Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიების მონიტორინგი ყველა დაინტერესებული პირისთვის გახსნილად ცხადდება


მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე სპეციალურმა კომისიამ საქმიანობის პირველი ეტაპი დაასრულა და საარჩევნო ასაკის თითოეული მოქალაქის ვინაობის მომცველი 100 000 გვერდიანი წიგნი შექმნა,

წინასაარჩევნო სამზადისში საარჩევნო კომისიების ჩართვის დრო დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი არ განსაზღვრულა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სიების ასლების ცენტრალურ და საოლქო კომისიებში გადაგზავნის დაყოვნება მიზანშეუწონლად მიიჩნია. მისი ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასლები უკვე გადაეგზავნა. ანუ სიების მონიტორინგი ყველა დაინტერესებული პირისთვის გახსნილად ცხადდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გია ზესაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ შედგენილი სიების ასლები ჯერ არ შესულა.მართალია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ინფორმაცია განსხვავებულია, მაგრამ დიდ წინააღმდეგობასთან საქმე მაინც არ უნდა გვქონდეს - რაც მთავარია, უცვლელია პრინციპი, რომ სიები გადამოწმებისა და კორექტირებისათვის გახსნილია და ამ პროცესში ჩართვის თანაბარი უფლებები ენიჭებათ როგორც კერძო პირებს, ისე პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

[გია ზესაშვილის ხმა] "ეს მონიტორინგის პროცესი მთელ პროცესზე იქნება გაწერილი, ასე ვთქვათ, რა, და მთელ პროცესს პარალელურად გასდევს. დამალულად, რა თქმა უნდა, არაფერი არ გაკეთდება."[სტილი დაცულია]

გია ზესაშვილის ამ განცხადებაში იგულისხმება ის, რომ წინასწარი საარჩევნო სიები საოლქო კომისიებში უკვე საჯარო უნდა გახდეს, რათა მათი დაზუსტება 1 სექტემბრამდე მოესწროს. მართალია, ჯერ საარჩევნო კანონი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ საარჩევნო მონაცემთა ბაზის მომზადების საორიენტაციო ვადად სწორედ 1 სექტემბრამდე დარჩენილი დრო ითვლება. 1 სექტემბრიდან კი ძირითადი სიის ხელახალი მონიტორინგი დაიწყება. სხვათა შორის, მონიტორინგისთვის გახსნილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების, ანუ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის არაოფიციალური აღწერის, პირველი ეტაპიც. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო სიების დაკომპლექტების სრული პროცესის წინასწარი მონიტორინგი უკანასკნელი წლების საარჩევნო პრაქტიკაში სიახლე და თავისებური ექსპერიმენტია, რომელიც, სხვათა შორის, კანონით განსაზღვრული არ არის. ვგულისხმობთ მოქმედ საარჩევნო კოდექსს, რომლის საფუძველზე 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს.

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა]"მონიტორინგი არ დევს მოქმედ კანონმდებლობაში. მოქმედ კანონმდებლობაში, იცით, როგორი მექანიზმია. იქ წერია, რომ ამომრჩეველთა სიებს აკრავენ საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა. ამ 30 დღიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერ მოქალაქეს, საარჩევნო სუბიექტს, შეუძლია მივიდეს და შეამოწმოს, რამდენად სწორია ეს სიები."

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის ნუგზარ კუპრეიშვილის ნათქვამს დავძენთ, რომ თუ პარლამენტმა ამ დღეებში არ მიიღო ცვლილებებისა და დამატებების ის პაკეტი, რომლის მიხედვით, წინასწარი სიების მონიტორინგიც კანონის ნორმა ხდება, მაშინ სიების მონიტორინგის დასაყრდენია ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მეორე თავი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, არსებითად, გამარტივებული პროცედურით, რადგან დაინტერესებულ პირს სახელმწიფო უწყებიდან, ამ შემთხვევაში - შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ინფორმაციის პირადი ძალისხმევით გამოთხოვა არ სჭირდება: უკვე არსებობს პრეზიდენტის ნება და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამომრჩეველთა ჯერჯერობით დაუზუსტებელი სიები საარჩევნო ოლქებში უკვე უნდა გამოიკრას.
ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფების მიერ კარდაკარ ჩამოვლით მოქალაქეთა რეგისტრაციის შესაბამისად, საქართველოში სარჩევნო უფლების მქონე 3 მილიონ 200 000 ადამიანია აღრიცხული. ამ მონაცემებს ჯერჯერობით სიზუსტის პრეტენზია არა აქვს, მაგრამ სიების გადამოწმებამ, შესაძლოა, საერთო სურათში სერიოზული კორექტივი შეიტანოს. მაგალითს ნუგზარ კუპრეიშვილი გვთავაზობს:

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა]"მაგალითად, ქალბატონ მარიამ ცაცანაშვილის მონაცემებით, თბილისში დაფიქსირდა 1 200 000 საარჩევნო უფლების მქონე ადამიანი, მაშინ როდესაც ეს ციფრი წინა არჩევნებში მერყეობდა 700-დან 720 000-მდე. ამიტომ ძალიან საინტერესეო იქნება თბილისში მონიტორინგის ჩატარება."

მთლიანად საქართველოში კი, პოლიციის მონაცემებით, ანუ წინასწარი საბაზისო ინფორმაციით, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2003 წლისათვის 100 000 ამომრჩევლით მეტია.
სავარაუდოდ, საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკური პარტიებიც, რომელთა ნაწილსაც საარჩევნო სიების საკუთარი ვარიანტებიც კი აქვს შედგენილი. მათგან, ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე სრულყოფილი "ახალი მემარჯვენეების" მასალებია. მთლიანად ოპოზიცია კი ერთიანია იმ მოთხოვნაში, რომ შეიქმნას სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემებს საარჩევნო უბნების მიხედვით გახდის თავსებადს.
XS
SM
MD
LG