Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ახალი აქციისთვის ემზადება - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 ნოემბერს


ოპოზიცია შემდეგ აქციას რუსთაველის გამზირზე გამართავს 14 ნოემბერს, 15:00 საათზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას გააცნო ოპოზიციის მოქმედების უახლოესი გეგმა. შემდეგი საპროტესტო აქცია ჩატარდება ისევ რუსთაველის გამზირზე შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე.

გუშინ კი პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის მიუხედავად შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, თუმცა ამჯერად პროცესმა წყლის ჭავლის გარეშე ჩაიარა.

აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე დააკავა. მათი ნაწილის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ის, რომ მათ სურდათ რუსთაველის გამზირზე შეშის შემოტანა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

გუშინ არაერთი შეფასება გაკეთდა 8 ნოემბრის საღამოს აქციის დაშლის ფაქტზე. მომხდარს ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა ჯებრეა ჰოჯა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა გამოეხმაურნენ. ისინი დემონსტრანტებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

წაიკითხე მეტი.

უარი დიალოგზე, ცესკოს "შტურმი", გადამეტებული ძალა - რა აჩვენა ხელისუფლებამ

8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის წყლის ჭავლით დაშლას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უარი ოპოზიციასთან დიალოგზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამით უარი თქვა თავის ვალდებულებაზე - გამოეყენებინა მოლაპარაკებების რესურსი და სანაცვლოდ, არაპროპორციული ძალით დაუპირისპირდა მომიტინგეებს. ამასთან, მათთვის გაუგებარი დარჩა წყლის ჭავლის გაუფრთხილებელი გამოყენება და მით უფრო, ადამიანების მცირე ჯგუფის წინააღმდეგ, როდესაც ცესკოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო მისული.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის „კრიმინალი“ ლიდერების „მეთაურობით“ ცესკოზე შტურმი ხორციელდებოდა და მისი მყისიერი აღკვეთის აუცილებლობის გამო წინასწარი გაფრთხილების დრო აღარ იყო.

რას შეცვლიდა დიალოგი და იყო თუ არა პროპორციული დემონსტრანტების დასაშლელად 8 ნოემბერს გამოყენებული ძალა? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა ერთ დღეში გუშინ მორიგ პიკს მიაღწია. გამოვლინდა 2927 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ამჟამად საქართველოს საავადმყოფოებში 4500 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებულთათვის 250-მდე საწოლია თავისუფალი, გათავისუფლების ფაზაშია დაახლოებით 600, შემდეგ კი - 700 საწოლი.

წაიკითხე მეტი.

სომხეთის საჰაერო სივრცეში რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს

სომხეთის საჰაერო სივრცეში ჩამოვარდა რუსული მი-24 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი, სავარაუდოდ, ნახიჩევანის ტერიტორიიდან განხორციელებული სროლის შედეგად.
წინასწარი მონაცემებით დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი. მესამე ევაკუირებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის გამოძიება დაიწყო სომხეთში მდებარე 102-ე რუსული ბაზის სარდლობამ, რათა დადგინდეს, თუ ვინ გაუხსნა ცეცხლი შვეულმფრენს.

ბრძოლები მთიანი ყარაბაღისთვის კი ისევ ინტენსიურ ფაზაშია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია აღარ აკონტროლებს საკვანძო ქალაქ შუშას, ხოლო აზერბაიჯანის არმია სტეფანაკერტის მისადგომებთან იმყოფება, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება სეპარატისტული ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანზე, ვაგრამ პოღოსიანზე, დაყრდნობით.

წაიკითხე მეტი.

აქციები, კომენდანტის საათი და წყლის ჭავლი ხალხის წინააღმდეგ - ექიმები საუბრობენ პოლიტიკაზე

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიციური პარტიები პროტესტს ქუჩაში გამოხატავენ - ხალხმრავალი დემონსტრაციების პარალელურად იზრდება შიში, რომ აქციები ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს

ხელისუფლება ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მის ხელშია, ვინც ქვეყანას მართავს.

8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის რისკები, რაც პანდემიის დროს ვითარების დეესკალაციის შემთხვევაში საპროტესტო აქციებმა შეიძლება მოიტანოს.

რადიო თავისუფლებამ შტატებში მცხოვრებ ექიმებს, ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულს და თბილისში მყოფ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ბიძინა კულუმბეგოვს სთხოვა კომენტარი მოსალოდნელ რისკებსა და შესაძლო გამოსავალზე.

ექიმების შეფასებები წაიკითხე აქ.

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ცესკოსთან აქციის დაშლის დროს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლი დამიზნებით არ გამოუყენებიათ.

აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლით დასველდნენ და დაშავდნენ მედიასაშუალების წარმომადგენლები. მათ შორის ისინიც, ვინც პოლიციის კორდონთან რამდენიმე ათეული მეტრით იყვნენ დაშორებულები და შედარებით ნეიტრალური ადგილიდან, უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობდნენ.

XS
SM
MD
LG