Accessibility links

უსაფრთხოების საბჭოს მდივნები და გასაკეთებელი საქმეები


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მესამე მდივანს იცვლის. ამჯერად მდივნის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაასახელა. გომელაური გერმანიაში ელჩად წარგზავნილ ლევან იზორიას შეცვლის. 2019 წლის აპრილის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მხოლოდ 2 სხდომა გამართა. ოპონენტები ამბობენ, რომ მნიშვნელობა არა აქვს - ვინ უხელმძღვანელებს უმოქმედო სტრუქტურას.

რას ეფუძნება კრიტიკა უსაფრთხოების საბჭოს უმოქმედობის შესახებ? რა ეტაპზეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება?

მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოს ადგილი უსაფრთხოების საბჭომ დაიკავა და ის, პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოექცა, ბოლო 11 თვეში საბჭოს მდივნის პოსტს უკვე მესამე თანამდებობის პირი იკავებს.

19 თებერვალს, როდესაც ამ პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა, პრემიერმა გახარიამ საბჭო ისევ ძველი სახელით მოიხსენია და თქვა, რომ:

  • „უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს“;
  • „ბატონ ვახტანგს (გომელაურს) ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა - შეთავსებით“;
  • „ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია, ისევე როგორც ძალისხმევაც, იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური".

გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

გიორგი გახარია, როგორც პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოს თავად ხელმძღვანელობს. თუმცა, ერთ დროს, ისიც იკავებდა საბჭოს მდივნის პოსტს, შს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს.

  • გიორგი გახარიას კანდიდატურა საბჭოს მდივნად 2019 წლის 1 მაისს დაასახელა იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ;
  • 2019 წლის 13 ნოემბერს, გიორგი გახარიამ, უკვე პრემიერ-მინისტრის როლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დანიშნა.

ნოემბერში ლევან იზორიასთვის მიცემული ერთ-ერთი პირველი დავალება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება იყო. თუმცა ამ სტრატეგიული დოკუმენტების მოძველებაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ ანალიტიკოსები: ამჟამად მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა, ხოლო საფრთხეების შეფასების დოკუმენტი 2018 წელს დაძველდა.

„უკვე მესამე მდივანი დანიშნეს. ფაქტია, რომ წინა ორ მდივანს არაფერი გაუკეთებია. 13 ნოემბრის სხდომაზე ითქვა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებს შეიმუშავებდნენ. დაგვპირდნენ, რომ განახლდებოდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ამის შემდეგ, მთავრობას დასჭირდა ორი თვე, რომ მოემზადებინა დადგენილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდებოდა უწყებათშორისი კომისია ასეთი დოკუმენტების შესამუშავებლად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია.

რა ეტაპზეა ახლა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება-განახლების პროცესი? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიმართა.

საბჭოში გვითხრეს, რომ:

  • „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოიცა 2020 წლის 13 იანვარს“;
  • და „ამ ეტაპზე მიმდინარეობას შესაბამისი კომისიის ფორმირება (კომისიის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრა)“.

მუშაობის პროცესი ნელი ტემპითა და არაეფექტიანად რომ მიმდინარეობს, არ უკვირს უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, დავით რაქვიაშვილს.

„უშიშროების საბჭოს წინააღმდეგ ბრძოლა (პრეზიდენტ მარგველაშვილის ფაქტორის გამო) 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგად - ის დაასამარეს და დაასუსტეს უსაფრთხოების არქიტექტურა... მთავარი შეცდომაც ეს იყო და ახლა ფაქტობრივად არარსებულ უწყებას ვინ უხელმძღვანელებს, მნიშვნელობა არა აქვს“, - ეუბნება რაქვიაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით:

  • უშიშროების საბჭოს როლი გაწერილი იყო კონსტიტუციით, რაც უსაფრთხოების საბჭოს შემთხვევაში ასე არ არის - „კონსტიტუციაში იწერება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“;
  • "გაქრა პლატფორმა, სადაც ერთმანეთს მუდმივად ხვდებოდნენ უმაღლესი პოლიტიკური პოზიციების მქონე პირები" - პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი;
  • ამჟამად, საბჭოს სხდომაზე პრემიერის გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მიწვეულ იქნას პრეზიდენტის (ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის) მიერ „ნომინირებული და ნდობით აღჭურვილი პირი“.

ანალიტიკოსები პრობლემურად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ 2019 წლის აპრილის შემდეგ (რაც საბჭო კანონით ამოქმედდა) სულ ორი სხდომა ჩატარდა და ეს მაშინ, როცა ბოლო პერიოდში საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობა გამოკვეთა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა არაერთმა პრობლემამ.

ანალიტიკოსებმა ასეთი საჭიროება დაინახეს არაერთ შემთხვევაში და ასე მაგალითად:

„აპრილის შემდეგ (11 თვეში) მხოლოდ ორი სხდომის ჩატარებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კანონიც დაარღვია, რადგან კანონში ჩანაწერის თანახმად - „საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება 3 თვეში ერთხელ“. კანონს არღვევს პრემიერი, რომელიც უშუალოდ იწვევს საბჭოს სხდომებს“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, საბჭო უნდა რეაგირებდეს არა მხოლოდ კრიზისების გამწვავებაზე, არამედ აქტიურად უნდა მუშაობდეს კრიზისების პრევენციაზე და ეს პროცესი ბუნებრივად მოითხოვს საბჭოს სხდომების გამართვასაც.

რაც შეეხება საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას, თეონა აქუბარდიას თქმით, არც ეს ფაქტი იძლევა სამომავლო იმედებს, რადგან ამჟამინდელ შს მინისტრსა (სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს) და პრემიერს შორის არცთუ სახარბიელო ურთიერთობებია. აქუბარდია იხსენებს, რომ დაპირისპირება გამოიკვეთა:

  • პანკისის ხეობაში 2019 წლის 21 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის ჭრილში - როდესაც ლაპარაკი იყო დაშვებულ შეცდომაზე და კოორდინაციის ნაკლებობაზე;
  • ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ, როდესაც განსხვავებული, მწვავე შეფასება გააკეთა პრემიერმა გახარიამ (ეს ფაქტი ვახტანგ გომელაურსაც უკავშირდება).

ანალიტიკოსების შეფასებით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა დამოუკიდებელი უნდა იყოს, რადგან მინისტრი, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ გაართმევს თავს საბჭოს მდივნის შრომატევად საქმიანობას, სამინისტროს მართვასთან ერთად.

კანონის თანახმად, საბჭოს მდივანი შეიძლება გახდეს საბჭოს ნებისმიერი მუდმივი წევრი და ესენი არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი; საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG