Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი მოსაწვევის ისტორია


უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლაზე ეპატიჟებიან. ჯორჯ ბუშის მიმართვა და

კონცერტი ათ მაისს დილის 10 საათიდან უნდა დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, სატელევიზიო კლიპებსა და თბილისის ქუჩებში გამოფენილ აბრებზე სწორედ ეს დროა მითითებული. ხელისუფლებამ მოსახლეობას დაურიგა საგანგებოდ გამოცემული გაზეთებიც, რომლის ბოლო გვერდზე სამი ადამიანისთვის განკუთვნილი თითო მოსაწვევია დაბეჭდილი. მე შევეცადე დამედგინა, რამდენი კაცია მიწვეული პრეზიდენტ ბუშის მიმართვის მოსასმენად და რამდენად რეალური ძალა ექნება მოსაწვევებს:

[ქუჩის ხმაური და ხალხის ხმა. ამბობენ, რომ სპეციალური გაზეთები არ მიუღიათ, მაგრამ თავისუფლების მოედანზე მაინც წავლენ]

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგას, ალექსანდრე ელისაშვილს, თბილისის ქუჩებში, ძირითადად, ის ადამიანები ესაუბრებოდნენ, რომლებსაც საგანგებოდ ჯორჯ ბუშის ვიზიტისთვის გამოცემული გაზეთი ,,ჩვენი საქართველო” არ მიუღიათ, ვერ ვიტყვი, რომ მათი რაოდენობა, ვისაც გაზეთები დაურიგეს, მცირეა. თუმცა ზუსტად რამდენი ,,ჩვენი საქართველო” დაიბეჭდა, არავინ იცის. სპეციალური გაზეთებით მოქალაქეთა ინფორმირების იდეა საქართველოს პრეზიდენტს ჯერ კიდევ ზამთარში გაუჩნდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ყველა ოჯახში უნდა შევიდეს საინფორმაციო გაზეთი, სადაც განმარტებული იქნება, რა არის გეგმა, საიდან მოვდივართ, რა არის გასაკეთებელი და რას ვაპირებთ, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ.” (სტილი დაცულია)

მაშინ მიხეილ სააკაშვილი ენერგოსექტორში არსებულ რთულ ვითარებას გულისხმობდა. მას შემდეგ კი, რაც თბილისში ჩამოსვლა ჯორჯ
ბუშმა გადაწყვიტა, სპეციალური გაზეთის გამოცემის იდეა ხელისუფლებამ რეალობად აქცია. ამ დღეებში საგანგებოდ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისთვის დაბეჭდილი გაზეთი ,,ჩვენი საქართველო” არაერთმა მოქალაქემ მიიღო. ენერგეტიკაზე საუბარი გაზეთის ერთი გვერდის ნახევარზეა, დანარჩენი ნაწილი კი ბუშის ვიზიტის მნიშვნელობასა და ხელისუფლების საქმიანობას ეძღვნება. გაზეთის ბოლო გვერდზე ამგვარ მოწოდებას წაიკითხავთ: ,,შევხვდეთ ამერიკის პრეზიდენტს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება!” ამ მოწოდებას მოჰყვება მოსაწვევი, რომელიც გაზეთის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ამოჭრას და კიდევ ორ ადამიანთან ერთად 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის გამოსვლას და კონცერტს დაესწროს. რამდენად რეალური ძალა ექნება გაზეთიდან ამოჭრილ მოსაწვევებს, ამის გარკვევას მმართველი პარტიის პრეს-მდივან თემურ გრიგალაშვილთან შევეცადეთ:

[თემურ გრიგალაშვილის ხმა] ,,რახან იგივე ბილბორდებიდანაც, ტელევიზიიდანაც ხალხს იწვევენ, რომ მობრძანდით და შეხვდით, აქედან გამომდინარე, მოსაწვევსაც იგივე ძალა აქვს. ხალხი მოვა, შემოვა და არა მგონია, პრობლემა იყოს. პრობლემა რომ ყოფილიყო, არც ბილბორდები გაკეთდებოდა და არც ტელევიზიით კლიპები არ იქნებოდა.ლოგიკურად ესე არის, მაშინ არ ჩადებდნენ ამ მოსაწვევს.” (სტილი დაცულია)

დაბეჭდილი გაზეთებისა და, შესაბამისად, მოსაწვევების რაოდენობა თემურ გრიგალაშვილმა ვერ დაგვიკონკრეტა, თუმცა გვითხრა, რომ გაზეთები საქართველოს რეგიონებშიც დარიგდა. ამბობენ, რომ თავისუფლების მოედანთან მისვლას შეძლებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხელისუფლება არა მხოლოდ საგაზეთო მოსაწვევებით, არამედ ბილბორდებითა და სატელევიზიო კლიპებითაც ეპატიჟება:

[სატელევიზიო კლიპის ხმა] ,,10 მაისს თავისუფლების მოედანზე დილის 9 საათიდან დავხვდეთ ამერიკის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს.” (სტილი დაცულია)

აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის კონკრეტული პროგრამის შინაარსი პრაქტიკულად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ზოგადი დეტალები, მაგალითად, ის, რომ ჯორჯ ბუში ბრიფინგს პარლამენტში გამართავს და ფრაქციების ლიდერებს შეხვდება. ამბობენ, რომ პირველ კონცერტს ბუში ჯერ კიდევ 9 მაისს საღამოს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დაესწრება. რაც შეეხება ათი მაისის კონცერტს და თავისუფლების მოედნიდან აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვას, ის, შესაძლოა, დაგეგმილზე გვიან დაიწყოს. თუმცა სხვადასხვა საშუალებებით მიწვეული მოქალაქეები, პრეზიდენტ ბუშის უსაფრთხოების მოტივით, დილის 9 საათზე უკვე ადგილზე უნდა იყვნენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG