Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა 20 ივნისს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, აკრძალოს ქვეყანაში გონებრივად ჩამორჩენილი დამნაშავეების სიკვდილით დასჯა.


ცხრიდან ექვსმა მოსამართლემ დაასკვნა, რომ ამგვარი განაჩენის გამოტანა ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების კონსტიტუციას, რომელიც მკაცრ სასჯელს კრძალავს. ამდენად, შეერთებულ შტატებში გაუქმდა 1989 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როცა უზენაესმა სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია გონებრივად ჩამორჩენილ დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა. გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” მიესალმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც გონივრულ ნაბიჯს, და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრებმა ამჯერად ანგარიში გაუწიეს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის აზრს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”სასამართლოს სამი წევრი: უილიამ რენკვისტი, ენტონ სკალია და კლარენს ტომასი კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდნენ 20 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებისა - შეწყდეს ქვეყანაში გონებრივად ჩამორჩენილი დამნაშავეების სიკვდილით დასჯა. მოსამართლე უილიამ რენკვისტი აღშფოთებას არ მალავდა იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს გაუწია ანგარიში. მაგრამ, ბატონ რენკვისტს დაავიწყდა, რომ ქვეყნის უზენაესი სასამართლო უწინარესად ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მხოლოდ სამ სახელმწიფოში: შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ყირგიზეთშია დაშვებული გონებრივად ჩამორჩენილ დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა. მოყოლებული 1976 წლიდან, ათობით გონებრივად ჩამორჩენილი ბრალდებული, რომელთა უმრავლესობას ნაკლებად ჰქონდა გაცნობიერებული საკუთარი ნამოქმედარით გამოწვეული მორალური ტრავმა, შეერთებულ შტატებში, სიკვდილით დასაჯეს”.

გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” ასევე მიესალმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. გაზეთის თქმით, მხედველობაში იქნა მიღებული შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი მერვე შესწორება, რომელიც ”ულმობელსა და უჩვეულო” დასჯას კრძალავს. ექვსი სამის წინააღმდეგ – ასეთი იყო შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში გამართული კენჭისყრის შედეგი, რასაც აღტაცებული შეხვდნენ ისინი, ვინც აღშფოთებულია საზოგადოების ყველაზე მეტად ტრავმირებული წევრების სიკვდილით დასჯის გამო. ხოლო გაზეთი ”უოლ სტრიტ ჯორნალის” მიმომხილველი უილიამ ტაკერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ილინოისის შტატმა ახლახან მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯაზე და ამასთან დაკავშირებით წერს:

”მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პირველად მრავალი წლის მანძილზე, სიკვდილით დასჯის მომხრეები, შეერთებულ შტატებში, იძულებული არიან დაიცვან თავიანთი პოზიცია. ამდენად დადგა დრო, როცა საგულადგულოდ უნდა გადაისინჯოს ჩვენს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის მიზანშეწონილობა. ბევრს ეჭვი ეპარება იმაში, რომ სიკვდილით დასჯა დამნაშავეობის შემცირებას უწყობს ხელს. რატომაც არა... დამნაშავე კრიმინალები ყოველნაირად ცდილობენ თავიდან აიცილონ სიკვდილით დასჯა, შეწყალებას ითხოვენ, რათა სასჯელის უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობით შეუცვალონ.”

საფრანგეთის გაზეთი ”ლიბერასიონი” ჩეჩნეთის პრობლემაზე საუბრობს და მეზობელ ინგუშეთში გახიზნული ჩეჩენი ლტოლვილების ცხოვრებას აღწერს. აეროპორტიდან ნაზრანში მიმავალი გზა რესპუბლიკაში საუკეთესოა. და სწორედ ამ გზაზე, სოფელ ყარაბულაკის მახლობლად, 6 ივნისს, 3 ინგუში მილიციელი მოკლეს. მკვლელებმა გზაზე ავტომანქანა დატოვეს ჩეჩნური ნომრებით, ხოლო ძაღლმა გამომძიებლები ლტოლვილთა ბანაკთან მიიყვანა. მილიციამ ალყაში მოაქცია ბანაკი ღამის წყვდიადში, და კონდახების ცემით უკან აბრუნებდა ყველას, ვინც ბანაკიდან გასვლა სცადა სცადა. ამან ლტოლვილებს ჩეჩნეთში ჩატარებული ”წმენდები” გაახსენა. დღისით ჩხრეკვები დაიწყო; ოცამდე ადამიანი დააკავეს, ხოლო შემდეგ გაუშვეს.

მას შემდეგ, სამიგრაციო უწყების წარმომადგენლები მხოლოდ მილიციის თანხლებით მიდიან ლტოლვილებისათვის განკუთვნილ კარვებიან ბანაკებში. გახშირდა შემოწმებები ნაზრანის ბაზარში, აგრეთვე ჩეჩნეთიდან ჩასული ავტომანქანების შემოწმება. მას შემდეგ, რაც 28 აპრილს რესპუბლიკის პრეზიდენტად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გენერალი მურატ ზიაზიკოვი აირჩიეს, ლტოლვილებისადმი დამოკიდებულება ინგუშეთში, მკვეთრად შეიცვალა. ზიაზიკოვის წინამორბედმა, გენერალმა რუსლან აუშევმა, ჩეჩენ სეპარატისტებთან დიალოგის მომხრე რომ იყო იმთავითვე, უყოყმანოდ შეიკედლა მეზობელი ჩეჩნეთიდან ჩასული ლტოლვილები. ხოლო ზიაზიკოვს – ლტოლვილების ჩეჩნეთში დაბრუნება აქვს განზრახული.

გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” შეერთებული შტატების მთავრობას კატეგორიულად მოუწოდებს, მოითხოვოს, რომ რუსეთმა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 1971 წელს, ქალაქ არალსკში, ყვავილის ეპიდემიამ იფეთქა. რუსეთს ოფიციალურად არასოდეს უღიარებია ეს ფაქტი, თუმცა ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომელშიც ყაზახეთის ოფიციალური წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, დაადგინა, რომ ეპიდემია გამოიწვია ბიოლოგიური იარაღის გამოცდამ არალის ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე.

ვარაუდობენ, რომ პირველად დაავადდა ქალი, რომელიც გემზე იმყოფებოდა კუნძულიდან ათი-თორმეტი კილომეტრის მოშორებით, რომლისგანაც ინფექცია შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას მოედო. გარდაიცვალა ორი ბავშვი და ახალგაზრდა ქალი, რომლებიც არ ყოფილან აცრილი, თუმცა დაავადებულთა შორის აცრილებიც იყვნენ. ეპიდემიის ლიკვიდაცია ორკვირიანი კარანტინისა და ქალაქის 50 000-იანი მოსახლეობის ვაკცინაციის შემდეგ მოხერხდა. დაწვრილებითი ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ შესაძლო ბიოტერორიზმისაგან თავდაცვის საქმეში დაეხმარება ყველას.

გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურნენ ამ კვირაში მოწყობილ რეფერენდუმს კუბაში, როცა 75 წლის დიქტატორმა ფიდელ კასტრომ აიძულა მოსახლეობა, ხმა მიეცა შესწორებისთვის კონსტიტუციაში, რომელიც კუბაში საბჭოური ყაიდის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ხელშეუხებლობას ითვალისწინებს. ”ფიდელ კასტრომ იგრძნო მოახლოებული საფრთხე და რეაქციაც არ დააყოვნა: მასობრივი დემონსტრაციების მოწყობა უბრძანა ხალს. ეს ძველი ტოტალიტარული პრაქტიკაა” – წერს გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” სარედაქციო სტატიაში, შემდეგ კი განაგრძობს:

”რახან კასტრო ამაზე წავიდა, ესე იგი, რაღაცამ დააფრთხო. თავად კასტრო დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს – პასუხია ვაშინგტონის მორიგ პროვოკაციაზე... სტანდარტული გამართლება კუბის რეჟიმის ყოველი ნამოქმედარისა. კი, პრეზიდენტმა ბუშმა ამასწინანდელ გამოსვლაში დემოკრატიზაციისაკენ მოუწოდა კუბას და განაცხადა, რომ კუბის წინააღმდეგ მიღებული ებარგო კვლავაც დარჩება ძალაში. თუმცა საქმე ამაში როდია. სინამდვილეში ძველი კომუნისტი შეაშფოთა 11 000-მა ხელმოწერამ, შეგროვებულმა კუბელი დისიდენტების მიერ, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში მოქალაქეობრივ თავისუფლებათა აღდგენის, პოლიტპატიმართა განთავისუფლებისა და მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების მიზნით რეფერენდუმის მოწყობას მოითხოვენ. თავად ის ფაქტი, რომ რეპრესიულ რეჟიმში ხსენებულ პეტიციას 11 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მრავლის მეტყველია. ეს ხელმოწერები უფრო წონადია, ვიდრე 7 400 000 ხმა, ფიდელ კასტრომ რომ მიიღო თავის რეფერენდუმზე”.

ხოლო როგორც გაზეთი ”ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” შენიშნავს, კუნძულის 11-მილიონიანი მოსახლეობა მოსკოველი და აღმოსავლეთევროპელი მეგობრების გარეშე დარჩენილმა ფიდელ კასტრომ ასეთი არჩევანის წინაშე დააყენა: ”სოციალიზმი ან სიკვდილი”.
XS
SM
MD
LG