Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვაში ნაპოვნია ნაპოლეონის 1812 წლის კამპანიის მონაწილე ჯარისკაცების მასობრივი საფლავი


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შარშან შემოდგომაზე ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში წარმოებული სამშენებლო სამუშაოების დროს, აღმოჩენილ იქნა ნაპოლეონის ჯარისკაცების მასობრივი საფლავი, უდიდესი აქამდე ნაპოვნ საფლავებს შორის.



გასულ კვირაში ლიტვისა და საფრანგეთის ერთობლივმა სამეცნიერო ჯგუფმა დაამთავრა გათხრები მასობრივი საფლავისა, ნაპოლეონის ერთ დროს დიადი არმიის ჯარისკაცთა ნეშტით. თითქმის 190 წლის სამარხი ნაპოვნი იქნა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზის ადგილას.

ანთროპოლოგები და ისტორიკოსები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ ინფორმაციას ნაპოლეონის ომების ყველაზე დრამატული ეპიზოდის – 1812 წლის რუსეთის კამპანიის შესახებ. საფლავში, ვარაუდით 2000 ნეშტია, ეს, როგორც ჩანს, ეკუთვნის იმ ჯარიკაცებს, რომლებიც დაიღუპნენ მოსკოვიდან გერმანიაში უკანდახევისას.

ვილნიუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ანთროპოლოგი რიმანტას იანკაუსკასი უძღვება გათხრებს, მარსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ანთროპოლოგ ოლივიე დუტურთან ერთად.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ჟან-კრისტოფ პეკთან საუბარში იანკაუსკასმა თქვა, რომ მუშები სატელეკომუნიკაციო კაბელის გასადებ არხს თხრიდნენ, როცა წააწყდნენ 100 კვ. მეტრის ფართობის ძვლებით სავსე ქვაბულს.

[იანკაუსკასის ხმა] “თავდაპირველად არ ვიცოდით, რა არის ეს. გვეგონა, რომ შეიძლება სასამართლოს საქმე ყოფილიყო. ამიტომ პირველი ნიმუშები კრიმინალური მედიცინის ინსტიტუტში გადავაგზავნეთ. მოგვიანებით, ძვლებთან ერთად ღილებიც იყო ნაპოვნი. ისტორიული ანალიზის შემდეგ, გამორკვა რომ ეს იყო ფრანგული სამხედრო ფორმის ფოლაქები. და გახდა ნათელი, რომ ეს არის ფრანგი ჯარისკაცების მასობრივი საფლავი. ხოლო ლიტვაში ფრანგები მხოლოდ ნაპოლეონის 1812 წლის კამპანიის დროს იყნენ.”

1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონმა, იმისთვის რომ ეიძულებინა რუსეთის მეფე ალექსანდრე პირველი მიერთებოდა საფრანგეთის ინიციატივით ბრიტანეთის წინააღმდეგ შექმნილ ე.წ. “კონტინენტურ ბლოკადას”, გადაკვეთა მდინარე ნემანი თავისი არმიის თავში:. ნაპოლეონის დიადი არმია ითვლებოდა ყველაზე მრისხანე ძალად, რომელსაც კი კაცობრიობის ისტორიაში უარსებია. ნემანი ჰყოფდა პოლონეთის ახლად შექმნილ დიდ საჰერცოგოს, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ლიტვისგან.

ნაპოლეონის დიად არმიაში იყვნენ ჯარისკაცები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ფრანგები, ბელგიელები, შვეიცარიელები, პოლონელები, ესპანელები, ხორვატები, პორტუგალიელები. პრუსია და ავსტრია შედიოდნენ ე.წ. რაინის 38-წევრიან კონფედერაციაში და მათაც გაგზავნეს თავიანთი ჯარისკაცები, თუმცაღა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ.

დღესაც არ არის ცნობილი ნაპოლეონის დიადი არმიის რიცხოვნება. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ არმიის შემადგენლობაში 600-დან 800 ათასამდე ჯარისკაცი იბრძოდა, საიდანაც 450 ათასი შეიჭრა რუსეთში. 6 თვის შემდეგ, კატასტროფული კამპანიის დასასრულს, მხოლოდ ერთი მეათედი დაბრუნდა მდინარე ნემანის მეორე ნაპირზე. დანარჩენები ბრძოლის ველზე დაიღუპნენ, ჩავარდნენ ტყვედ, შიმშილით მოკვდნენ ან გაიყინენ.

საფრანგეთის იმპერატორმა მოსკოვს 1812 წლის შემოდგომაზე მიაღწია, სადაც ხუთ კვირას დარჩა. უკანდახევის დროს, ტემპერატურა მინუს 35 გრადუსამდე დაეცა. ვარაუდობენ, რომ ვილნიუსს დაახლოებით 50 ათასმა მიაღწია. ალექსანდრე პირველის არმია მათ ფეხადფეხ მისდევდა.

ზოგიერთი თანამედროვის ცნობით, ნაპოლეონის ჯარმა ვილნიუსიდან გასვლისას ამ ქალაქში 20 ათასი ჯარისკაცი მოიტოვა.

ვილნიუსში ნაპოვნი საფლავი ერთად-ერთი, მეტნაკლებად ხელუხდებელი ნაპოლეონისდროინდელი სამარხია, რომლისთვისაც კი ევროპაში მიუგნიათ. მასში დამარხული არიან ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე კი არა, შიმშილით, სიცივითა და, შეიძლება, ეპიდემიის გამო დაიღუპნენ. ამ ჯარისკაცების ასაკი 15-დან 25 წლამდე მერყეობს, რასაც კბილებისა და ძვლების ანალიზი ადასტურებს.

თვითმხილველთა შორის იყო რობერტ უილსონი, ბრიტანელი მეთვალყურე რუსეთის გენერალურ შტაბში. მან მოინახულა ვილნიუსის წმინდა ბასილის მონასტერი, რომელიც ფრანგებმა სახელდახელოდ ჰოსპიტლად გადააქციეს. უილსონს ის შემზარავი სურათი დახვდა.

მსგავს საშინელებებს აღწერს თავის დღიურში რუსი სტუდენტი რაფაელ ზოტოვი, რომელიც ჯარში კამპანიის მიწურულში გაუწვევიათ.

თანამედროვეების სიტყვით, ასობით ტყვე და დაჭრილი ჯარისკაცი წამებით მქნენ მოკლული კოზაკების და ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ. მაგრამ დუტურისა და იანკაუსკასის თქმით, ძვლების წინასწარი შესწავლა არ ადასტურებს ამ ცნობებს.

სამარხში ნაპოვნი, ღილები, თავსაბუროავი, მონეტები და ტანსაცმლის ნაფლეთები, როგორც ჩანს, ლიტვის საკუთრებაში დარჩება. რა ბედი ეწევა ნეშტს ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. არც მათი სამართლებლივი სტატუსია დადგენილი. დუტური თვლის, რომ ეს საფრანგეთისა და ლიტვის მთავრობების გადასაწყვეტია.

თუმცა ნაპოვნი ცხადყოფს, რომ ჯარისკაცებს საფრანგეთის უნიფორმა ეცვათ, მათი ეროვნება ნათელი არ არის. უკანდახევის დროს, ჯარისკაცები ხდიდნენ თავიანთ დაღუპულ ამხანაგებს ფეხსაცმელსა თუ ტანსაცმელს, ყინვისგან თავის დასაცავად. და ეს აძნელებს მათ ეროვნულ იდენტიფიკაციას.

იანკაუსკასი თვლის, რომ ვინაიდნ ისინი საფრანგეთის დროშის ქვეშ დაეცნენ, ყველა ფრანგებად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ თუ ეს შეიძლება ითქვას ჰოლანდიელ, ბელგიელ თუ ხორვატ ჯარისკაცებზე, (ეს ქვეყნები მაშინ ფორმალურად საფრანგეთის იმპერიის ნაწილი იყო), იგივე არ ითქმის ნაპოლეონის მოკავშირე ქვეყნების, მაგალითად გერმანიის ჯარისკაცებზე.

190 წლის წინათ დაღუპულმა ჯარისკაცებმა შეიძლება დღევანდელ სიტუაციაზეც იქონიონ გავლენა. დუტურის თქმით, ევროპის კავშირიმა შეიძლება დააფინანსოს რეგიონში არქეოლოგიური გათხრების სამუშაოები, მით უმეტეს, რომ ლიტვა კავშირში შესვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
XS
SM
MD
LG