Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროსი მანჯგალაძე - 80


“დიდი ბავშვი” – ასე ეძახდნენ კოლეგები და ახლობლები ეროსი მანჯგალაძეს,

საქართველოს სახალხო არტისტს, რომელსაც 3 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა. ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვა 1981 წლის იანვარში ნამდვილ სახალხო გლოვად გადაიქცა. ქუჩაში რეპროდუქტორებიდან ისმოდა დიდი მსახიობის განუმეორებელი ხმა, ნაწვეტები სპექტაკლებიდან...

“რატომ არ უნდა შეიძლებოდეს წამის შეჩერება, რომ ამის დანახვა ყველას შეეძლოს, ასეთი ბრწყინვალე სახე რატომ უნდა ქრებოდეს? რა უბედურნი ვართ და უსამართლოდ განწირულნი, რომ ჩვენს სურათებს ქვიშაზე ვხატავთ! განა ჩვენ სემირამიდას ბაღების არსებობას ვიჯერებთ? დაჯერებით კი ვიჯერებთ, მაგრამ ყველას თავისებურად წარმოგვიდგენია! დაიჯერებენ ჩვენს სიტყვას, როგორ თამაშობდა ეროსი ლოპესს?”

ეს – მიხეილ თუმანიშვილის სიტყვებია, ნაწვეტი მისი წიგნიდან “რეჟისორი თეატრიდან წავიდა”... ის ნაწყვეტი, რომელშიც თუმანიშვილი თავის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლზე, “ესპანელ მღვდელზე”, საუბრობს და თავის ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფეს, ეროსი მანჯგალაძეს იხსენებს.

დანახვით 50-იან წლებში დადგმულ ამ წარმოდგენას ვეღარ დავინახავთ, მაგრამ ეროსი მანჯგალაძეს ერთი უპირატესობა აქვს სხვა მსახიობებთან შედარებით – ხმა, რომელიც, საბედნიეროდ, ქვიშაზე შესრულებული ნახატებივით არ იკარგება, ხავერდოვანი ბარიტონი, რომელიც საქართველოს ყველა ოჯახში აჟღერდა მას შემდეგ, რაც 40-იანი წლების მიწურულს აკაკი ძიძიგურმა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ყველასათვის უცნობი კურსდამთავრებული ცხინვალის თეატრიდან რადიოში გადმოიყვანა და მას ფეხბურთის მატჩების კომენტატორობა შესთავაზა. ეროსი მანჯგალაძის მოსვლა ჯერ რადიოში, შემდეგ კი თეატრში დაემთხვა ახალი ეპოქის დადგომას, როცა ქართულმა კულტურამ პათოსის დამიწება დაიწყო და უარი თქვა მონუმენტურ ფორმებზე. მაგრამ ეს უშუალობა, იმპროვიზაციის ნიჭი, იუმორი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიხატა სწორედ ფეხბურთის რადიორეპორტაჟებში. ნათელი იყო, რომ ქვეყანაში დრო შეიცვალა, ნათელი იყო, რომ ახალი თაობა შეეცდებოდა საზოგადოების ჩამოყვანას პომპეზური სიმაღლეებიდან.

ეროსი მანჯგალაძე ქართველი არტისტების ამ ახალი თაობის წარმომადგენელი იყო. თუმცა იმხანად მასში ქართული “მონუმენტური თეატრის” ყველაზე კოლორიტული წარმომადგენლის, აკაკი ხორავას, მემკვიდრეს ხედავდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ სწორედ მან შეასრულა პირველად როლები აკაკი ხორავას რეპერტუარიდან, მათ შორის, ოიდიპოს მეფე – როლი, რომლითაც პირველად გაითქვა სახელი საქართველოს საზღვრებს გარეთ... თუმცა, ქართული თეატრის ისტორიკოსთა მტკიცებით, ეროსი მანჯგალაძის ოიდიპოსი – ხორავას გმირის სრული ანტიპოდი იყო; ახალგაზრდა მსახიობმა შექმნა არა თვითდაჯერებული ხელმწიფის, არამედ გულუბრყვილო ყმაწვილის სახე – რაღაც პირველყოფილი, “ადრეისტორიული”, რომელიც ვერა და ვერ მკვიდრდება შებღალულ სამყაროში. მოგვიანებით ეროსი მანჯგალაძე აბსოლუტურად განსხვავებული სტილისა და ჟანრის სპექტაკლებში ითამაშებს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე დადგმულ წარმოდგენებში ბავშვურ მიამიტობას შეინარჩუნებს.

[ხმა - “ჭინჭრაქა”]

ეს – “ჭინჭრაქააა”, მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წარმოდგენა, რომელიც მისმა მოწაფეებმა - ეგრეთ წოდებულმა “შვიდკაცამ” - მთლიანად იმპროვიზაციაზე ააგეს. ასეთი “კოლექტიური იმპროვიზაციის” დროს მსახიობები ძალიან კარგად უნდა იცნობდნენ ერთმანეთს და, რაც მთავარია, უნდა გრძნობდნენ პუბლიკას, ატმოსფეროს დარბაზში – კონკრეტულ სპექტაკლზე, კონკრეტულ პუბლიკას. ამის მისაღწევად კი საჭიროა განსაკუთრებული სმენა, მუსიკალურობა, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს არასდროს მოკლებია.

[ხმა - “ხანუმა”. სიმღერა. ]

თუმცა იმასაც ამბობენ, რომ, სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, ეროსი არა იმდენად პუბლიკაზე თამაშობდა, რამდენადაც პუბლიკის ჩართვა იცოდა თამაშში. ეს იყო თეატრალური კათარზისის მიღწევის ახლებური ხერხი – ხმით, პაუზებით, მიმიკით ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც მაყურებლის რაღაც ახალ განზომილებაში, თუ გნებავთ, “უდროობაში” მოქცევას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, ეროსი მანჯგალაძისთვის არსებითად არც ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ვის როლს თამაშობდა მსახიობი – ვანო ფანტიაშვილს თუ ლოპესს, გვადი ბიგვას თუ ზიმზიმოვს, ოთარბეგს თუ პეშეკს. მისი გმირები არასდროს იწვევენ სიძულვილს, რადგან მსახიობს თითქოს ეღიმება თავისი გმირების ნაკლზე. სხვათა შორის, იგივე ითქმის მის მიერ განსახიერებულ ეგრეთ წოდებულ “დადებით პერსონაჟებზეც” – როლსა და მსახიობს შორის დისტანცია ყოველთვის ხაზგასმულია. ეროსი მანჯგალაძე ყოველთვის მაყურებელთან რჩება და არა პერსონაჟთან. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი სატელევიზიო სპექტაკლში “კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა”. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს როლი სწორედ ეროსი მანჯგალაძისთვის დაიწერა, მხოლოდ მას შეეძლო ბუნებრივი გაეხადა თანამედროვე დონ-კიხოტის ეს სახე.

[ხმა - “კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა”]

სიცოცხლის მიწურულს ეროსი მანჯგალაძემ იმხანად ახლად გახსნილ კინომსახიობის თეატრში დაიწყო მუშაობა, ე.ი. თავის მასწავლებელს, მიხეილ თუმანიშვილს, დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფილმში გადაიღეს, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ჯეროვნად მაინც ვერ შეაფასეს ამ მსახიობის შესაძლებლობები... ჰოდა, ეროსი მივიდა თეატრში, რომელიც კინოსა და სცენური ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებების თავისებურ სინთეზზე აიგო. პატარა დარბაზში, სპექტაკლში “ესმერალდა”, განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მისი პლასტიკური ნიჭი და მისი ხავერდოვანი ბარიტონიც უკეთ ჟღერდა – მას აქ ყვირილი არ სჭირდებოდა, იგი მისთვის დამახასიათებელი რბილი ხმით ესაუბრებოდა მაყურებელს, ისე როგორც ტელესპექტაკლში “კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა” – 70-იანი წლების “უძრავ ეპოქაში” სიცოცხლის სხივი რომ მოიტანა, კომუნისტების მიერ დამკვიდრებულ ყალბ და ხელოვნურ თანასწორობას რომ დაუპირისპირდა. სწორედ ამ სპექტაკლის ნაწვეტით გვინდა დავასრულოთ გადაცემა, რომელიც ეროსი მანჯგალაძის 80 წლის იუბილეს მივუძღვენით.

[ხმა - “კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა”]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG