Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულია: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივლისს


აშკარა უარი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე - შეფასებები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა გამოხმაურებები ქვეყნის შიგნით და გარეთ.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორებისთვის?

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების გაუქმებას მწვავე რეაქციები მოჰყვა დასავლეთიდან. ერთ-ერთი პირველი ვინც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში იყო:

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან მოშორებაა და, როგორც ჩანს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, და არა ქვეყნის მომავალი. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც და ამ ნაბიჯის ფონზე, „აბსურდული“ უწოდა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანის ინტერვიუს. ლაპარაკია გამოცემა Euractiv-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა“.

„საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად“, - წერს ევროპარლამენტარი.

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან" „ქართული ოცნების" გასვლას ეხმაურება ოცი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში. ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.

რა საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს ოპოზიცია?

შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმების შემდეგ შესაძლოა ოპოზიციური პარტიების გეგმები არაერთი მიმართულებით შეიცვალოს. ისმოდა განცხადებები არჩევნების შესაძლო ბოიკოტსა და პარლამენტის დატოვებაზე.

გუშინ შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „დღეს საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა. მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტიურ ჩარევას უახლოეს საათებში", - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სააკაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს. „არ არსებობს შეთანხმება - არ არსებობს ვალდებულებები“ - წერს ის ფეისბუკზე.

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი უპასუხისმგებლო უწოდა "ქართული ოცნების" განცხადებას და არ გამორიცხა, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

სხვა პოლიტიკური განცხადებები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ნახეთ აქ:

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

საქართველოს დელეგაციამ "ტოკიო - 2020"-ზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა ბექაური. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ფინალამდე ბექაურმა ოთხ მეტოქეს მოუგო: პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს.

ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია - ორიოდ დღის წინ გახდა 21 წლის. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან ოლიმპიადამდე შეძლო უფროსებში უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგება - სამი თვის წინ გახდა ევროპის ჩემპიონი და ტოკიოშიც ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა.

წაიკითხე მეტი.

კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებით გადატვირთული საწოლები და ინტენსიური განყოფილება

კორონავირუსის დელტა შტამისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა პედიატრიული ასაკი. საქართველოში კორონავირუსს ემსხვერპლა ორ ჩვილიც. ჯანდაცვის სისტემას, ბოლო ორი კვირაა ინტენსიურად უწევს კლინიკებში კოვიდინფიცირებული ბავშვებისათვის განკუთვნილი საწოლების დამატება.

დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვთა კლინიკები და კოვიდ-განყოფილებები სრული დატვირთვით მუშაობენ. ყველა კლინიკაში, რომელსაც 28 ივლისს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, თავისუფალი ადგილების რაოდენობა ამოწურულია.

ასე მაგალითად, ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კლინიკაში არსებული 155 საწოლი სრულად დატვირთულია. ბოლო დღეებია, პაციენტების გაწერის შემდეგ გათავისუფლებული ადგილები, მაშინვე ივსება. მაია ჩხაიძის თქმით, ციციშვილის კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში დღევანდელი მდგომარეობით 25 ბავშვი მკურნალობს. კლინიკა პაციენტებისათვის კიდევ 20 საწოლს დაამატებს. ესაა მაქსიმუმი, რისი დამატებაც მათ შეუძლიათ: „მეტის საშუალება ფართისა და სანებართვო პირობების მიხედვით, არ გვაქვს“. რამდენი პედიატრიული საწოლია გამოყოფილი კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებისათვის? რამდენი საწოლია თავისუფალი? როგორ დავიცვათ ბავშვები ვირუსისგან? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

გრიგორი კარასინი: რუსეთი მზადა საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადა საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს.

„მზად ვართ ეს [ავიამიმოსვლის განახლების საკითხი] განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა.

რუსული სააგენტო TASS-ის თანახმად, კარასინი ასევე იმედოვნებს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს პირისპირ შეხვდება.

წაიკითხე მეტი.

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ერთ დღეში ბელარუსიდან გადასული 171 მიგრანტი დააკავეს

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ბელარუსიდან არალეგალურად გადასული და ერთი დღის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის 171 მიგრანტი დააკავეს. ყველა დაკავებული ერაყის მოქალაქეა, რასაც მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს.

მთლიანობაში კი მიმდინარე წლის განმავლობაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს 3027 მიგრანტი, რომლებიც არალეგალურად ცდილობდნენ ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას. მათი ნახევარზე მეტი აღმოჩნდა ერაყელი, მაგრამ იყვნენ ასევე ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეებიც.

ვილნიუსი მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსი მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე. მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვაში ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.

წაიკითხე მეტი.

თეას შემოღობილი

კულტურის მინისტრი, როგორც პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირი, ცხადია, შეიძლება პოლიტიზებული იყოს, შეიძლება პარტიულ დავალებასაც ასრულებდეს, შეიძლება სრულ მორჩილებაშიც კი იყოს პარტიულ ლიდერთან ან ბელადთან, მაგრამ რაღაც კვალიფიკაციას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს; მისი პოლიტიზება, მისი პარტიულობა თუ მორჩილება, გინდა თუ არ გინდა, რაღაც კულტურულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს და ეს უნდა ჩანდეს მაშინაც, როცა კულტურის მინისტრი პარტიის მტრებს ებრძვის და მაშინაც, როცა პარტიას ან მის არაფორმალურ ლიდერს ასხამს ხოტბას.

შორს რომ არ წავიდეთ, სამაგალითოდ გამოდგება თეა წულუკიანის წინამორბედი, მათემატიკის დოქტორი, მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც, ალბათ, გახსოვთ, არც მეტი და არც ნაკლები, ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა ბიძინა ივანიშვილი.

„ყოველი ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია... ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას“, - აი, ასეთი კულტურული პირმოთნეობის მაღალი სტანდარტი „დადო“ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანს კი კლასი არ ეყო, როცა ჟურნალისტისათვის წართმეული მიკროფონით, აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე მდგომმა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ „ბიძინას გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს!“ ეყვირა. ამას შეძლებდა სუფრასთან მჯდომი მმართველი პარტიის ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური აქტივისტი, კულტურის მინისტრს კი, ცხადია, მეტი მოეთხოვება.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG