სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე ნაკლებს ხარჯავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, მაშინ, როცა “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეკონომიკის ზრდის ევროპულზე მაღალ ტემპზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და ომის საფრთხეებზე საუბრობს.
2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გაანგარიშებული. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.
- შემოსულობები [ყველა სახის შენატანი ბიუჯეტში] 30,8 მლრდ ლარია - 2025 წელთან შედარებით 3,2 მლრდ ლარით [12%-ით] მეტი.
- გადასახდელები კი, ჯამურად [ბიუჯეტის ყველა ხარჯი] - 30,9 მლრდ ლარი იქნება - 2025 წლის მაჩვენებელზე 2,9 მლრდ ლარით (11%-ით) მეტი.
- ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი [მშპ] განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი ლარით;
- ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ფინანსთა სამინისტროს ცნობით - 11300 დოლარს აჭარბებს.
ინფლაციის საშუალო დონედ განსაზღვრულია - 3,3%; ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი 3%-ის ფარგლებში.
თავდაცვის ხარჯი
თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება, ჯამში, 486 მლნ ლარით იზრდება; თუმცა უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მაჩვენებლები წინა წლისას მხოლოდ 160 მილიონი ლარით აღემატება.
- 2026 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 890 მილიონი ლარი; 2025 წლის მაჩვენებელი 1 მილიარდ 730 მლნ ლარი იყო.
- 2026 წელს გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა.
- ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის "გათვალისწინებულია სულ 495 მილიონი ლარი".
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკონომისტ გოგა ხიშტოვანის გამოთვლით, „თავდაცვის სამინისტროს ხარჯის შეფარდება მშპ-სთან 2026 წელს გამოდის 1,65%“ და ასეთივე შეფარდებაა 2025 წელსაც, საპროგნოზო მაჩვენებლებით.
“ეკონომიკური ზრდის პირობებში თავდაცვის სისტემის ასეთი უგულებელყოფა აშკარად პოლიტიკის ნაწილია და წინააღმდეგობაშია გეოპოლიტიკურ გარემოსთან, რომელშიც საქართველოა და როცა რეგიონის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვის მიმართულების გაძლიერებას ცდილობენ”, - თუმცა გოგა ხიშტოვანი ასევე ფიქრობს, რომ დრო გაშვებულია და, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გართულების ფონზე თუ სისტემაში კორუფციის გამოვლენის გათვალისწინებით, დღევანდელ ბიუჯეტს ისედაც ნაკლებად შესწევს უნარი, დააფინანსოს საქართველოს საჭიროებები.
მათ შორის - ფულის გათეთრების მუხლით, ამჟამად ასამართლებენ “ქართული ოცნების” თავდაცვის ორ ყოფილ მინისტრს: ირაკლი ღარიბაშვილსა [ასევე - ექსპრემიერი] და ჯუანშერ ბურჭულაძეს. პირველისგან განსხვავებით, მეორე საპატიმროშია.
რა ხდება თავდაცვის ხარჯებზე სამეზობლოში
- აზერბაიჯანი გეგმავს, რომ 2026 წელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად ბიუჯეტის 21% დახარჯოს; რაც სახელმწიფოს მშპ-ის დაახლოებით 6,5%-ს უტოლდება.
- სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი, მართალია, 2026 წლისთვის შედარებით შემცირებულია, მაგრამ, სხვადასხვა წყაროს თანახმად, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დაახლოებით 4,7%-ს უტოლდება.
ასევე იყო წინა წლებშიც - სომხეთისა და აზერბაიჯანის მაჩვენებლები, თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-სთან შეფარდებით, საქართველოს მაჩვენებლებს აღემატებოდა. 2025 წელს სომხეთში 5%-ს შეადგენდა.
ბოლო პერიოდში როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ შორის აშშ-სთან. ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, მათ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ორივე ქვეყანა ისტორიულს უწოდებს. ახლა ისინი ვაჭრობისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებული - "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში.
- აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიურობის შედეგად, ნატოს ქვეყნები ჰააგის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ს [მთლიანი შიდა პროდუქტის] 5%-მდე გაზრდიდნენ. ამ მიზანს ბევრი უკვე წარმატებით მისდევს.
- "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში კი, რომელიც 2025 წლის 18 ივლისს ირაკლი კობახიძემ წაიკითხა, ევროპელების სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე ზრდა შეფასებულია “დიპ სტეიტის” განზრახვად, რომლის მიზანია “ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც".
“ქართული ოცნების” თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ სიღარიბისა და მით უფრო - საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, საქართველოს თავდაცვის სფეროს გაძლიერება ძნელად შესასრულებელი ამოცანაა, რადგან “თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი დასავლური დახმარების ხარჯზე ივსებოდა, დღეს კი [ეს არხი] უკვე აღარ არსებობს - შეწყვეტილი და გაყინული პროგრამების გამო” და “ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ერთობლივი საერთაშორისო წვრთნები აღარ ტარდება ანდა სიმბოლური ხასიათს ატარებს”.
“სახელმწიფო ან არის ორიენტირებული ასეთ განვითარებაზე, ან არა. არაფერი მოულოდნელი, სამწუხაროდ, არ ხდება… თავდაცვის ბიუჯეტი რომ გაეზარდათ, რისთვის უნდა გაეზარდათ, იმის გათვალისწინებით, როგორც იქცევიან [“ქართული ოცნების” ხელისუფლება] - მზად არიან, ქვეყანა ჩააბარონ რუსეთს”, - თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ ამ ვითარებაში სულაც არ უკვირს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტებს დემონსტრანტების ცემის, დაჭერისა და შეზღუდვის პროცესის დაფინანსება წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში, "ქართული ოცნების" სატელიტებად ცნობილი ჯგუფები თუ ცალკეული ადამიანები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ საქართველოს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ისინი ამ მუხლის გაუქმებას ითხოვენ.
ნეიტრალიტეტის მომხრეები უგულებელყოფენ სპეციალისტებისთვის კარგად ნაცნობ ჭეშმარიტებას მსოფლიო პრაქტიკიდან, რომ ნეიტრალური ქვეყნების სიძლიერეს დიდწილად სწორედ ძლიერი არმია და თავდაცვის ტექნიკური შესაძლებლობები განაპირობებს.
ბიუჯეტში ნაწილობრივ გაზრდილი და ზოგ შემთხვევაში - გადანაწილებულია სამინისტროების დაფინანსება.
- ჯანდაცვის სამინისტრო - 9,7 მლრდ ლარი [2025 წლის გეგმასთან შედარებით 849 მლნ ლარით მეტი];
- ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3,1 მლრდ ლარი; რეგიონული განვითარების სამინისტრო - 133 მლნ ლარი. 2025 წელს ეს ორი სამინისტრო ერთად იყო [საერთო ბიუჯეტით 3,1 მლრდ ლარი];
- განათლების სამინისტროსთვის გამოიყოფა - 27 მლრდ ლარი, სისტემაში ხელფასების 20%-იანი ზრდის ჩათვლით [2025 წელს იყო 3,08 მლრდ ლარი]. განათლების სამინისტროსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების [1 სექტემბრიდან] შემდეგ, ფუნქციები გადაუნაწილდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს - შესაბამისად, განათლების სამინისტროსთვის განსაზღვრული პროგრამების დაფინანსებაც ამ უწყებებს გადაეცა, მაგრამ „ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ჩათვლით, განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2026 წელს შეადგენს 3 344,2 მლნ ლარს“, განათლების ბიუჯეტი კი 470 მილიონი ლარითაა შემცირებული, მეტწილად კაპიტალური ხარჯების (ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ტექნიკური ბაზის გაძლიერება) შემცირების ხარჯზე.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 808 161 ლარი [2025 წელთან შედარებით 61 მილიონი ლარით მეტი];
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1,5 მლრდ ლარი [2025 წელთან შედარებით 152 მლნ ლარით მეტი]. 2026 წლის ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, უწყებას დაფინანსება გაუზარდეს 74 მლნ ლარით - „რაც გამოწვეულია ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებით". ასიგნებებში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანალიზით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია აჩვენებს, რომ:
- უცხოური გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია - 2024-ზე 2-ჯერ ნაკლები; ხოლო 2025-ზე 27 მლნ ლარით მეტია. ევროკავშირის გრანტები კვლავ ნულს უტოლდება.
- საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვი 79-ით მცირდება - უმეტესწილად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავეთა ხარჯზე.
სადავო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, 10 დეკემბერს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო მოწინავეა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის - ეკონომიკური წინსვლით; ხოლო ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის სიმცირით - როგორც კანდიდატ, ასევე ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც.
“ალბათ აინტერესებთ კოლეგებს და უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე წინ არ არიან, ცალსახად. უკრაინაზე აღარც ითქმება - 100%-ს გაცდა ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი, არ ვიცი - 21%-ია, რა. რაც შეეხება მოლდოვას, სულ გვეუბნებიან, რომ მოლდოვა კარგად იქცევა და თქვენ - არა… ყოველ შემთხვევაში, ფინანსური კუთხით ის არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, როდესაც ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს გასცდა და 3,7 [პროცენტი] აქვს”, - თქვა კვიჟინაძემ.
ბოლო წლებში დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ევროკავშირი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არა ეკონომიკური მაჩვენებლების, არამედ დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, “რეპრესიული კანონების” მიღებისა და ანტიევროპული დეზინფორმაციის გამო აკრიტიკებს. ევროკავშირის უმეტეს დედაქალაქში “ოცნებას”, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ღიად პრორუსულ ძალად მიიჩნევენ. ბრიუსელში განაცხადეს ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ქაღალდზეა დარჩენილი და საქართველო ევროკავშირისკენ აღარ მიდის. ბრიუსელი "ქართული ოცნების" ვერბალური შეტევის განსაკუთრებული სამიზნეა.
- საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი [მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებსაც] 2,9 მლრდ ლარი იქნება, რაც მშპ-ის 2,5%-ს შეადგენს - წერია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
- ფინანსთა სამინისტროს გათვლით, 2026 წლის ბოლოსთვის, სამთავრობო ვალი 38,2 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33,5%-ია.
- 2026 წელს დაიფარება ადრე აღებული ვალი - 2,9 მლრდ ლარი. თუმცა იგეგმება ვალად კიდევ 5,1 მლრდ ლარის აღება, საიდანაც 3,3 მილიარდი ლარი საგარეო ვალია.
ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დისტანციურად პატიმრობამისჯილი გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა. ამ პარტიიდან სადავო პარლამენტში შესულმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ ბიუჯეტის პროექტს “ფასადური” და “სახელისუფლებო უწყებების ხარვეზების, ჩავარდნების და მანკიერი მხარეების გადაფარვაზე” ორიენტირებული უწოდა.
“წარმოდგენილ დოკუმენტში როგორც ვკითხულობთ, რომ გაიზარდა ეკონომიკა, გაიზარდა შემოსავლები, გაიზარდა მშპ, გამყარდა ლარის კურსი. ხალხისთვის გასაგებ ენაზე იქნებ მითხრათ და ამიხსნათ, რა ჰქვია ასეთი ეკონომიკური ზრდის მოდელს, როდესაც მყარდება ლარის კურსი და ამავე დროს სამომხმარებლო ბაზარზე კატასტროფულად ძვირდება სურსათიც და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები… იზრდებოდეს მშპ და ეკონომიკა და ამავე დროს სიდუხჭირის გამო იზრდებოდეს მიგრაცია”, - შალვა კერესელიძის თქმით, ხალხი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას იმის გამო ვერ გრძნობს, რომ "კორუფცია საქართველოში ხელისუფლების მხრიდან „გაპრავდა“ და თითქმის ყველა დონეზე ნებადართული გახდა”.
ფორუმი