Accessibility links

site logo site logo

რა თქვა შარლ მიშელმა - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 ივლისს


"გაშვებული შესაძლებლობა" თუ "ყველა ვალდებულება სრულდება" - რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ?

19 ივლისი მაღალი რანგის შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი განცხადებების დღე იყო. საღამოს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა პეტრას ციხესიმაგრეში, ზღვისა და სიმწვანის ფონზე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. ღონისძიებას ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

გუშინ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, თავის გამოსვლაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო აპირებს 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და იქვე დაამატა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და შემდგომი რეფორმები.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საზოგადოებამ მოისმინა ევროკავშირის უმაღლესი პირის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საკმაოდ მკაცრი საჯარო შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმები მოიკოჭლებს და ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა 19 აპრილის შეთანხმების („შარლ მიშელის შეთანხმების“) ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება - კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად განსაზღვრული პრინციპი დაარღვია.

რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო და რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჟურნალისტები მიშელს: ეს კაცი - ღარიბაშვილი, სანამ პრემიერია, საფრთხე ექმნება ყველა მოქალაქეს

ჟურნალისტებმა, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილით მიმართეს. ჟურნალისტები "მთავარი არხიდან", "TV პირველიდან", "კავკასიიდან", "ფორმულადან" და სხვა მედიასაშუალებებიდან ამბობენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის ობიექტები არიან.

„უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრია, საფრთხის ქვეშ არის უკლებლივ ყველა ჟურნალისტისა და მოქალაქის სიცოცხლე ისევე, როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი. ასეთ კაცს ხვდებით თქვენ დღეს და გვინდა, რომ სიმართლე იცოდეთ“, - განაცხადეს ჟურნალისტებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდეც შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები და ბანერები წარწერით „დემოკრატია საფრთხეშია“.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა ირაკლი ღარიბაშვილსაც დაუსვეს შეკითხვა, თუ როდის აპირებდა ის გადადგომას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას 5 ივლისის მოვლენებზე. პრემიერმა ამ კითხვას არ უპასუხა და ბრიფინგის სივრცე დატოვა.

წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

ზელენსკი: ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ

პეტრას ციხესიმაგრეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოებას ვამცნობთ, რომ უკრაინის ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ და მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონო პრეზიდენტო, მე მადლობას მოგახსენებთ და აქვე ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს დაუდასტურა, რომ იღებს მის მოწვევას, საქართველოში ვიზიტის საკითხზე. ზურაბიშვილმა საქართველოში ზელენსკის ჩამოსვლამდე შეიწყალა სამი პირი, რომელთაც საქართველო ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდა.

დაკავებულებიდან ორი უკრაინელი მეზღვაური იყო, ერთი კი საქართველოს მოქალაქე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი. ადვოკატის თქმით, სამივე მათგანმა საპატიმრო დღეს, 19 ივლისს, დილით დატოვა.

არის თუ არა საქმესთან კავშირში მიხეილ სააკაშვილი და არის თუ არა მოგვარებული გაუგებრობა უკრაინასა და საქართველოს შორის? წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს დაასახელებს

20 ივლისს 20:00 საათზე „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის ფეისბუკგვერდიდან გახდა ცნობილი.

„ქართული ოცნება“ პირველი პარტიაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად 2021 წლის არჩევნები განსაზღვრავს ვადამდელი არჩევნების ბედსაც. საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი „2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე, რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს

20 ივლისს შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს გადააჭარბოს. ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი.

სააგენტოს პროგნოზით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს საქართველოში ზაფხული ჩვეულებრივ 2-3 გრადუსზე ცხელია. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, 2011-2020 წლები მსოფლიოს ყველაზე ცხელი ათწლეული იყო და 2021 წელიც ყველაზე ცხელი წლების სიაში შევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტენდენცია არც მომავალში შეიცვლება უკეთესობისკენ.

ევროკავშირის სააგენტო ლიეტუვის საზღვარზე დაეხმარება, ბელარუსიდან ლტოლვილების მოზღვავების ფონზე

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო აცხადებს, რომ მომავალ კვირაში 60 მესაზღვრეს განათავსებს ლიეტუვის საზღვარზე დასაკვირვებლად, ბელარუსიდან უკანონოდ გადასული მიგრანტების მოზღვავების ფონზე - რასაც ბელარუსის სამაგიერო ნაბიჯად აღიქვამენ სანქციების იმ ახალი რაუნდის გამო, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეპრესიულ რეჟიმს.

Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ ვილნიუსში ყოფნისას 19 ივლისს თქვა, რომ ევროკავშირი „უპრეცედენტო“ პროცესის წინაშეა. „ისტორიაში პირველად ხდება, რომ Frontex-ს ამგვარი ოპერაციის ჩატარება უწევს ევროკავშირის ამ რეგიონში“, - თქვა ლეგერიმ.

მიმდინარე წელს ლიეტუვაში ბელარუსიდან გადავიდა 2 100-მდე უკანონო მიგრანტი, აქედან 1 400 მხოლოდ მიმდინარე თვეში, - აცხადებს ლიეტუვის საზღვრის დაცვის სამსახური.

წაიკითხე მეტი.

შესთავაზებს თუ არა საქართველო ჩინური ვაქცინებით აცრილებს „ბუსტერ“ დოზებს?

იმ ქვეყნების ნაწილმა, რომლებმაც მოსახლეობა ჩინური წარმოების კოვიდვაქცინით, „სინოვაკით“ აცრეს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა ვაქცინა გაუკეთონ. „ბუსტერებად“ კი ისინი ძირითადად ირჩევენ ამერიკული წარმოების „ფაიზერსა“ და „მოდერნას“, ან ოქსფორდის „ასტრაზენეკას“. განსაკუთრებული აქცენტი მედპერსონალსა და 50 წელს ზემოთ მოქალაქეებზე კეთდება. ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, რომელიც ტაილანდში გამოქვეყნდა, „სინოვაკით“ აცრილი მოქალაქეები, ყოველ 40 დღეში, ვაქცინაციით გამომუშავებული ანტისხეულების 50%-ს კარგავენ.

საქართველოს, ამ ეტაპზე, 300 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა „სინოვაკი“ (600 000 დოზა) აქვს მიღებული. აქედან 100 000 ჩინეთის საჩუქარია, ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“ კი, რომელიც საქართველოში 2 ივლისს ჩამოვიდა, მთავრობამ მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად შეიძინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 18 ივლისის მონაცემებით, საქართველოში „სინოვაკით“ ერთჯერადად აცრილია 46 358 ადამიანი. ორი დოზით კი 40 347. ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია ივლისის დასაწყისში სწორედ ჩინური ვაქცინებით, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ დაიწყო. ამ დროისათვის, საქართველოში, ყველაზე მეტი, 100 000 ადამიანი „სინოფარმითაა“ აცრილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო? შესთავაზებს თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს ე.წ. ბუსტერ დოზებს? ექნება საქართველოს იმ რაოდენობის მაღალეფექტიანი ვაქცინა, რომ უკვე აცრილ მოქალაქეებს მესამე დოზა შესთავაზოს?

წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG