Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხვარი, რუჯის მიღების სურვილი და საწუწნი კანფეტები - არჩევნების "აღსანიშნავი" მოვლენები


შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, გარდა პოლიტიკური დაძაბულობისა, ხმებისთვის ბრძოლისა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვისა, მოქალაქეები ცდილობენ თავიანთი დამოკიდებულება არჩევნებისა და პოლიტიკის მიმართ უჩვეულო გზებით გამოხატონ.

აი, რამდენიმე მაგალითი 19 მაისის არჩევნებიდან:

ჩხუბი პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ქალს მამაკაცი დაედევნა. "შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა" - უთხრა აჭარის მაუწყებელს მამაკაცმა, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა.

სიტუაცია დაცვის პოლიციისა და უბნის წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ცხვარი, კექსი და ლექსები

ომალოს მცხოვრებმა დანო თურქოშვილმა საარჩევნო კომისიის წევრებს ყვავილები და კექსი მიუტანა. თურქოშვილს თან ბატკანი ახლდა. ის მისი თქმით პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და არჩევნებზე ყოველთვის ცხვართან ერთად დადის. დანო თურქოშვილმა საარჩევნო უბანზე ლექსიც წაიკითხა. კომისიის თავმჯდომარემ ნონა ტოხოსაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიას საჩუქარი არ მიუღია, რადგან ეს წესების დარღვევაა.

საწუწნი კამფეტები - აგიტაციისთვის

საარჩევნო უბნებზე "გირჩის" წევრები და მხარდამჭერები მწვანე საწუწნი კამფეტებით "შეიარაღებულები" ხვდებოდნენ არჩევანის გასაკეთებელ მისულ მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდა წარწერა: "თავისუფლება ტკბილია". ტკბილეული საარჩევნო აგიტაციად და შესაბამისად, კანონდარღვევად ჩაითვალა.

საწუწნი კანფეტი ჩანდა მიკროფონებს შორის ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ კომენტარს აკეთებდა.

"ვიზაგრებოდით, გენაცვალე"

მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფი ახალგაზრდა კაცები თაკარა მზის ქვეშ მათ ყოფნას რუჯის მიღების სურვილით ხსნიან.

ნაკურთხი საარჩევნო უბანი

ზუგდიდში N67 საარჩევნო უბანზე მამა ფრიდონმა (ასათიანი) იქ მყოფი პირები დალოცა და ზეთი აცხო. მისი თქმით, დასალოცად სხვა უბნებსაც მოივლის. მღვდლის საარჩევნო უბანზე დაშვება გააპროტესტა დამკვირვებელმა მაია კალანდიამ. მას უბანი დაატოვებინეს, მიზეზად კი დასახელდა, რომ საარჩევნო პროცესს უშლიდა ხელს.

დისერტაცია

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ სიებიანი ადგილობრივი, რომელშიც ამომრჩევლის პირადი ნომრები წერია, ამბობს, რომ თავისთვის ინიშნავს ინფორმაციას და ითვლის თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე.

"წადით აქედან, მე თქვენ არაფერს გაჩვენებთ, რა საქმე გაქვთ, რა თქვენი საქმეა რა მიჭირავს ხელში. რა გინდათ ვერ გავიგე ვიცავ დისერტაციას. არის სიები და ტელეფონის ნომრები... ", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მოსახლეობის გარდა აღსანიშნია პოლიტიკოსების ფრაზებიც, რომლებსაც ისინი შუალედური არჩევნებსი დღეს სხვადასხვა ადგილას და კონტექსტში აკეთებდნენ. ნიშანდობლივი იყო იმ პოლიტიკოსების ქმედებებიც, რომლებიც არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობდნენ.

აი მაგალითად:

კანდიდატი პირადობის მოწმობის გარეშე

ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიციიდან” ირაკლი ჯორბენაძე ხმის მისაცემად პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. ირაკლი ჯორბენაძე 19 მაისის არჩევნების შედეგების მიხედვით ხულოს მერი გახდა.

სტუმარ-მასპინძლობა, რომელიც არ გვესწავლება

"ჩვენ, მეგრელებს სტუმარმასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით; რა თქმა უნდა, ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს. უბრალოდ, ის ხალხი წავა თავისთავად სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ზუგდიდში“, - განაცხადა 19 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც მანამ, სანამ სამეგრელოში გაემგზავრებოდა, მთაწმინდაზე იმყოფებოდა ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე, სადაც აღნიშნა, რომ ზუგდიდში სამართალდამცველების მაღალი კონცენტრაცია დამკვირვებლების დიდი ოდენობით მობილიზაციით იყო გამოწვეული.

ჟურნალისტები, რომლებსაც არ უნდა შეუშინდე

"ნუ შეუშინდებით, მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, - ასე მიმართა საარჩევნო უბნებთან შეკრებილ კოორდინატორებს 19 მაისს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიების გამოყენება კანონდარღვევა არ არის.

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით, მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს."

თბილისის მერის ეს განცხადება შემაშფოთებლად მიიჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

საკუთარი თავის მერად გამოცხადება

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ზესტაფონელს. იმდენი სითბო და პატივისცემა მივიღე წინაასაარჩევნო პერიოდში, რომ, რას დაწერს ცესკო, ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, მე თავს ვაცხადებ ზესტაფონის მერად, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს მათ გვერდით ვიქნები”, - განაცხდა გოგი წულაიამ ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე 19 მაისს. ცესკოს მონაცემებით გოგი წულიამ ეს არჩევნები ვერ მოიგო.

ყოფილი პრემიერის რჩევა ყოფილ პირველ ლედის

"მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრა რულოვსს, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენოს, მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, – თქვა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ 19 მაისს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG