვლილი ქალი, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ალექსეი ნავალნის სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა

რუსეთის საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი პრიზი, სახაროვის პრემია მიენიჭა.

ალექსეი ნავალნის გარდა, პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა მოკლე სიაში წელს ასევე შედიოდნენ ავღანელ ქალთა ჯგუფი და პატიმრობაში მყოფი ბოლივიელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

სახაროვის პრემია, რომელიც 50 000 ევროს შეადგენს და ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს ენიჭებათ მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად გაიცემა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის, ხსოვნის პატივსაცემად.

რას გვიყვება ნინო ხარატიშვილის წიგნი, რომელსაც HarperCollins გამოსცემს

ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი DAS MANGELNDE LICHT (The Lack of Light) ჯერ გერმანულადაც არ დაბეჭდილა, მაგრამ წიგნის გამოცემის საავტორო უფლება უკვე შეიძინა ძალიან ცნობილმა და ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“ (HarperCollins Publishers). ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი (გერმანულენოვანი) ავტორის წიგნი ამერიკაში გამოიცემა. ნინოს ახალი რომანის (ქართული სამუშაო სათაურით „უკმარი სინათლე“) მოგზაურობა მსოფლიოში მალე დაიწყება.

ახალი ამბავი ნინოს გერმანულმა გამომცემლობამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის დღეს, უკვე ტრადიციად ქცეულ, ნინო ხარატიშვილის ევროპელი გამომცემლების შეხვედრაზე გაახმაურა.

ვიცი, რომ ამერიკაშიც უნდა ჩავიდე, იგეგმება გაცნობა, გეგმების შედგენა. ჯერ ბევრი მეც არაფერი ვიცი. სულ ახალი ამბავია, დარეტიანებული ვბრუნდები ფრანკფურტიდან“, - გვითხრა ბერლინისკენ მიმავალმა ნინომ.

ამერიკის წიგნის ბაზარზე შესვლა გერმანიისთვისაც კი რთული ამბავია, ამიტომ ნინოს სიხარულიც გასამმაგებულია, თან უკვე ცნობილია, რომ ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა იქნება და ამ ერთი წიგნის გამოცემით არ დასრულდება.

წიგნის გამოცემის საავტორო უფლება ამ დროისთვის ათმა ქვეყანამ იყიდა, მათ შორის არიან ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, ამერიკა, (საფრანგეთთან ჯერ მოლაპარაკებები მიდის), შვედეთი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი და საქართველოც.

რა ელის მკითხველს ნინო ხარატიშვილის ახალ წიგნში და რა გზა აქვს წინ თავად ლიტერატურულ ტექსტს? წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

იაპონიაში, კუნძულ კიუშუზე ვულკანი სახელად „ასო“ ამოიფრქვა. პოპულარულ ტურისტულ რაიონში ამოფრქვევა დილის 11:43 საათზე დაიწყო. მთის წვერიდან ამოვარდნილმა კვამლმა და ფერფლმა ჰაერში 3,5 კილომეტრს მიაღწია. ამოფრქვევის გამო მესამე დონის განგაში გამოცხადდა და ტურისტებს უსაფრთხოების მიზნით კრატერთან მიახლოება აეკრძალათ. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იულია ტიმოფეევას და ალჰერდ ბახარევიჩს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე შევხვდი. ბელარუსი მწერლები ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ავსტრიის ქალაქ გრაციდან ჩამოვიდნენ, სადაც ისინი ცხოვრობენ მას მერე, რაც 2020 წლის შემოდგომაზე მინსკიდან გაიქცნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG