Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმება ვერ შედგა - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 მარტს


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრების სერია უშედეგოდ დასრულდა. დღეს ის ბრიუსელში ბრუნდება.

10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ეკისრებათ.

„გარკვეული ასპექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმაში, ეს მისასალმებელი და შეუცვლელი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი იყო. მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, - განაცხადა დანიელსონმა.

მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შეძლებოდათ ფოკუსირება, კონცენტრაცია და ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მთელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. გარდა ამისა, როგორც დანიელსონმა აღნიშნა, კრიზისის დასრულება ნიშნავდა წინსვლას ევროკავშირის დღის წესრიგით და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვას რეგიონში.

ვრცლად შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

18 მარტს საგანგებო რეჟიმში შეიკრიბა ვაქცინაციის საბჭო მას მერე, რაც ახალციხეში აცრიდან ნახევარ საათში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე შეუძლოდ გახდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რაც ალერგიული რეაქციაა.

ამ შემთხვევის შემდეგ ვაქცინაციის საბჭო სათათბიროდ შეიკრიბა და შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს გამოყენება შეუფერხებლად გაგრძელდება. ეს სწორედ ის ვაქცინაა, რომლითაც ახალციხეში ქალი აცრეს. ამ დრომდე საქართველოში აცრები მხოლოდ ამ ვაქცინით მიმდინარეობს.

სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შევიტყვეთ, მათგან, რომ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც არის ის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი. ეს არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“.

რა არის ანაფილაქსიური შოკი და რამდენად დიდია მისი ალბათობა ვაქცინის ამ სახეობის გაკეთების შემდეგ? ეს მძიმე ალერგიული რეაქციაა COVID-ვაქცინაციის პროცესში (ისევე, როგორც ზოგადად ვაქცინაციის პროცესში). ის იშვიათ გვერდით მოვლენად მიიჩნევა. დროული რეაგირებისა და ჩარევის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს.

კოვიდვაქცინაციის დროს ანაფილაქსიური შოკის რა სტატისტიკა არსებობს მსოფლიოში? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საშიში ნაპრალი ლისის ქედზე - რატომ გასკდა მიწა თბილისში

თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე, პირველადი შეფასებით, 19 მეტრია, დაძრული უნდა იყოს დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი ფართობის მიწის მასა. გეოლოგები ამბობენ, რომ ეს ადგილი, ისევე როგორც, მაგალითად, მთაწმინდის ქედი, სეისმურად არამდგრადია და სიფრთხილეა საჭიროა.

აქ მეწყრული პროცესები ბუნებრივად აქტიურია, თუმცა ადამიანის ჩართულობა, რომელიც რიგ შემთხვევებში რისკების შეფასების და დაზღვევის გარეშე ხდება, პროცესს აჩქარებს და მასშტაბებს უზრდის.

იმ ადგილის ქვემოთ, სადაც მთას ნაპრალი გაუჩნდა, მერია ახალი გზა გაჰყავს, რომლითაც ვაშლიჯვარი გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. პარალელურად შენდება საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობები მთის ქედზე, ნაპრალის სიახლოვეს. მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ საცხოვრებელი ნაგებობები თითქმის არ არის, თავად ქუჩაზეა რამდენიმე კორპუსი, თუმცა შედარებით ქვემოთაა, ვიდრე ქედზე გაჩენილი ნაპრალი. მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ არის ფერდობი, მარშალ გელოვანის გზატკეცილი, სანაპირო და ბოლოს, მდინარე მტკვარი.

18 მარტს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზები ჯერ უცნობია, მაგრამ გამორიცხა გზის სამუშაოებთან ამ პროცესის დაკავშირება. მერი ამბობს, რომ პროცესები წლებია მიმდინარეობდა, ორშაბათს კი თბილისში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვლენ ვითარების ადგილზე შესასწავლად.

წაიკითხე მეტი.

გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს

ქალზე ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

წულაიას ბრალი გუშინ წარედგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გოგი წულაია დანაშაულს არ აღიარებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

წაიკითხე მეტი.

ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს ხიროსიმაზე თავდასხმა შეახსენა „მკვლელად“ მისი გამოცხადების პასუხად

რუსეთის პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 17 მარტს, ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში, დადებითი პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვას, მიაჩნია თუ არა მკვლელად ვლადიმირ პუტინი.

ვლადიმირ პუტინმა 18 მარტს ანექსირებული ყირიმის წარმომადგენლებთან პირდაპირი ტელეხიდის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ტერიტორიის კოლონიზაციის დროს აშშ-მა „მკვიდრი მოსახლეობის გენოციდი მოაწყო“. პუტინმა ასევე გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს იაპონიის ქალაქებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული „გაუმართლებელი“ ატომური იერიშები.

„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას, ჩვენ, როგორც მან თქვა, მართლა პირადად ვიცნობთ ერთმანეთს. რა შემიძლია, რომ ვუპასუხო მას? ჯანმრთელად იყავით! მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 18 მარტის ტელეხიდის დროს.

წაიკითხე მეტი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 20 ივნისი გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპარლამენტო ოპოზიციურ ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ, გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ.

საკუთარ ფეისბუკში ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ ვადამდელი არჩევნები არის „საუკეთესო გზა“ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც ოპოზიცია უყენებს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს.

სომხეთის ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.

წაიკითხე მეტი.

კეთილი და ნიჭიერი ლადო - 125 წელი გუდიაშვილის დაბადებიდან

18 მარტს,

ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილე აღინიშნება.

ლადო გუდიაშვილი იშვიათად მრავალმხრივი ადამიანი იყო: ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, ერთხელ ფილმშიც კი ითამაშა.

დაიბადა 1896 წელს, თბილისში. თავდაპირველად მშობლებმა ლადო მუსიკის მასწავლებელს მიაბარეს, თუმცა მალევე ექიმთან მიყვანა მოუხდათ - ვიოლინოზე დაკვრისას ემოციებისგან ბავშვს გულის ტკივილები ეწყებოდა. ექიმმა დაადასტურა, მუსიკა მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოაო, ამიტომ პატარა ლადომ ახლა ხატვაზე დაიწყო სიარული, მით უფრო, რომ ესეც მშვენივრად გამოსდიოდა.

ლადო გუდიაშვილი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. სწორედ ამ დროს მიიქცია ექვთიმე თაყაიშვილის ყურადღება. აქედან მოყოლებული ლადო ექვთიმეს ექსპედიციებში დაჰყვებოდა და შუა საუკუნეების ქართულ ფრესკებს სწავლობდა. ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ მისი ხატვის სტილი სწორედ შუა საუკუნეების კედლის მხატვრობას უკავშირდება.

წაიკითხე მეტი.

წაიკითხე მეტი.

იმ ადგილის ქვემოთ, სადაც მთას ნაპრალი გაუჩნდა, მერია ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, რომლითაც ვაშლიჯვარი გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობების მშენებლობა მთის ქედზე, ნაპრალის სიახლოვეს. 18 მარტს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა გზის სამუშაოებთან კავშირში არ არის. მერი ამბობს, რომ ეს პროცესები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ორშაბათს კი თბილისში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვლენ ვითარების ადგილზე შესასწავლად.

XS
SM
MD
LG