Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითი გაგრაში ისვენებს და სერგეი ბაღაფშთან ერთობლივი მოქმედების გეგმას ათანხმებს


სამშაბათს გაგრაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პრეზიდენტების მოლაპარაკება გაიმართა.

სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის შეხვედრას სოხუმის დე ფაქტო მთავრობა ოფიციალურს უწოდებს და განმარტავს, რომ ამ მოლაპარაკებამდე სამი დღით ადრე სპეციალური სამუშაო თათბირი გაიმართა. ბაღაფშმა და კოკოითიმ რამდენიმე საკითხზე - მათ შორის, კონფლიქტების პრობლემაზე - იმსჯელეს და კოორდინირებული მოქმედების გეგმა დასახეს.
გეგმის დეტალებს სოხუმი არ აკონკრეტებს და, ედუარდ კოკოითის შემდეგ, მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო ლიდერების დასახვედრად ემზადება.
მინდა კოკოითისა და ბაღაფშის უკვე შემდგარ სტუმარმასპინძლობაზე მოგითხროთ.

აფხაზეთში მოქმედი ტურისტული სააგენტოები სიამაყით აცხადებენ, რომ აგვისტოს პრაქტიკულად ყველა საგზური უკვე გაყიდეს და ტურისტების სიმრავლეს იმით ხსნიან, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში აფხაზეთის კურორტები ყველაზე იაფია. ამჟამად ოჯახთან ერთად გაგრაში ისვენებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერიც, თუმცა ედუარდ კოკოითი არა ტურისტი, არამედ სერგეი ბაღაფშის პირადი სტუმარია. გასული კვირის ბოლოს ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტებმა გაგრაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სამშაბათს კი - როგორც ბაღაფშის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ - ოფიციალური მოლაპარაკება. მისი კონკრეტული დეტალები უცნობია. ზოგადი ინფორმაციის მიხედვით, ბაღაფშმა და კოკოითიმ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებულ ვითარებაზე, საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და კონფლიქტების მოგვარების პროცესზე იმსჯელეს. აფხაზური და რუსული სააგენტოების ცნობით, სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები მუდმივ კონსულტაციებზე, ინფორმაციის გაცვლასა და კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკების კოორდინირებული მოქმედების იდეა ახალი არ არის და მისი ავტორი სერგეი ბაღაფშია, რომელმაც მსგავსი ინიციატივა ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დაძაბვისას გამოთქვა:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] "შეშფოთებას იწვევს სიტუაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის გარშემო შეიქმნა. თუკი, ღმერთმა არ ქნას, იქ რაღაც ძალისმიერი მეთოდით გადაწყდება, შემდეგი, ალბათ, სხვა რესპუბლიკები იქნება. ამიტომ ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ. უნდა შევიმუშაოთ ნორმალური სამშვიდობო მოლაპარაკების ტაქტიკა, რათა კვლავ არ განმეორდეს ის, რაც 10-12 წლის წინ იყო."

12 წლის წინანდელ მოვლენებზე მსჯელობისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული გეგმის პრეზენტაციის მიზნით, ივნისის ბოლოს ჩაქვში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან. გასულ კვირას თბილისში აფხაზური დელეგაციის მონაწილეობის გარეშე დასრულდა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაეროს ეგიდით გამართული მოლაპარაკებაც. პირადად ბაღაფშისა და კოკოითის ბოლო შეხვედრის ფაქტი თბილისში არავის უკვირს, მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მათი მოლაპარაკების მასპინძელი მოსკოვიც არაერთხელ ყოფილა. სეპარატისტული რეჟიმების იზოლირება, საერთაშორისო სამართლის ნორმების აქტიური გამოყენებით, აუცილებლად მიაჩნია აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს გია გვაზავას:

[გია გვაზავას ხმა] "რას მოგვცემს ამის დაყენება - ამ საკითხის - საერთაშორისო სამართლის წინაშე, ჰააგა და ა.შ?! მარტივია ყველაფერი, არძინბას რეჟიმის იზოლაციას მოგვცემს. არძინბა მოსკოვის გავლით თავის ჯანმრთელობას იკაჟებს ისრაელში. რატომ არ უნდა თქვას საქართველომ, ისრაელის მიმართ ნოტა არ გამოთქვას პროტესტის?! ვთქვათ სიმართლე, ორივე მხარეს ვთქვათ. ჩვენ ვართ დამნაშავე? - მოვინანიოთ. მაგრამ, ვინც დამნაშავეა, იმასაც ვუთხრათ." (სტილი დაცულია)

ამ დღეებში ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ხელისუფლება ამ ორგანიზაციას სოხუმისადმი მოთხოვნებისა და ტონის გამკაცრებას მოსთხოვს. მანამდე კი გაგრაში ბაღაფშმა და კოკოითიმ ხელი მოაწერეს კომუნიკეს და ეკონომიკისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს. მხოლოდ სოხუმსა და ცხინვალში აღიარებულ ამ დოკუმენტს უახლოეს ხანში, შესაძლოა, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიც შეუერთდნენ. ევროსაბჭოს ვარშავის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ,,ევროპის შავ ლაქებად” გამოცხადებული დე ფაქტო ქვეყნების ლიდერები არც სამხედრო კავშირის შექმნას გამორიცხავენ და აფხაზეთში შეკრებას აგვისტოში გეგმავენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG