Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სუს-ის ფაილები“ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 სექტემბერს


როცა სისტემა მოქმედებს ასე

12 სექტემბერს, გვიან ღამით გამოქვეყნებული სუს-ის ფაილების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ზოგადი კომენტარი გააკეთა მთავარმა „ბრალდებულმა“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), რომ ითანამშრომლებს პროკურატურასთან გამოძიების ყველა ეტაპზე, თუმცა ბევრმა ადამიანმა, ვისი მონაცემებიც მოხვდა გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, უკვე დაადასტურა მასალის ავთენტიკურობა.

ხელისუფლება კი ტელევიზიებზე ბრაზობს და ფარული ჩანაწერების კონტექსტში პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიანიშნებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი „ტვ პირველის“ ჟურნალისტებსა და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელს „გარყვნილი“ და „ანტისახელმწიფოებრივად“ მოაზროვნე ადამიანები უწოდა.

ე.წ. სუს-ის ფაილების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეა ჯაღმაიძემ ტელეკომპანიებს მოუწოდა მასალების გადაცემისკენ.

„სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ“, - თქვა მან.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მომხდარმა ნეგატიური გავლენა არ იქონიოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთობაზე.

ამ ვითარებაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ მასალებში ნახსენებმა ადამიანებმა, რომლებიც ადასტურებენ მის ავთენტიკურობას, სამართლებრივად უნდა იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

საოკუპაციო ძალები ოსურ ბატალიონებთან ერთად სამხედრო სწავლებებს ატარებენ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. დე ფაქტო რესპუბლიკაში წვრთნები სამხრეთ რუსეთის სამხედრო ოლქის ფართომასშტაბიანი ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური მანევრების ნაწილია. რუსეთის 58-ე არმიის მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები გაემგზავრნენ ძარწემის შეიარაღებული ძალების პოლიგონისკენ ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში, - განაცხადა სამშაბათს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა.

ოსური მედიის ცნობით, აღნიშნული წვრთნების ერთი ეპიზოდი სადესანტო ჯგუფის განადგურებას უკავშირდებოდა. სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე შერეული არმიის ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მოიგერია მტრის ტაქტიკური საჰაერო სადესანტო თავდასხმა ძარწემის პოლიგონზე.

წაიკითხე მეტი.

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წარმოებაში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ განმარტავენ, საქმე სახელწოდებით „ბერიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. აქციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ვახტანგ ბერიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ ამ აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად, ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან - მხრის მიდამოდან ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში.

წაიკითხე მეტი.

ISFED: "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მოქმედებდა 20 გვერდი, ოპოზიციის წინააღმდეგ - 25

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED) გამოაქვეყნა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით საარჩევნო სუბიექტების კამპანიის ფარგლებში აქტიური იყო არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 263 ოფიციალური, ორგანიზაციული Facebook-გვერდი. მათ შორის, „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილ გვერდს „სინამდვილეში“, რომლის აღწერილობის მიხედვით, გვერდის მიზანია პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სიახლეების გადამოწმება.

წაიკითხე მეტი.

პუტინი თვითიზოლაციაშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციაშია. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინმა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ მის გარემოცვაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების გამო იძულებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიცვას თვითიზოლაციის რეჟიმი, ამიტომ დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას ამ კვირაში, დუშანბეში დაგეგმილ ორ შეხვედრაში - „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების“ საბჭოს სესიასა და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაში.

ვინ არის პუტინის გარემოცვაში კორონავირუსით ინფიცირებული, ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, ვლადიმირ პუტინის ტესტირების პასუხი უარყოფითია, ის ჯანმრთელია, თუმცა მისი უშუალო მონაწილეობით ღონისძიებები დროებით არ გაიმართება.

წაიკითხე მეტი.

უკანასკნელი ჯუღაშვილთა შორის, ვისთვისაც პუტინი მამა-მეფე და მზეა

ალჟირის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გამოფენილია სელიმ ბენსაადის სამი ნახატი „მოსკოვის პეიზაჟების“ სერიიდან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუზეუმის ბევრი დამთვალიერებელი ხვდებოდეს, რომ მხატვარი საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის შვილიშვილია.

მისი ბაბუა, სტალინის უფროსი ვაჟი, ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა 1941 წელს. იაკობ ჯუღაშვილის ფოტოები მალე გამოჩნდა წითელარმიელებისათვის განკუთვნილ სააგიტაციო ფურცლებზე მოწოდებით, დაეყარათ იარაღი და დანებებულიყვნენ. იაკობი 1943 წელს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. იაკობის ცოლი, იულია მელცერი, 1942 წელს დააპატიმრეს მოსკოვში სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებმა, თუმცა 1943 წელს მოულოდნელად გაათავისუფლეს.

მათმა ქალიშვილმა, ფილოლოგმა გალინა ჯუღაშვილმა მოსკოვში გაიცნო ალჟირის მოქალაქე ჰოსინ ბენსაადი, 1971 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც სელიმი დაარქვეს. მეან-გინეკოლოგების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად ბავშვმა მიიღო სახის ნერვის სერიოზული დაზიანება, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მას სმენის ორგანოების პროგრესული დაავადება აწუხებდა.

გალინამ კგბ-ს თავმჯდომარეს, იური ანდროპოვს უცხოელზე გათხოვების ნებართვა სთხოვა. ანდროპოვი დათანხმდა, თუმცა გალინამ უარყოფითი პასუხი მიიღო ცკ-ის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევისაგან, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად ბავშვის საფრანგეთში გაგზავნის ნებართვა უნდა გაეცა. 1966 წელს სვეტლანა ალილუევა, სტალინის ქალიშვილი, სსრკ-დან გაიქცა.

წაიკითხე მეტი.

რეალური შოუს ყოფილი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია Met Gala 2021-ზე. კარდაშიანი წითელ ხალიჩაზე დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსით წარდგა. გვასალიას და კარდაშიანს სახეები ჰქონდათ დაფარული.

გარდა კიმ კარდაშიანისა, წელს „ბალენსიაგას“ მოდის სახლმა დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით შექმნა სამოსი არაერთი სპეციალური სტუმრისთვის. მათ შორისაა: რიანა, ელიოტ პეიჯი, იზაბელ იუპერი და სხვა.

Met Gala მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ის ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტი ატარებს. ვარსკვლავების მიერ წარმოჩენილი სამოსი კი წითელი ხალიჩის შემდეგ მუზეუმში ინაცვლებს.

30 წლის იაპონელი ქართველოლოგი, ჰაიატე სოტომე ერთი წელია ტოკიოში ქართულ ენას ასწავლის. ქართული ენა მან საქართველოში შეისწავლა, მიიღო დოქტორის წოდება და პირველი იაპონელია, რომელიც იაპონელებს ქართულ ენას ასწავლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG