Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი, ბჟანია და ყარაბაღელი დევნილები


ასლან ბჟანია და ვლადიმირ პუტინი სოჭში.
ასლან ბჟანია და ვლადიმირ პუტინი სოჭში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სოჭში უმასპინძლა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, რომელიც რუსეთში ოქტომბრის ბოლოსაც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ბჟანიამ ვერ მოახერხა პუტინთან შეხვედრა: თითქმის ორკვირიანი ლოდინის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ პუტინი არ გეგმავდა უახლოეს მომავალში ბჟანიასთან შეხვედრას. 12 ნოემბერს კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავი მოიწონა იმით, რომ ასლან ბჟანია შედის იმ ლიდერთა ხუთეულში, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა „კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის“ განმავლობაში.

თვითმიზნად ქცეული შეხვედრა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის დაუსრულებელი მცდელობა, შეხვდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, გაუგებრობასა და გულისწყრომას იწვევს თვითონ აფხაზეთში. პოლიტოლოგ იზიდა ჭანიას მიერ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბლოგპოსტის მიხედვით, ექვსი თვეა, ასლან ბჟანია „კურსირებს მარშრუტზე“ სოხუმი-მოსკოვი-სოხუმი იმის იმედად, რომ რუსეთის პრეზიდენტი მას შეხვდება.

„წავა მოსკოვში, დაბრუნედება, გაივლის კარანტინს რომელიმე სამთავრობო აგარაკზე, ერთ-ორ საკადრო ცვლილებას განახორციელებს და კვლავ მოსკოვს მიაშურებს. ამასთან, ყოველი ახალი მოგზაურობა რამდენჯერმე უაზროა წინაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბჟანიას პრეზიდენტობის მთელი მიზანი ისაა, რომ შეხვდეს პუტინს. ეს მოსაზრება გაამყარა ბჟანიას ოქტომბრის ვიზიტმა მოსკოვში“, - წერს იზიდა ჭანია.

ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია
ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია

ასლან ბჟანიას ოქტომბრის ვიზიტი მოსკოვში სრული ფიასკოთი დასრულდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არ მიიღო ვლადიმირ პუტინმა, აფხაზეთის მედიაში კი გამოქვეყნდა ცნობები, რომ ბჟანია შეხვდა მოსკოველ ექიმებს, მონაწილეობა მიიღო სოკოს ფაბრიკის გახსნაში, ესტუმრა მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტს და ვიზიტის დასრულებისას შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს, ბაშკირეთის პრემიერ-მინისტრსა და ადიღეის ყოფილ პრეზიდენტს, რომლებიც, როგორც ჩანს, იმ მომენტში ბედად იმყოფებოდნენ მოსკოვში.

„რამდენად აქტუალურია ეს შეხვედრები აფხაზეთისთვის? იქნებ სახელმწიფოს მეთაური დაიბნა არჩევნების შემდეგ და არ იცის რა გააკეთოს?“ - კითხულობს აფხაზი პოლიტილოგი. - „აფხაზეთში მძვინვარებს პანდემია, ჯანდაცვის სამინისტროს შეტყობინებების შინაარსი გვაგონებს ფრონტიდან მიღებულ ცნობებს, ყოველდღიურად კორონავირუსით იღუპება ხალხი, საავადმყოფოები გადავსებულია, სახელმწიფოს მეთაური კი მორიგ ჯერზე, მეხუთედ ექვსი თვის განმავლობაში, როგორც ზღაპრის პერსონაჟი, - გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა რა მოჰქონდაო, - მიემგზავრება მოსკოვში“.

როგორც ჩანს, ბჟანიას ადმინისტრაციამ რაღაც ვერ ააწყო რუსეთთან ურთიერთობაში, რაზეც მეტყველებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, საყვედურნარევი განცხადებები აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა აფხაზეთისთვის არასასიამოვნო პუბლიკაციების ციკლი რუსეთის პრესაში და ცალკეული რუსი პოლიტიკოსების განცხადებები ლამის აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე.

რა ითქვა სოჭში?

12 ნოემბერს სოჭში გამართულ შეხვედრაზე, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „პუტინმა და ბჟანიამ განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის პერსპექტივები, 2014 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების რეალიზაციისა და საგარეო პოლიტიკური კოორდინაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“.

შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა სტუმარს შეახსენა, რომ, ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენის მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება აფხაზეთის ნომერ პირველ პარტნიორად.

„აფხაზეთის მთელი ეკონომიკური ბრუნვის 70 % რუსეთთან ვაჭრობაზე მოდის. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებები, აღარაფერს ვამბობ ტურიზმზე, თუმცა გვაქვს სხვა მიმართულებებიც: სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაცია. იმედი მაქვს, რომ ის დახმარება, რასაც რუსი მედიკოსები უწევენ რესპუბლიკას პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ გუდაუთის საავადმყოფოს „წითელ ზონაში“. მობილური ჰოსპიტალიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და სამხედრო ექიმებმა გამართეს“.

ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანდა, რომ ის ძალიან კმაყოფილია შეხვედრის ფორმატით:

„მეგობარი ჭირში შეიცნობაო, ნათქვამია. ბოლო დროს პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ ვიგრძენით ეს მხარდაჭერა. აფხაზეთის ხელმძღვანელობა აპირებს შეასრულოს ის შეთანხმებები, რომლებიც ხელმოწერილია როგორც დიდ ხელშეკრულებაში, ასევე სხვა, დარგთაშორის შეთანხმებებში. რადგანაც ყველა მათგანი სრულად შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს, ყოველივე ეს მუშაობს აფხაზეთის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე“.

ყარაბაღელი დევნილები აფხაზეთში?

არც ვლადიმირ პუტინს და არც ასლან ბჟანიას არაფერი უთქვამთ მთიანი ყარაბაღის შესახებ. არადა, აფხაზეთის საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, ახრა ავიძბას, განცხადებამ, რომ აფხაზეთმა დერეფანი უნდა გაუხსნას მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს.

„რთულ სიტუაციაში ადამიანებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში არაერთხელ გაუკეთებიათ წინაპრებს“, - დაწერა ავიძბამ ფეისბუკის გვერდზე.

ავიძბა მიიჩნევს, რომ თანამემამულეებმა, პოლიტიკურმა ძალებმა და აფხაზეთის სომხურმა დიასპორამ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას უნდა მიმართონ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილოს „დერეფანი არცახის რესპუბლიკიდან ლტოლვილებისთვის“.

ახრა ავიძბა დონბასელი სეპარატისტების მხარდასაჭერად უკრაინაში იბრძოდა, რისთვისაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება მიანიჭეს. ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

დევნილთა მძიმე სტატისტიკა

სულ რაღაც ორი კვირის წინ, ოქტომბრის ბოლოს, როცა ყარაბაღის მორიგი ომი დასრულებული არ იყო, აშშ-ში ვიზიტისას სომხეთის საგარეო უწყების თავკაცმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა, განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის გამო საცხოვრებელი დატოვა, დაახლოებით, 90 ათასმა ეთნიკურმა სომეხმა, რომელთა დიდმა ნაწილმა - 50 ათასმა - თავშესაფარი მიიღო სომხეთში, დანარჩენი კი ყარაბაღის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გადანაწილდნენ.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მონაცემებით, ომის დაწყებამდე (2020 წლის 27 სექტემბრამდე) მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 150 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

სომხეთის მთავრობამ ყარაბაღელი დევნილები განათავსა სასტუმროებში, ნახევრდ მიტოვებულ სანატორიუმებში, ადმინისტრაციულ და მუნიციპალურ შენობებში, ეპიდემიის გამო დაცარიელებულ სკოლებსა და კულტურის სახლებში.

სომხეთში არაერთი მუნიციპალური შენობა გადააკეთეს სოციალურ საცხოვრისად, ერევანში კი ამოქმედდა დროებითი განთავსების პუნქტი, რომელშიც თავს იყრიან ის დევნილები, რომლებსაც არც უძრავი ქონება აქვთ სომხეთში და არც ნათესავები ჰყავთ. ასეთი, დაახლოებით, დევნილთა 10 %-ია.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის დედაქალაქს, სტეფანაკერტი დატოვა 39 ათასმა ადამიანმა, რაც მთელი ქალაქის მოსახლეობის 70 %-ს შეადგენს, - ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სტეფანაკერტის მერმა, დავიდ სარქისიანმა, რომლის თქმითაც, ომის დაწყებამდე სტეფანაკერტში 56 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

სომხეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ყარაბაღიდან დევნილებს სომხეთში მოუწევს, სულ ცოტა, გამოზამთრება მაინც, თუმცა 10 ნოემბრის, ანუ სამშვიდო ხელშეკრულების გაფორმების, შემდეგ თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა, მოუწოდა ყარაბაღიდან დევნილებს, დაბრუნდნენ მშობლიურ ადგილებში და დაჰპირდა მათ, რომ უახლოეს დროში ყველა სახის ინფრასტრუქტურულ პრობლემას (სასმელი წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი) გადაჭრიდა, თუმცა, როგორც სომხური მედია წერს, ამ ეტაპზე ბევრი დევნილი არ ჩქარობს დაბრუნებას სტეფანაკერტში. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავა ქალაქი შუშა, რომელიც სულ რაღაც 10 კილომეტრითაა დაშორებული სტეფანაკერტიდან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG